როგორ ვაიძულოთ მოსკოვი, რომ 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებულ ქართველებს დაკისრებული კომპენსაციები გადაუხადოს
ელზა პაპოშვილი
26.03.2019

 ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთიდან დეპორტირებული ქართველების საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და რუსეთის ფედერაციას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის 10 ათასიდან 15 ათასს ევრომდე კომპენსაციის გადახდა დააკისრა.სარჩელი სათაურით „ბერძენიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში 2007 წელს მიიღო. 

2016 წლის დეკემბერში კი ევროსასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთში, 2006 წლის შემოდგომაზე, მოსარჩელე ქართველები დაუქვემდებარეს დაკავების, დაპატიმრებისა და ქვეყნიდან გაძევების პრაქტიკას, რითიც კონვენციის რამდენიმე მუხლი დაირღვა. გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილია დაზარალებულთა გვარები და კომპენსაციის თანხაც. 

რუსეთიდან დეპორტირებული ქართველების საქმეზე ევროსასამართლომ გადაწყვეტილება იანვარშიც გამოიტანა და რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა, რომელიც 1500 დაზარალებულზე უნდა გადანაწილდეს.  

„ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება არა მხოლოდ საქართველოს ინტერესებში შედის, არამედ ევროპის საბჭოს პრესტიჟს წარმოადგენს“, – ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.  

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ყველა რესურსს გამოიყენებს, რომ დროულად აღსრულდეს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება.

„დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილება ძალაში სამ თვეში შევა და რუსეთს ამ სამი თვის შემდეგ ექნება კონკრეტულად ამ მოქალაქეებთან მიმართებით თანხის ჩარიცხვის ვალდებულება“, – განმარტა ბექა ძამაშვილმა. 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალური სარჩელი დააკმაყოფილა, საქართველოს გამარჯვებაა. მისი თქმით, ამ საკითხს მხოლოდ სამართლებრივი გამოხატულება არ აქვს და ის სიმბოლურიცაა.

„ეს საკითხი სამართლებრივ ველზე პატარა საქართველოს გამარჯვების თემაა. ვფიქრობ, ამას მხოლოდ კონკრეტული სამართლებრივი გამოხატულება არ აქვს. ეს სიმბოლურიცაა, რადგან  უნდა იყო მართალი და სწორ პოზიციაზე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქართველოს პოზიციები ჰააგის სასამართლოშიც ძლიერია.

„ვფიქრობ, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოშიც საქართველოს პოზიციები საკმაოდ ძლიერია. პოლიტიკური ბრძოლის რესურსი ქვეყანას გააჩნია. მნიშვნელოვანწილად, ეს დღევანდელი ხელისუფლების და შესაბამისი სტრუქტურების, თუნდაც იუსტიციის სამინისტროს დამსახურებაა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

იუსტიცის მინისტრის ყოფილი მოადგილე თინა ბურჯალიანი კი „რეზონანსთან“ საუბარში აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციიდან დეპორტირებულების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მთავარი გამოწვევაა, რუსეთი აიძულოს, კომპენსაცია გადაიხადოს. 

მისი განცხადებით, რუსეთის მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების სტატისტიკა ძალიან ცუდია. ბურჯალიანი ვარაუდობს, რომ რუსეთი ამ კომპესაცია მარტივად საკუთარი ნებით არ გადაიხდის, ამიტომაც ამისთვის ქართულმა მხარემ ძალიან ბევრი უნდა იმუშავოს. 

„ამ გადაწყვეტილების აღსრულება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით მოხდება. სამართლებრივი ბერკეტები მცირეა დარჩენილი და ახლა მოხდება დიპლომატიური და პოლიტიკური ბერკეტების გამოყენება. ჩვენი ხელისუფლების იმედი მაქვს, რომ ამ ბერკეტებს გამოიყენებს, რათა რუსეთი აიძულოს, რომ ეს კომპესაცია გადაიხადოს. ბუნებრივია, ეს თანხა სრულად ვარანაირად ვერ მოახდენს მათ მიერ მიღებული ზიანის კომპენსირებას, მაგრამ სიმბოლური და პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება.

„ამის აღსრულებას  დიდი დრო დასჭირდა, თუმცა დღეს სტრასბურგის სასამართლოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა ევროსასამართლოს დიდმა პალატამ. რუსეთი არ თანამშრომლობდა სასამართლოსთან იმ ინფორმაციის მიწოდების კუთხით, რომელიც მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ხელთ იყო, მათ შორის ყველა იმ პირის შესახებ, ვინც იძულებული გახდა, რომ 2006 წელს რუსეთის ფედერაცია დაეტოვებინა“, - განაცხადა ბურჯალიანმა „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×