ეკატერინე ბასილაია
27.03.2019

 „ამ დეპუტატების (მამუკა მდინარაძის და სოფო კილაძის) მისამართით ვიტყვი, არ შეიძლება რომ დამშვიდნენ?! მე მოვუწოდებ მათ, რომ დამშვიდნენ რა... მე რასაც ვუყურებ, ბევრი რამ ჩემი გემოვნებისთვის, პოზიციისთვის და ადამიანობისთვის შეუფერებელია. უნდა გაჩერდნენ და დამშვიდნენ.

"ბიძინა ივანიშვილს რომ რაღაც არ სურდა, ამაზე ეს დეპუტატები ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ, ცეცხლზე ნავთი არ უნდა დაასხან... არის თემები, რომელშიც (ირაკლი კობახიძეს) ვურჩევ, რომ კარგად გაერკვეს და არის თემები, რომელშიც ეშლება. რომ არ შეშლოდა შეიძლება ამას გართულებები არ მოჰყოლოდა," - ე.წ. ახლების გუნდის მხრიდან კონფლიქტების გამწვავებაზე საუბრობს „ოცნების" დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი და მათ „აფრთხილებს" კიდეც, რომ ცეცხლზე ნავთის დასხმა, შეურაცხყოფები, შეღიტინებები, გამოწვევები შეწყდეს - „ეს არის ერთ-ერთი დეპუტატის საუბარი, რომელსაც მოთმინება აქვს, მაგრამ მოთმინება მასაც ელევა".

„რეზონანსი": გედევან ფოფხაძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი, სანამ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა, შეგხვდათ თქვენ, ქანთარიას და თავად ფოფხაძეს და გითხრათ, რომ ირაკლი კობახიძე 6 დეპუტატის გარიცხვას ითხოვდა, მათ შორის იყავით თქვენ სამიც, დაუმორჩილებლობის მიზეზით. გახსოვთ ეს შეხვედრა და რატომ ითხოვდა კობახიძე თქვენს გარიცხვას?

ზაზა პაპუაშვილი: ჩემი გარიცხვა უნდოდათ? სიმართლე გითხრათ თანმიმდევრობა კარგად არ მახსოვს... კი, შეხვედრა მახსოვს, გედისთან ერთად. მაგის მერე ძალიან ბევრჯერ ვარ შეხვედრილი და იმდენი ლაპარაკი იყო, რომ უნდა დავალაგო.

„რ": გარიცხვას თუ ითხოვდა, ეს როგორ არ გეხსომებათ?

ზ.პ: რაღაც ასე ნათლად არ მახსოვს. შეიძლება იყო და ყურადღება არ მივაქციე. აღვიდგენ.

„რ": კობახიძის მითითებებიდან რა არ შეასრულეთ, რომ თქვენი გარიცხვა უნდოდა?

ზ.პ: მითითებები? როგორ სვამთ კითხვას?

„რ": „ოცნების" წევრები აცხადებენ თავად, რომ კობახიძე და მისი ჯგუფი საერთო ჩათში მესიჯებს აგზავნის, რა საკითხზე როგორ უნდა ილაპარაკოთ. მიჰყვებოდით ამ მესიჯბოქსებს, თუ განსხვავებულ განცხადებებს აკეთებდით?

ზ.პ: მე მესიჯბოქსებში მონაწილეობას არ ვიღებ. ჩემი ტელეფონი დაზიანებულია თუ რაღაც. ხშირად არის რაღაც რჩევები და განსჯა. ვიღაცამ რაღაც მიმითითა და ხელი დამიქნია, არ მახსოვს. რაც შეეხება ამ შეხვედრას, უნდა აღვიდგინო, დიდი ხნის წინანდელი ამბავია.

„რ": კობახიძისგან შენიშვნა არ მიგიღიათ?

ზ.პ: შენიშვნა არ მოუციათ. უბრალოდ ერთხელ იყო ქუთაისში რაღაც არაკორექტულად მიმართა დეპუტატს და ჩვენ მივეცით იქით შენიშვნა. პატარა ინციდენტი იყო შეხვედრის დროს და ჩაცხრა...

„რ": მიიჩნევით იმ დეპუტატად, ვინ ე.წ. ახლების გუნდის იდეებს ყოველთვის არ იზიარებს?

ზ.პ: მე განვეკუთვნები იმ დეპუტატების რიგს, ვისაც ვიღაც ასე ფეხის ბაკუნით და ხელის გაშვერით ვერ დამელაპარაკება. მე მივეკუთვნები იმ დეპუტატთა რიგს, ვინც იცის ერთგულება, გუნდური თამაში, ნებისმიერ ბრძოლაში თავდაუზოგავად გადაშვება, პატიოსნად მსახურება.

მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ამ დაყოფის - ახალგაზრდები და ძველგაზრდებად. ეს არ იყო სწორი ტენდენცია. ჭკუანაკლული ძველგაზრდაც მინახავს და ახალგაზრდაც, ისე როგორც ნორმალური.

მე წინააღმდეგი ვიყავი ასეთი შიდა კონფლიქტების და დაძაბულობების. ჩემი აზრით, რაღაც კონფლიქტური ვითარება როცა ხდება, ჩვენ იქ არანაირი ბრალი არ მიგვიძღვის და ამ კინკლაობის და დაძაბულობის ავტორები ხშირად ისინი არიან.

„რ": ვინ ისინი, „ახლები"?

ზ.პ: ვისზეც თქვენ მელაპარაკებით. ხშირად ისინი არიან ავტორები ასეთი უთანხმოების და დაძაბულობის.

„რ": როდესაც გუნდში აზრები იყოფა, თქვენი აზრები ე.წ. კობახიძის გუნდის აზრებს არ ეთანხმება?

