(რეზონანსი) ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილი იყო, ეკა ბესელია 2016 წელს საარჩევნო სიაში არ ჩაესვათ. „ვადასტურებ, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი აძლევდა რეკომენდაციას კონკრეტულ პირებს, მაშინდელ ხელმძღვანელობას, ეკა ბესელია არ ყოფილიყო სიაში", - აღნიშნა სოფო კილაძემ.
შეგახსენებთ, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გუშინ განაცხადა, რომ სატელეფონო გზავნილში, რომელიც შემთხვევით ეკა ბესელიამ მიიღო, ეწერა, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი პარტიის ხელმძღვანელს ურჩევდა, ეკა ბესელია სიაში საერთოდ არ მოხვედრილიყო. მამუკა მდინარაძის თქმით, მოკლე ტექსტური შეტყობინება ინფორმაციული ხასიათის იყო. მანამდე დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მამუკა მდინარაძემ მისი სალანძღავი ტექსტი შემთხვევით მასვე გაუგზავნა.