სისხლიანი გარჩევა დიდ დიღომში-წუხელ პეტრიწის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში დაახლოებით 20-მდე ახალგაზრდა ჩხუბობდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ჩხუბი ღამის 10 საათისკენ პეტრიწის 4 ნომერში დაიწყო და 18 წლის ახალგაზრდის დაჭრით დასრულდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსუბუქად დაჭრილებიც არიან, რომლებიც ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა ეს ოფიციალურად არ დასტურდება.
„რეზონანსი“ ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრა, რომლებსაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზის დასახელება უჭირთ, თუმცა გარკვეულ ვერსიებზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, თავდაპირველად დაპირისპირება რამდენიმე მამაკაცს შორის დაიწყო და გარჩევა პირადი ურთიერთობების გარკვევას და გოგოს ეხებოდა.
მათი ჩხუბის მიხედვით, საუბარი ქალს შეეხებოდა და სავარაუდოდ, ეს ეჭვიანობის ფაქტი უნდა ყოფილიყო. კამათის შემდეგ კი, თვითმხილველები ამბობენ, რომ მოჩხუბარმა ახალგაზრდებმა კორპუსების უკან გადაინაცველს და მათ სხვებიც შეემატათ. ქუჩის მცხოვრებლებს უჭირთ სააუბარი არიან თუ არა ყველანი ადგილობრივი მცხოვრებლები, თუმცა დაჭრილი სავარაუდოდ, იმ უბნის მცხოვრები არ არის, რადგანაც ის ვერ იცნეს.
დიდ დიღომში სისხლიანი გარჩევის შედეგად დაშავებული ბიჭი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში მრავალჯერადი დაზიანებებით მიიყვანა.
„ჩხუბის ხმა ასე 10-ის წუთებზე გავიგეთ. ჯერ კორპუსის წინ ეზოში ჩხუბობდნენ და რომ გადმოვიხედე ბევრნი არ იყვნენ და რაღაცაზე კამათობდნენ. ჩხუბი როგორც ასეთი არ იყო. ამის შემდეგ კორპუსის უკანა ეზოში წასულან და იქ როგორც ჩანს, მეგობრებს დაურეკეს და 20 კაცი მოსულა. ამის შემდეგ კი ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. ვინ ვის ურტყამდა და რა ხდებოდა ვერ გაიგებდით.
ამბობენ, რომ ერთის გარდა კიდევ სხვებიც არიან დაჭრილები, მაგრამ მსუბუქად და ადგილიდან მიიმალნენ. ეს ერთი ზურგში ძალიან იყო დაჭრილი. ადგილობრივები ჩავერიეთ და ისე გავაშველეთ. გავეშებულები იყვნენ, ამბობენ ჩხუბი გოგოს გამო მოხდაო, ზუსტად არავინ არაფერი იცის. რაღაც ეჭვიანობის ფაქტია. დაჭრილი მერე აქვე სადარბაზოში დავაწვინეთ და პოლიცია და სასწრაფოც მალევე მოვიდა. სისხლად იცლებოდა ნამდვილად ღრმა ჭრილობა ჰქონდა. აქ მცხოვრები არ იყო, ვერ ვიცანით“,-ყვება თვითმხილველი გ.ნ „რეზონანსთან“
დიდ დიღომში სისხლიანი გარჩევის შედეგად დაშავებულ 18 წლის ბიჭს ოპერაცია ჩაუტარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩადუნელი ადასტურებს. ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა გუშინდელი ღამის შემდეგ გაუმჯობესდა. თუმცა გაწერაზე საუბარი ამ ეტაპზე ადრეა.
,,პაციენტი ღამის საათებში მივიღეთ. მას ნაკვეთი ჭრილობა ტორსის უკანა ზედაპირზე ჰქონდა. მას სათანადო ოპერცია ჩაუტარდა. პაციენტი ამჟამად კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და ინტესიური თერაპია უტარდება. მდგომარეობა ამჟამად გაუმჯობესებულია", - განაცხადა ექიმმა.
შინაგან საქმე სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.