თამარ შუკვანი
27.03.2019

 „თუკი ბავშვს 6 წელი არ აქვს შესრულებული, ის 6 წლამდე ჯერ კიდევ ბაღში უნდა იყოს. ბავშვს ბაღმა უნდა მისცეს უფრო მეტი და რა თქმა უნდა, ოჯახმა. პირველი და მეორე კლასები - ბაღიდან სკოლაზე რბილი გადასვლა უნდა იყოს.

"თუკი 15 დღე ან ერთი თვე აქვს დარჩენილი 6 წლამდე, ალბათ შესაძლებელია თვენახევარიც, როგორც გამონაკლისებს ადრეც უშვებდნენ, თუმცა კანონში ვერ ჩაიწერება," - პირველკლასელთა ასაკობრივი ცენზის შესახებ, მის დადებით და უარყოფით თვისებებთან დაკავშირებით, „რეზონანსს" პავიას უნივერსიტეტის პროფესორი სოლომონ ნერგაძე ესაუბრა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 402 მოქალაქის მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული. რამდენიმე დღის წინ საკანონმდებლო ორგანოში პეტიცია შევიდა, რომლის მიხედვითაც, 402 მოქალაქე იმ ბავშვების პირველ კლასში მიღებას მოითხოვს, რომელთაც 6 წელი პირველ იანვრამდე შეუსრულდებათ. 2018-2019 წლის სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა ასაკობრივი ცენზის გადახედვა არ იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესიუსი" ავრცელებს.

ამჟამად მოქმედი რეგულაციის თანამხად, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს შეესაბამება, - სწავლის დაწყებისთვის 6 წელი უკვე შესრულებული აქვთ.

„რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, 6 წლის შესრულებამდე ბავშვი ფიზიოლოგირად თუ არის მზად სწავლის დაწყებისთვის?

სოლომონ ნეგაძე: როდესაც არ არის მკაცრად განსაზღვრული, მშობლების დოღი იწყება, - იქ უნდა შეიყვანოს, ამას არ დააცილოს... უნდა მივეჩვიოთ კანონს.

დაწყებითი კლასები, - პირველი, მეორე და მესამე, ეს არ არის ბავშვის სწავლების პროცესი, ეს სწავლაა თამაშ-თამაშით. ბავშვები უამრავ კარგ რამეს ისწავლიან თამაშით. ვიცი მასწავლებლები, რომლებიც მათემატიკას თამაშით ასწავლიან.

ერთი თვის, ან თვენახევრის გამო, რატომ უნდა იცადოს, მაგრამ, არ ვთვლი, რომ წელი იკარგება. თუ ჩვენ ქართულ მენტალიტეტს გამოვრიცხავთ, - კუდაბზიკობას, შეჯიბრებითობას, - მაშინ შევუდგეთ მხოლოდ ბავშვის აღზრდა-განათლების საკითხს.

აქაურ წესს რაც შეეხება, იტალიაში ასეთი წესია: ბავშვი სკოლაში შეჰყავთ ექვსი წლის, ან ვისაც ექვსი წელი უსრულდება შეყვანის წლის 31 დეკემბრამდე (სწავლა 12 სექტემბერს იწყება). 31 დეკემბრამდე დაბადებულთათვის, მკაცრად რეკომენდირებულია. იანვარში დაბადებულების სკოლაში შეყვანის საკითხს მშობელი წყვეტს. როგორც წესი, სკოლის მასწავლებლებთან გასაუბრება-რეკომენდაციის საფუძველზე.

„რ": პირველკლასელთა ასაკობრივ ცენზს რა დადებითი და უარყოფითი თვისებები გააჩნია?

ს.ნ: კანონში უნდა ჩაიწერო, რომ სასწავლო წლის დაწყების თარიღისთვის მოსწავლეს შესრულებული აქვს ექვსი წელი, ან შესრულებამდე დარჩა ერთი თვე. თებერვალში დაბადებულის სკოლაში შეყვანა არ იქნება მართებული.

ამასთანავე, ბაღის გამორიცხვა არ შეიძლება. ბაღი, ფაქტობრივად, ეს არის მომზადება სწავლისთვის და ასევე, ბავშვი ბაღში ბევრ რამეს სწავლობს. ბაღი, ეს არის მომზადება, დაწყებითი კლასები კი გართობითა და თამაშით სწავლებაა.

ის მასწავლებლები, ვინც ჩართულნი არიან სკოლაში სწავლების პროცესში, მათი მოსაზრებები უნდა იქნას გათვალისწინებული, რადგან სკოლაში ბავშვის შეყვანა ერთ მიზანს ემსახურება, - ცოდნის მიღებას, ადამიანად ჩამოყალიბებას და არაფერს სხვას. ადამიანად ჩამოყალიბებაზე უფრო დიდი მიზანი რა უნდა იყოს? უბრალოდ, კანონის აღსრულებას უნდა მივეჩვიოთ.

ევროპაში, როდესაც კანონზეა საუბარი, თვითონ ავტომატურად გამორიცხავს-ხოლმე სისტემა რა განაცხადი უნდა გააკეთო. დავუშვათ, მითითებულია 27 მარტის 12:00 საათი. თუ 12:01 საათია, სისტემაში ვეღარ შეიტან განაცხადს. აქ ამას ყველა მიჩვეულია. გამონაკლისები, რა თქმა უნდა, ხდება.

თუ კანონი არ მოგვწონს, ალბათ, კანონის გამომშვები უნდა შევცვალოთ და ისეთი პირები მოვიყვანოთ, ვისი კანონიც მოგვეწონება. ამას პოლიტიკურ ჭრილში არ ვამბობ, განათლებასა და ბავშვებზე ვსაუბრობ.

კარგი მასწავლებლები არ გვაკლია, გვყავს, მაგრამ არ არიან იმდენი, რომ ასეთი კარგი ამინდი შექმნან, როგორიც 70-90-იან წლებში იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×