„აშშ-ს და მის მოკავშირეებს ძლიერი ბერკეტები აქვთ მადუროს რეჟიმზე ზემოქმედების, მიუხედავად ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩაფრენისა“
თამარ შუკვანი
28.03.2019

 რუსეთის მიერ ვენესუელაში რუსული თვითმფრინავების სამხედროებითა და 35 ტონა ტვირთით მაიკეტიას აეროპორტში დაშვება, ვენეასუელას დროებითი პრეზიდენტის ხუან გუადიოს განცხადებით, ნიკოლას მადუროს შიშზე მიუთითებს, - „ვენესუელაში რუსი სამხედროების ჯგუფის ჩამოსვლა იმაზე მეტყველებს, რომ ნიკოლას მადურო საკუთარ სამხედროებს არ ენდობა," - აღნიშნა გუაიდომ და ვენესუელელ სამხედროებს ოპოზიციის მხარეს გადასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„როგორც ჩანს, ხელისუფლება არ ენდობა ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ამიტომაც უცხოელი ჯარისკაცები მოიწვიეს. ამბობდნენ, რომ აშშ-ს ჰუმანიტარული დახმარება ინტერვენციის საბაბი არისო და თვითონ კი უცხოელ ჯარისკაცებს პატიჟებენ.

„სამხედროებო, კიდევ აპირებთ ნიკოლას მადუროს დაცვას, რომელიც არ ზრუნავს თქვენზე და არ გენდობათ?" - მიმართა გუადიომ სამხედროებს.

რუსეთის მიერ მადუროს ასე ღია მხარდაჭერამ რა შეიძლება გამოიწვიოს, - რამდენად რეალურია სამხედრო დაპირისპირების დაწყება და სიტუაციის უფრო მეტად დაძაბვა?

ამ საკითხთან დაკავშირებით, „რეზონანსი" „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტს, ბათუ ქუთელიას ესაუბრა.

ქუთელიას განცხადებით, აშშ არ აპირებს უკან დახევას და მათი მიზანი ნიკოლას მადუროს რეჟიმის დამხობაა. მისი თქმით, რუსეთის ეს ნაბიჯი სიტუაცია არ დაძაბავს და არც სამხედრო შეტაკებას ექნება ადგილი.

„პომპეომ გააკეთა განცხადება, რომ აშშ არ დაიხევენ უკან, რადგან მადუროს არალეგიტიმური მმართველობა და რეჟიმი უნდა დაასრულონ. რუსეთი ცნობილია თავისი ტაქტიკით, - ცოცხალი ძალითა და სამხედრო აქტიურობით ყველა დიქტატორს ეხმარება, თუმცა, ისტორიაში კარგად არის ცნობილი, რომ ეს ცუდად მთავრდება.

„სიტუაცია შეიძლება დაიძაბოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მთელმა დემოკრატიულმა სამყარომ და ყველა სახელმწიფომ აღიარა მადუროს რეჟიმი არალეგიტიმურად და არამგონია, რომ ამ სამხედრო კუნთების ჩვენებით რუსეთმა რაიმე მოიგოს. თავისი სტრატეგიით ვენესუელას არამგონია ეკონომიკური მდგომარეობა შეუმსუბუქოს, რაშიც სწორედ მადუროს რეჟიმმა ჩააგდო," - აღნიშნა ქუთელიამ.

მისი აზრით, მიუხედავად რუსეთის გარკვეული მუქარისა, ის ვერაფერს შეძლებს. ხოლო აშშ-ს, მისი თქმით, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ გარკვეული ბერკეტები გააჩნია.

„აშშ-ს და მის მოკავშირეებს ლათინო ამერიკაში ძლიერი ბერკეტები აქვთ მადუროს რეჟიმზე ზემოქმედებისათვის, მიუხედავად ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩაფრენისა.

„სამხედრო დაპირისპირების პროგნოზს ვერ გავაკეთებ. მგონია, რომ უფრო მარტივად დასრულდება, - მადუროს რეჟიმისთვის სწორედ კონკრეტული შედეგით.

„რუსეთი ცდილობს, რომ კომპრომატისა და შანტაჟის ენით ელაპარაკოს დანარჩენ მსოფლიოს და მათ შორის აშშ-ს. გარკვეული როლის მორგება უნდა, რომ შეუძლია ჯარის გადასროლა. სირიაში მისი კამპანია, სწორედ ამის დემონსტრირება იყო.

„რუსეთს რამდენად შეუძლია ასეთი ტიპის ამბიციურ ნაბიჯს მხარი დაუჭიროს? ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. მეეჭვება ამ შემთხვევაში რუსეთმა რაიმე წარმატებას მიაღწიოს, თუნდაც სამხედრო კომპონენტით მადუროს რეჟიმს დაეხმაროს.

„რუსეთი არის დესტრუქციული ძალა, რომელსაც შეუძლია ბევრი ცუდის გაკეთება, რაც ბუნებრუივია არაერთხელ დადასტურდა," - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×