რეზონანსი
26.03.2019

 „ქართულ ოცნებას" ყველაფერი უნდა ექნა იმისათვის, რომ თავის ამომრჩევლებში არ გაეჩინა ეჭვი „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობაზე", - ასეთ კომენტარს აკეთებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მარნეულის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ კანდიდატ ზაურ დარგალზე, რომელიც ადრე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი იყო.

საყვარელიძისავე აზრით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული გამოცდილებით, „ქართულ ოცნებას" ეს ფაქტი აღარ უნდა დაეშვა, რადგან ამდაგვარი ნაბიჯების გამო პირველივე ტურში „ოცნების" მხარდამჭერების 50 % ზუსტად იმიტომ არ მივიდა არჩევნებზე, რომ „ოცნების" მიერ „ნაცმოძღაობასთან" გარიგებაზე ჰქონდა ეჭვი.

„არ მგონია, რომ ეს ყველაფერი მათ რეიტინგზე კარგად აისახოს. პრაქტიკულად, მაგდაგვარი ნაბიჯების გამო, პრეზიდენტის არჩევნების პირველივე ტურზე „ოცნების" მხარდამჭერების 50 % არ მივიდა იმიტომ, რომ ამ ყველაფერს „ ნაციონალურობა" გასდევდა მოტივად და ეს პოლიტიკა გრძელდება", - აცხადებს საყვარელიძე

პოლიტოლოგის აზრით, მარნეულში მერობის არჩევნების შედეგების წინასწარ პროგნოზირება ამ შემთხვევაში ცოტა ძნელი იქნება, რადგან ახლა ეს უკვე კანდიდატების რესურსებზე იქნება დამოკიდებული და არა პარტიებზე.

მარნეულის მერობის „ქართული ოცნების" კანდიდატი ზაურ დარგალი ამჯერად ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეა.

თამთა ჩაჩანიძე

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×