სუპერმარკეტებში შესვლის, თითოეული შტრიხკოდის დარეგისტირებისა და "ქეშ ბექის" გადასახადი, მიმდინარე დიდი დავალიანება, რომელთა ამოღებაც მუდამ საფრთხის ქვეშ დგას და სხვა მრავალი - ეს სადისტრიბუციო კომპანიების სავაჭრო ქსელების მიმართ დაგროვილი პრეტენზიებია. დისტრიბუტორები ამბობენ, რომ სექტორი სუპერმარკეტების მძევლობაშია და სასწრაფოდ საჭიროა საკანონმდებლო რეგულირება.
წლის დასაწყისში პირდაპირ ითქვა, რომ სავაჭრო ქსელების პოლიტიკა მეწარმეებისა და სადისტრიბუციო კომპანიებისათვის მიუღებელია. მაშინ, პურის მწარმოებლები და დისტრიბუტორები აპროტესტებდნენ საცალო ბიზნესის მიერ შემუშავებულ ოპერირების წესებს, შესვლის, შტრიხკოდისა და "ქეშ ბექის" გადასახადს. ეს პრობლემას უქმნის თითქმის ყველა სადისტრიბუციო კომპანიას. "რეზონანსის" კითხვებს, თუ რა მდგომარეობაა ბაზარზე და რა შეიძლება იყოს გამოსავალი, დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელი ივა ჭყონია პასუხობს.
"რეზონანსი": წლის დასაწყისში აქტიურად განიხილებოდა "ქეშ ბექის" 12%, რომლის გადახდაც კომპანიებს უწევთ სუპერმარკეტების ქსელებისათვის. არის თუ არა ეს მთავარი პრობლემა და კიდევ რა სირთულეებს აწყდება სადისტრიბუციო სექტორი?
ივა ჭყონია: "ქეშ ბექისა" და ამ 12 პროცენტის თემა არ არის ახალი, პრობლემა გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ ეს გადასახადი, რაც მხოლოდ ჩვენთან არ არის და მარკეტინგულად დამკვიდრებულია. ეს თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მეპურეებმა გამოთქვეს პრეტენზია. რეალურად, პური ისეთი რამაა, მით უფრო ჩვენნაირ ქვეყანაში, რომ 1% გაძვირებაც კი მტკივნეულად აისახება მოსახლეობაზე. ყველას გვახსოვს, ბოლოს 5 თეთრით ფასის ზრდა როგორ განიცადა საზოგადოებამ.
პრობლემაა იმავე მარკეტებში შესვლის გადასახადი, თითოეულ ახალ დარეგისტირიებულ შტრიხკოდზე დამატებითი გადასახადი. ნათლად ჩანს, თუ როგორ იზრდება როგორც სუპერმარკეტების, ასევე ზოგადად ქსელების ოდენობა ქვეყნაში და სწორედ ამ დროს დადგა საკითხი, რომ ისინი გვკარნახობენ თამაშის წესებს, რასაც სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს.
"რ": რა არის მთავარი რისკი სადისტრიბუციო კომპანიისათვის, როცა ის ახალ ქსელში შედის?
ი.ჭ: უფრო საფრთხილო ის არის, რომ სუპერმაკეტებში ათობით მილიონი ლარის პროდუქცია გვაქვს შეტანილი, თანხა გაჩერებულია და ამ დროს მათ არავითარი ქონება არ აქვთ უზრუნველყოფის კუთხით ჩადებული. არაერთი მაგალითია, თუ როგორ აზარალებენ იმპორტიორებს.
2 წლის წინ ქვეყნიდან გავიდა 2 კომპანია, რომლებსაც ოფშორში ჰქონდათ ფირმა რეგისტირებული, ერთ-ერთი იყო "ფურშეტი". მათ ეს ჩატოვებული თანხები თან გაიყოლეს. "ფურშეტის" შემთხვევაში ეს იყო 16 მილიონი ლარი. რისკი ძალიან მაღალია, რომ ხვალ, ქსელის არასწორი მენეჯმენტის ან სხვა ნებისმიერი მიზეზის გამო, რომელიმეს პრობლემა შეექმნას და ამით ჩვენი თანხები საფრთხის ქვეშ დგება. წლიდან წლამდე სიტუაცია რთულდება.
მოდით, განვიხილოთ ასეთი ვითარება. დღეს, მაგალითად, ქვეყანაში 100 სუპერმარკეტს გადავუახადე თითოეულს შესვლისათვის პირობითად 50 000 ლარი, შტრიხკოდების რეგისტრაციისათვის, მომავალ წელს კი გთავაზობს ისეთ კაბალურ პირობებს, გეუბნება, თუ არ მომიწერ ხელს, მაშინ ქსელიდან უნდა გაგიშვაო. სანაცვლოდ ვერ იღებ შენი გადახდილი თანხის კომპენსაცის და თუ კვლავ შეთანხმდებით დაბრუნებაზე, შენ ისევ ყველა გადასახადის თავიდან გადახდა გიწევს.