ზ.პ: ეს გუნდობაც მასმედიის შემოტანილია. კობახიძეს შეიძლება ჰყავდეს რაღაც ჯგუფი, მაგრამ ისე არ არის, რომ გუნდებად დაიყოს. მე ვლაპარაკობ, რომ ხშირ შემთხვევაში ჩემი აზრები არ ემთხვევა იმ ჯგუფის აზრებს, ვისაც თქვენ ახლებად და უწვერულვაშოებად მიიჩნევთ. ხშირზე ხშირად...

„რ": სწორედ ამიტომ, რომ თქვენი აზრები ხშირად არ ემთხვევა კობახიძის ჯგუფის აზრებს, შეიძლება თქვენი გარიცხვა მოეთხოვა პარლამენტის თავმჯდომარეს?

ზ.პ: ამაზე პასუხის გაცემა არ მიჭირს და არავის არ მეშინია, მინდა გავიხსენო, მაგრამ სიგნალი მიმეღო, რომ ვიღაცას ჩემი გარიცხვა უნდა, პასუხსაც მოვთხოვდი, მოვთხოვდი აეხსნა, რაშია საქმე...

„რ": ამბობთ, რომ გამეგო, გარიცხვა უნდოდათ, პასუხს მოვთხოვდი-ო, ანუ, ფოფხაძე სიმართლეს არ ამბობს?

ზ.პ: არ მითქვამს, რომ გედი ფოფხაძე სიმართლეს არ ამბობს. მექნება გედისთან საუბარი, შეიძლება ეს თანმიმდევრობა მას უკეთ ახსოვს და მე ამ წუთში ვერ ვიხსენებ. დავალაგებ თანმიმდევრობას და რა უნდა მერე ამ კითხვაზე პასუხის გაცემას. დიდი ხის წინ იყო.

„რ": მამუკა მდინარაძემ და სოფო კილაძემ თქვეს, რომ 2016 წლის საპარლამენტო სიაში ივანიშვილს ეკა ბესელიას ჩასმა არ უნდოდა. თქვენ თუ იცით ამის შესახებ რამე?

ზ.პ: ახლა მაგ დეპუტატების მისამართით ვიტყვი, რამდენად სწორია და უფლებამოსილები არიან ასეთ განცხადებებს რომ აკეთებენ? არ შეიძლება რომ დამშვიდნენ?! მე მოვუწოდებ მათ, რომ დამშვიდნენ რა.

ეს საპარლამენტო ვადა ნორმალურად დამთავრდეს, ქვეყნის არევა არ დავიწყოთ და მერე ძალიან ბევრი რაღაც უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ, ასე ვერ გაგრძელდება.

იმის თქმა, რომ ბიძინა ივანიშვილს ვისი ჩასმა არ უნდოდა, ამას თვითონ ბიძინა ივანიშვილი იტყვის და რამდენად უფლებამოსილები არიან, რომ ამაზე ილაპარაკონ, ეს ცოტა საკითხავია. არ ვურჩევ ასეთ რაღაცეებს, გამოტანას და მასზე პრესაში ლაპარაკს. ეს დაპირისპირება ცოტა უნდა მოზომონ ადამიანებმა, რომ არ გასცდეს რაღაც საზღვრებს.

„რ": სცდება საზღვრებს?

ზ.პ: მე რასაც ვუყურებ, ბევრი რამ ჩემი გემოვნებისთვის, პოზიციისთვის და ადამიანობისთვის შეუფერებელია. უნდა გაჩერდნენ და დამშვიდნენ. ან სხვანაირად უნდა გაირჩეს ეს. ის დეპუტატები, რომელიც თქვენ დაასახელეთ, რომ ბიძინა ივანიშვილს რაღაც არ სურდა, ამაზე ლაპარაკობენ, ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ, ცეცხლზე ნავთი არ უნდა დაასხან.

„რ": თავად ირაკლი კობახიძის საქმიანობას როგორ შეაფასებდით, პარლამენტის როგორი თავმჯდომარეა ის? ხშირად უთქვამთ, რომ ის ძალიან ხისტია და ამ სიხისტის გამოც არის გუნდში დაპირისპირება, თქვენც ასე ფიქრობთ?

ზ.პ: არის თემები, რომელშიც ვურჩევ, რომ კარგად გაერკვეს და არის თემები, რომელშიც ეშლება. თუ გინდა ხისტი დაუძახეთ. ჩემთვის არის თემები, რომელშიც ეშლება.

„რ": მაგალითად, რაში შეშალა?

ზ.პ: არა, დაკმაყოფილდით იმ განცხადებით, რასაც ვამბობ. მე ვლაპარაკობ იმას, რომ არის თემები, სადაც მას ეშლება და რომ არ შეშლოდა, შეიძლება ამას გართულებები არ მოჰყოლოდა.

ამ ინტერვიუში აღვიჭურვე მაქსიმალური მოთმინებით, მაქსიმალური დელიკატურობით. თქვენ გინდათ რაღაც მხარეებზე გადამაგდოთ და გადმომაგდოთ. ამ ვითარებაში ვფიქრობ ასე, რა არის ჩემთვის ადამიანურად და ფასეულად მიუღებელი და მე მგონი სიგნალებით ლაპარაკით დელიკატურობა დავიცავი. ზღვას არ გადავდივარ.

ვამბობ, რომ დაყოფა, ცეცხლზე ნავთის დასხმა, შეურაცხყოფები, შეღიტინებები, გამოწვევები შეწყდეს. ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას იქ, სადაც საჭიროა, დავაფიქსირო და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ფიქრებს და აზრებს ანგარიში გაეწევა. ეს არის ერთ-ერთი დეპუტატის საუბარი, რომელსაც მოთმინება აქვს, მაგრამ მოთმინება მასაც ელევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×