პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და მათით შანტაჟი გრძელდება - ამ ეტაპზე პოლიტიკოს ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში განთავსების გამო 19 წლის მირიან მჟავანაძე დააკავეს, თუმცა ვიდეო "იუთუბზე" ორი კვირის განმავლობაში იდო და ხუთი ათასი ნახვა აქვს.
როგორც ცნობილია, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ორი კვირის წინ მირიან მჟავანაძის სახელით აიტვირთა, თუმცა შს სამინისტრომ ინფორმაცია მას შემდეგ მიიღო, რაც ამის შესახებ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ პოლიციას მიმართა.
მჟავანაძის და და დედა ჰყვებიან, რომ სამართალდამცველები მათ საცხოვრებელ სახლში სამოქალაქო ტანსაცმლით მივიდნენ და ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ ახალგაზრდას სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასაყვანად მიაკითხეს.
"არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ, უბრალოდ შემოვიდნენ და სად არისო, მოიკითხეს ჩემი ძმა. გვითხრეს, ჯარში უნდა წავიყვანოთ და სად არისო", - ამბობს დაკავებულის და თამარ მჟავანაძე.
დაკავებულის დედა აცხადებს, რომ ჩხრეკა მათ საცხოვრებელ სახლში ღამის ორი საათის შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ, რაც 19 წლის მირიან მჟავანაძე პოლიციელებს ადგილზე არ დახვდათ, ოჯახის წევრებს ბიჭის ზუსტი მისამართის დადგენა მოსთხოვეს.
"ჩხრეკა ჩატარდა, ღამის ორი საათი იყო, ბრახუნი იყო კარზე. გავხსენით, ჩვეულებრივი მოქალაქეები იყვნენ, შემოცვივდნენ და სად არის ბავშვიო? ვეუბნებოდით, არ არის სახლშიო. ზუსტი მისამართი გვითხარით, სად იქნება თქვენი შვილიო. ჯარში იყო დაძახებული და მე ვიფიქრე, რომ ჯარში მიჰყავდა პოლიციას. სად იქნება თქვენი შვილიო და ვუთხარით, ჩემს დასთან იმყოფება-მეთქი", - ამბობს დაკავებულის დედა ირმა მსახურაძე.
დაკავებულის მამა ამბობს, რომ არ იცის, როგორ მოხვდა მის შვილთან დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა. მისი თქმით, არც იმის შესახებ აქვს ინფორმაცია, როგორ ან რა მიზნით გავრცელდა მისი შვილის |ზ მისამართიდან ფარული ვიდეოკადრები.
დაკავებულის მამა ამბობს, რომ მათ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი თქმით, დაკავებული სრულწლოვანია.
"ჩხრეკა მიმდინარეობდა ჩემს სახლში, მაგრამ ბავშვი იყო ბათუმის ახლომდებარე სოფელში და იქიდან აიყვანეს. ჩვენთან მოვიდნენ, მაგრამ იქ გადავამისამართეთ. რატომ გაავრცელა, არ ვიცი ან საიდან შევიდა მასთან, არ ვიცი. 19 წლისაა ჩემი შვილი", - ამბობს დაკავებულის მამა.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოებს ერთთვიან ვადას აძლევს. იგი ითხოვს პასუხს მთავარ კითხვაზე - ვინ არის აღნიშნული ვიდეოჩანაწერის გავრცელების ორგანიზატორი.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ხელმეორედ გავრცელება საეჭვოდ დაემთხვა ხელისუფლების მხრიდან მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ შტურმს.
"გასაოცარია, რომ ამ პერსონალური მორიგი თავდამსხმებისა და ჩემ წინააღმდეგ მიმართული ერთგვარი შტურმის ფონზე კვლავ გააქტიურდა და გამოჩნდა ეს უკანონო ჩანაწერები.
"ესეც შემთხვევით ხდება? როდესაც მედიის მეშვეობით გავიგე ამის შესახებ, მე თავად დავუკავშირდი შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა მათ არ ჰქონდათ ამის შესახებ ინფორმაცია და ეს გუშინ ჩემგან შეიტყვეს. ჩემგან უნდა გაეგოთ ეს ამბავი?" - განაცხადა ეკა ბესელიამ მედიასთან.
მისი თქმით, ერთთვიანი ვადა საკმარისია იმისათვის, რომ ფაქტთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვაზე სამართალდამცავებმა შესაბამისი პასუხი გასცენ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკა ბესელია ამბობს, რომ მისი გეგმა და შეფასება განსხვავებული იქნება, რაზეც საგამოძიებო ორგანოებისათვის მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ ისაუბრებს.
ამასთან, ეკა ბესელია ამბობს, რომ თუ კითხვებზე პასუხს შესაბამისი უწყებები ვერ გასცემენ, პასუხისმგებლობის აღება მოქმედ ხელისუფლებას მოუწევს.
