„იცლება რაიონები და იცვლება რაიონებში დაბერების მაჩვენებელი. ამ ხალხში კიდევ არის ისეთი მენტალიტეტი, რომლის მიხედვითაც, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს ჯერ ვერ ეწყობიან და მომხმარებელი საზოგადობაა.
"დაჩვეული იყვნენ, რომ სახელმწიფოს უნდა შეეთავაზებინა სამსახური. დღეს კი ეს არ ხდება, რადგან სახელმწიფო უკვე საბაზრო ეკონომიკაა და უკვე ყველა ცდილობს საბაზრო პრინციპზე მორგებას," - საქართველოს რეგიონებში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებაზე „რეზონანსი" დემოგრაფ ავთო სულაბერიძეს ესაუბრა.
შიდა თუ გარე მასობრივი მიგრაციის გამო საქართველო დემოგრაფიული კატასროფის რეალური საფრთხის წინაშე დგას. რეგიონებიდან დედაქალაქში მოსახლეობის მასობრივი მოდინება საბოლოოდ რეგიონების დაცარიელებასა და თბილისისთვის კი გაუსაძლის მდგომარეობას შექმნას გულისხმობს.
სულაბერიძის განცხადებით, მიზეზი ეკონომიკური და ფინანსური პრობლემებია. მისი თქმით, მოსახლეობა სწორედ დასაქმების პრესპექტივით იცვლის საცხოვრებელს.
„სახელმწიფო ვერ უწყობს ხელს რაიონებში მეწარმეობის განვითარებას. სწორედ ეს პრობლემაა და ამის გამო მოდიან აქეთ. შეთავაზებულ სამუშაოზე, მშენებლობები თუ ცალკეული სამუშაოები, - სწორედ იქ ეწყობიან და მუშაობენ.
„თავისას არ ხსნიან; ისინი არიან მომხმარებლები, რომელთაც უკვე სახელმწიფო კი არ სთავაზობს, არამედ კერძო პირები, რომლებიც თბილისში არიან. არის კიდევ ტრანსპორტი, რომელიც ჩვენთან მუშაობს. ამასთანავე, სოფლის მეურნეობის ადგილზე სეზონური სამუშაოები. საკმაოდ დიდი მასაა გასული თურქეთში, სეზონურად ან ყოველ დღე გამსვლელ-მომსვლელი," - აღნიშნა მან.
მისი აზრით, როდესაც მოსახლეობას დედაქალაქში შემოთავაზებული სამსახური ვერ დააკმაყოფილებს, იგი სხვა გზას მოძებნის და უცხოეთში გადავა სამუშაოდ, რაც მომავალში საკმაოდ სერიოზულ დემოგრაფიულ პრობლემას შექმნის.
„მომავალში, როდესაც ვერ დააკმაყოფილებს სამსახური, შეიძლება უცხოეთში გადავიდეს, უვიზო რეჟიმი გამოიყენოს და იქ არალეგალად იცხოვროს.
„საუკუნე არ სჭირდება ამას, 5-6 წელიწადი. ჩვენ შევისწავლეთ სტუდენტთა მიგრაციული პოტენციალი, - 48% აპირებს უცხოეთში წასვლას სწავლისა და დასაქმების მიზნით. ეს სტუდენტთა მასა ჩვენთან დაახლოებით 100 ათასია. 48% არის 48 ათასი სტუდენტი, რომელიც უახლოეს 3-5 წელიწადში გავა," - აცხადებს სულაბერიძე.
დემოგრაფი აღნიშნავს, რომ საქართველოში 2020 წლისათვის შობადობას მოკვდაობა გადააჭარბებს. ამის მიზეზად იგი ქორწინებისა და შობადობის კლებას ასახელებს.
„ქორწინებისა და შობადობის გადავადება მძიმე პირობების გამო ხდება. 2020 წლისთვის ველოდებით, რომ შობადობას მოკვდაობა გადააჭარბებს იმის გამო, რომ დაბერებული მოსახლეობაა.
"უცხოეთში გასულია რეპროდუქციული მოსახლეობა და უკვე ემჩნევა კიდევაც, რომ შობადობა მცირდება. როდემდე გასტანს ეს ყველაფერი, არ ვიცი. აშკარადაა გაზრდილი გადავადებული შობადობა. ეს საერთო ჯამში, დემოგრაფიულ სიტუაციაზე ცუდად მოქმედებს," - განაცხადა ავთო სულაბერიძემ.