ტაქსის მძღოლებმა მათზე დაწესებული ახალი რეგულაციების 2025 წლამდე გადავადების მოთხოვნით, მათ შორის მანქანების თეთრად გადაღებვის გადავადებაზე, აქცია გამართეს, რასაც მოჰყვა შეხლა-შემოხლა რუსთაველის გამზირზე, დაკავებულ ერთი მომიტინგე და კახა კალაძის პასუხი მძღოლებს, რომ აქცია პოლიტიკურადაა მართულია და ის რეგულაციებს უკან არ წაიღებს - ტაქსები თეთრად აუცილებლად უნდა გადაიღებოს.
თბილისში მომუშავე ტაქსისტების ნაწილი ითხოვს, რომ ახალ რეგულაციები გადავადდეს, რადგან ეს ფინანსებთანაა დაკავშირებული და მათ ფული არ აქვთ, ხელისუფლება კი ცდილობს, ისედაც გაჭირვებულ ადამიანებს უფრო და უფრო მეტი ფული გამოძალოს ყველა მხრიდან ახალ-ახალი რეგულაციებით და გადასახადებით და რომ მანქანების თეთრად გადაღებვითა და წელიწადში 2-ჯერ ტექდათვალიერებით მერია ვიღაცას ფულს აკეთებინებს მათი, მძღოლები ხარჯზე.
თბილისში ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია ოთხშაბათს გამართეს. მძღოლებთან ერთად აქციაზე „ლეიბორისტულ პარტიის" ლიდერებიც იყვნენ.
აქცია-მსვლელობა შუა დღის 3 საათისთვის ვაგზლის მოედნიდან დაიწყო და რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა. სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მას შემდეგ დაიწყო რაც ტაქსის მძღოლებმა გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციელებმა მომიტინგეებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს და ამ დაპირისპირებისას ერთი მომიტინგეც დააკავეს ადმინისტრაციული წესით „პოლიციის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის" გამო.
შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა 62 წლის ტაქსისტი. მას პირველადი დახმარება ჯერ ადგილზე აღმოუჩინეს შემდეგ კი სასწრაფო დახმარების მანქანით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მას შოკი და შინაგანი სისხლდენა აღენიშნებოდა, ამ დროისთვის კი მისი მდგომარეობა სტაბილურია.
აქციის მონაწილეები ადგილზე კახა კალაძის მისვლას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო ტაქსით ნაშოვნი შემოსავალია და ახალ ახალი რეგულაციების შესრულებას ფინანსურად ვერ გასწვდებიან.
„სად არის კალაძე, მისი მოადგილე მოვიდნენ აქ. ძლივს ვარჩენ ოჯახს, რაღაც წამლებს ვყიდულობ. 150 ლარის წამალი მინდა თვეში. მაშინ დამასაქმონ და აღარ ვიტაქსავებ, რა თეთრად გადაღებეო? როგორ შეიძლება ეს... ახლა ფულის გაკეთება მოუნდათ ბიძინას და მაგას. წამოვალთ სიგნალებით და დედას ვუტირებთ ამ მთავრობას,"-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ტაქსისტები ამბობენ, რომ ერთი, მანქანის გადაღებვა არ აწყობთ, რადგან გადაღებვა ავტომობილის საბაზრო ფასს დააგდებს და როცა მოუნდებათ, მანქანის გაყიდვას ნორმალურ ფასად ვერ შეძლებენ.
გარდა ამისა, ამბობენ, რომ მანქანის ნორმალური გადაღებვა 1500-1700 ლარი ჯდება და მერიის 700-ლარიანი ვაუჩერი საკმარისი არ არის. ასევე მათ არ აწყობთ, რომ ვაუჩერის მიღების საფასურად რეკლამები უნდა განათავსონ მანქანაზე, რადგან მანქანას პირადი მოხმარებისთვისაც იყენებენ და ოჯახთან ერთად მანქანით სიარულისას რეკლამები რატომ უნდა ატარონ.
ტაქსისტების მოთხოვნები ასეთია: გაუქმდეს ტაქსების თეთრად შეღებვის ვალდებულება (2019 წლის ოქტომბრიდან სავალდებულო იქნება, რომ ყველა ლიცენზირებული ტაქსის მანქანა თეთრი ფერის იყოს);
ტექდათვალიერება წელიწადში მხოლოდ ერთხელ იყოს აუცილებელი (ტაქსების ტექდათვალიერება წელიწადში უკვე ორჯერაა სავალდებულო);
ორკარიან და მარჯვენასაჭიან მანქანებს კვლავ ჰქონდეთ უფლება, ტაქსებად იმუშაონ.
აქციაზე კალაძე არ მივიდა, თუმცა განცხადება გააკეთა, რომ დედაქალაქის მერია მზად არის შეხვდეს „კეთილსინდისიერ ტაქსის მძღოლებს" და საკითხი განიხილოს, თუმცა რეგულაციები აუცილებლად ამოქმედდება.
მისივე თქმით, მძღოლებს აქვთ საკმარისი დრო იმისთვის, რომ მოასწრონ ცვლილებების განხორციელება.
„ტაქსების რეფორმა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს მიმართულება აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული და პირობას გაძლევთ, რომ იქნება მოწესრიგებული.
"ასევე მნიშვნელოვანია ის სიკეთეები, რომელიც გათვალისწინებულია ტაქსის მძღოლებისთვის. არ მინდა ეს კონკრეტული საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადავიტანო, რადგან ამ აქციის ორგანიზატორი პოლიტიკური პარტიაა და თავს შევიკავებ კომენტარისგან.
"რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, ვისაც სურვილი აქვს ჩვენთან კომუნიკაციის, არანაირი პრობლემა არც ყოფილა და არც ახლა არსებობს. იყო შეთავაზება, თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ და მათ დასმულ ყველა კითხვას გაეცემოდა შესაბამისი კომპეტენტური პასუხი, კიდევ ერთხელ იქნებოდა ის სიკეთეები ახსნილი, რაც ამ ადამიანებმა და მათმა ოჯახებმა შეიძლება მიიღონ.
"შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ეს ქმედებები და დამოკიდებულება ჩემთვის არ არის მისაღები. რეფორმა მნიშვნელოვანია და საკმარისი დროა იმისთვის, რომ მათ შეძლონ ამის მოგვარება და მოწესრიგება. თუ ამაშიც არის ჩვენი დახმარება საჭირო, დედაქალაქის მერია მზად არის შეხვდეს კეთილსინდისიერ ტაქსის მძღოლებს და გავიაროთ ნებისმიერი პრობლემური საკითხი, რომელიც მათ აწუხებს", - განაცხადა კალაძემ.