ფარული კადრების მთავარი ავტორი რომ პოლიტიკოსია და ის დროში საკმაოდ საეჭვოდ ემთხვევა მის ყოფილ თანაპარტიელებთან დაპირისპირებას, მესამე სექტორს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ერთგვარი შურისძიება იყოს.
მათი აზრით, პირადი ცხოვრების კადრებით ადამიანის შანტაჟი ბრძოლის ბინძური მეთოდებია და მის აღკვეთას ხელისუფლება ან ვერ ახერხებს, ან არ სურს.
"მნიშვნელოვანია, დროის მიხედვით კადრების გავრცელება როდის ხდება. დავაკვირდეთ, რამდენჯერაც ბესელიას გუნდის ყოფილ წევრებთან სიტუაცია ურთულდება, მაშინვე მისი კადრები საიდანღაც ჩნდება. ეს არის ერთგვარი გაფრთხილება სხვა დეპუტატებისა და ჩინოვნიკებისთვის, რომ თუკი ისინი განსხვავებულ პოზიციებს დააფიქსირებენ, შესაძლოა, ასე დაისაჯონ.
"გვახსოვს, მსგავისი ფაქტები რამდენიმე ხნის წინაც მოხდა, მაგრამ არავინ დაუკავებიათ და დღემდე არ ვიცით, ვინ არის მისი ამტვირთველი. ამიტომაც დაუსჯელობის სინდრომი ჩნდება და მხოლოდ გამავრცელებელ და შემთხვევით ადამიანებს არ უნდა ვაკავებდეთ", - აცხადებს სულხან სალაძე.
საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სავარაუდო გავრცელებას ეხმაურება და მას პოლიტიკოს ქალზე კიდევ ერთ თავდასხმად აფასებს.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, ასეთი კადრების გავრცელება არის დისკრედიტაციის მცდელობა, სისტემური იარაღი ქალების წინააღმდეგ და საქართველოში არსებული ის რეალობა, რომელშიც ქალ საჯარო პირებს მოღვაწეობა უწევთ.
"შანტაჟი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით იქცა სისტემურ პრობლემად. ამის საპასუხოდ მხოლოდ მიმდინარე გამოძიებები გვაქვს, რომელთა შესახებაც საზოგადოება სათანადო ინფორმაციასაც ვერ იღებს.
"სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ეს დანაშაული გენდერულად მოტივირებულია და მიმართულია ძირითადად ქალი პოლიტიკოსებისაკენ.
"შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ ხაზი გაუსვას დანაშაულის დისკრიმინაციულ მოტივს, რათა სათანადო პასუხი გაეცეს ამგვარი დანაშაულის ჩამდენ პირებს და მომავალში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება პოლიტიკურ სისტემაში ქალთა დისკრიმინაციისა და ჩაგვრის იარაღი არ გახდეს", - აცხადებს ლომჯარიამ.
მისივე თქმით, ანალოგიური დანაშაული 2016 წლის 11 და 14 მარტსაც მოხდა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, გამოავლინა თუ არა პროკურატურამ დამნაშავეები, რომლებმაც ეს კადრები შექმნეს და ინტერნეტსივრცეში თვითონ ან სხვა პირების მეშვეობით გაავრცელეს.
ნინო ლომჯარია სამართალდამცავებს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ და პასუხისგებაში მისცენ დანაშაულის ჩამდენი პირები, საზოგადოებას კი სთხოვს, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების მიუხედავად, გვერდში დაუდგეს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ტიპის შანტაჟის მსხვერპლი გახდნენ.
"ეს ხელისუფლება გადაჰყვება ამ მასშტაბის უსამართლობას - ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე თითქმის ერთი თვის წინ 18 პირია დაკავებული.
ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულთაგან ოთხი პირი 6 დღის წინ სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მათი ოჯახის წევრები ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ისინი შერჩევით სამართალზე საუბრობენ.
"ერთ-ერთი ვერსია, რომელიც განიხილებოდა, იყო ის, რომ ხელისუფლებამ ხომ არ გაავრცელა კადრები. ამ ეჭვის მოცილების მიზნით, მათ გადაწყვიტეს, დაეხატათ სურათი, რომ ჩვენ როგორ გავავრცელეთ, აი, ვიჭერთ მათ, ვინც ავრცელებენ.
"ხელში მოჰყვათ პოლიტიკური აქტივისტები და რამდენიმე ისე ადამიანი. 16 ადამიანი შეიძლება გაუშვან ოთხიდან ექვს წლამდე ციხეში, რაც არის სრული სიგიჟე. შეუძლებელია, ამ ქვეყანაში ასეთი მასშტაბის უსამართლობა რომელიმე ხელისუფლებას გაუვიდეს, გადაჰყვებიან ამ ამბავს", - ამბობს "გირჩის" პოლიტსაბჭოს წევრი ზურაბ ჯაფარიძე.