ამ მავნე პრაქტიკის დასრულება გვინდა, რადგან პრაქტიკულად მძევლები გავხდით. იმდენად დიდია კონკურენცია ჩვენს სფეროში, ანალოგი პროდუქტი იმდენად ბევრია, რომ დიდი ჭიდაობა გვიწევს და ამ კაბალურ პირობებზე ვთანხმდებით.
"რ": გასაგებია, რომ ეს არის კომერციული საიდუმლო, თუმცა მაინც გკითხავთ, დაახლოებით რამდენია შესვლისა და თითოული შტრიხკოდისათვის კომპანიის გადასახდელი თანხა?
ი.ჭ: ყველაზე მინიმალური ერთი შტრიხკოდის რეგისტრაციისათვის 20 ლარია. წარმოიდგინეთ, თითოეულ სახეობაზე ეს თანხა ჯამურად. ამას პლუს შესვლის გადასახადი, რომელიც 500 ლარით იწყება და 15-20 ათასსაც აღწევს. ყველაზე მაღალი ფასი განსაკუთრებით "კარფურშია", რომელიც ურთულესი მოთამაშეა თავისი მადით. იგი დემპინგური ფასებით დღგ-ისაგან გათავისუფლებული შემოვიდა ბაზარზე. იმდენად დომინირებულ პოზიციაში არიან, რომ უდიდეს კომპანიებსაც უარს ეუბნებიან, თუკი ისინი მათ საოცარ პირობებს არ დათანხმდებიან.
დაახლოებით იცით, როგორ დღეში ვართ? ბანკმა რომ გამოგიყოთ ბიზნესსესხი ყოველგვარი გარანტიის, თავდების გარეშე - თუ გამოვა, გამოვა, არადა, ვერაფერი მოგთხოვოთ. როცა პრობლემა ექმნება სუპერმარკეტს, დღევანდელი მდგომარეობით ისეა, რომ სადისტრიბუციო კომპანიების თანხის ანაზღაურება ბოლო რიგის ამოცანაა.
"გუდვილს", რომელიც გაკოტრების კი არა, რეაბილიტაციის გზით წავიდა, პირველი უნდა დაეკმაყოფილებინა სახელმწიფო, შემდეგ - უზრუნველყოფილი კრედიტორი, შემდეგ - ისევ სახელმწიფოს სხვა სტრუქტურა და ა.შ. შედეგად, 2013 წელს დაწერილი რეაბილიტაციის გეგმის მიუხედავად, სადისტრიბუციო კომპანიებმა თანხა მხოლოდ 2018-ში მიიღეს, რადგან ისინი არიან არაუზრუნველყოფილი კრედიტორები. ამ ხუთი წლის განმავლობაში არაერთი კომპანია, უბრალოდ, გაქრა.
"რ": სად ხედავთ გამოსავალს და ასოციაცია ვისთან თანამშრომლობს უკეთესი და უფრო სამართლიანი თამაშის წესების დასამკვიდრებლად?
ი.ჭ: დღესაც ვიმუშავეთ საკანონმდებლო ორგანოსთან ამ სფეროს რეგულაციებისა და სამართლიანი თამაშის წესების კონკურენციის სააგენტოსთან ერთად და იმავე "რითეილ" სექტორის წამომადგენლებთან ერთად, ორივე მხარის უფლებების დაცვით, უნდა შემუშავდეს კანონი, რომელიც დააბალანსებს მდგომარეობას. ჩაგრულის პოზიციაში დღეს სადისტრიბუციო კომპანიები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესომბუდსმენის მოვალეობა ორ ბიზნესსუბიექტს შორის ურთიერთობის დარეგულირება არ არის, ჩვენ ვთანამშრომლობთ მასთანაც.
ჩვენი ასოციაცია არის ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრი და ყველა შეხვედრაზე ჩვენ ვაყენებთ ამ საკითხებს. დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოსათვის ძალაში შევა კანონი, რომლითაც ეს მავნე პრაქტიკა აღმოიფხვრება, ვგულისხმობ, შესვლის, შტრიხკოდისა და სხვა გადასახადებს. ასევე ქართულ პროდუქციაზეც დაწესდება შეღავათები. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ის ათობით კომპნია, რომლებიც დღეს სადისტრიბუციო სფეროშია, იყოს დაცული.