აგვისტო-სექტემბერში დასავლეთ საქართველოში სწავლება, „მტკიცე სული“ ჩატარდება
ეკატერინე ბასილაია
29.03.2019

 2019 წელი საქართველოში ნატო-ს ორი მასშტაბური სწავლების ადგილი ხდება. 12-დღიანი „ნატო-საქართველოს სწავლება 2019" პარასკევს სრულდება და უკვე მეორე, ასევე მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარების დროც გაცხადდა - აგვისტო-სექტემბერში დასავლეთ საქართველოში სწავლება, „მტკიცე სული" ჩატარდება და მასში წელს პირველად საზღვაო კომპონენტიც იქნება ჩართული.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაიას თქმით, ნატო-ს მასშტაბური წვრთნები გამართვას ერთი, ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს, როცა ამ სწავლებებით ნატო აფიქსირებს იმას, რომ ალიანსი საქათველოს გვერდზე დგას და საქართველოს გასაჭირში არ მიატოვებენ. მეორე კი, ამ სწავლების მიზანი საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაა.

პლუს, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ წვრთნებში შავი ზღვის უსაფრთხოებაზე იქნება აქცენტი და ამით ნატო კიდევ ერთხელ მიანიშნებს საქართველოს, რომ საზღვაო ძალები უნდა აღდგეს, მით უფრო იმ ფონზე, როცა რუსეთის ინტერესი შავი ზღვის რეგიონში აშკარაა.

„აგვისტო-სექტემბერში საქართველოს ექნება აშშ-სთან ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური სწავლება - „მტკიცე სული", რომელიც კიდევ ერთხელ მიმართულია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ,"- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აშშ-ს ადმირალ ჯეიმს ფოგოსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის თქმით, ადმირალ ჯეიმს ფოგოს ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი დადასტურებაა იმ მჭიდრო თანამშრომლობის, რომელიც საქართველოს, როგორც ნატო-ს ფორმატში, ისე ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გააჩნია.

ამასთან იზორიას განცხადებით, რამდენიმე დღეში აშშ-დან ანტისატანკო სისტემის, „ჯაველინების" სრულად შესყიდვაც სრულდება და აშშ-თან თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას უნდა ველოდოთ.

„რამდენიმე დღეში დავასრულებთ ანტისატანკო სისტემის „ჯაველინების" სრულად შესყიდვას. აშშ-სთან თანამშრომლობის სხვა მიმართულებით გააქტიურებას ვგეგმავთ. მოგეხსენებათ, დღეს ადმირალთან ასევე ვისაუბრეთ წელს დაგეგმილ ამბიციურ სწავლებაზე, რომელიც „მტკიცე სულის" სახელით არის წოდებული და აგვისტო-სექტემბერში ჩატარდება, სადაც მონაწილეთა ქვეყნებისა და სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა უპრეცედენტოდ მაღალი იქნება.

"მომავალ კვირას ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში ერთ-ერთი განხილვის თემა იქნება შავი ზღვის რეგიონის მხარდაჭერა და აქ უსაფრთხოებისთვის მეტი თანამშრომლობის და მეტი აქტიურობის უზრუნველყოფა", - განაცხადა იზორიამ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს, როგორც იზორიამ აღნიშნა, ნახავენ კონკრეტულ ინიციატივებს, რომლის საფუძველზეც პარტნიორებთან ერთად ითანამშრომლებენ რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

სწავლება Agile Spirit (მტკიცე სული) 2011 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. ის აშშ-ის ევროპის სარდლობის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობით იმართება და მისი მიზანი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცება და მონაწილე ქვეყნებს შორის სამხედრო ურთიერთავსებადობის ამაღლებაა. წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას.

Agile Spirit 2019 წინა წლებთან შედარებით ყველაზე მასშტაბური საველე სწავლებაა, სადაც ფართოდ იქნება წარმოდგენილი ქართული და ამერიკული სამხედრო ტექნიკა.

ვახტან მაისაიას თქმით, ახალი ცივი ომის პირობებში ამ სამხედრო სწავლებების ერთ-ერთი დანიშნულება ფსიქოლოგიური ეფექტია.

„როდესაც რუსეთი აწარმოებს ფსიქოლოგიურ ომს, ამას ადეკვატური პასუხი სჭირდება იგივე მეთოდებითაც. ამიტომ, ნატოს ჩვენს დასაცავად ფსიქოლოგიურ ოპერაციას ატარებს. მეორე მომენტია ის, რომ ამ სწავლების მიზანი საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაა.

"მესამე მომენტი - უფრო გეოპოლიტიკური ფაქტორია. ნატო შავ ზღვის აუზს განიხილავს, როგორც მისი ოპერატიული მოქმედების უშუალო არეალს და ასეთი ხშირი წვრთნები იმის მიმანიშნებელია, რომ ეს გახდა ნატო-ს ოპერატიული მოქმედების არეალი და ნატო აცხადებს, რომ თუ საჭიროება დადგება რუსეთის ნებისმიერ აგრესიულ ქმედებას ადეკვატურ პასუხს გასცემენ,"- ამბობს მაისაია.

მისი თქმით, „მტკიცე სულის" წვრთნებში საზღვაო კომპონენტის ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია და იმ პირობებში, როცა ჩვენ არ გაგვაჩნია სამხედრო-საზღვაო ძალები, ნატო-ს სურს, რომ ეს ხვრელი როგორმე შეავსოს საზღვაო წვრთნების ჩატარებით.

„25 მარტს ნატო-ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმაც გამოუშვა მესიჯი, რომ საქართველოს სჭირდება სამხედრო-საზღვაო ძალები და სანაპირო დაცვის ეფექტური სისტემა, სანაპირო დაცვის, როგორც ცალკე სახეობის შექმნა. კარგია, შენი პარტნიორი რომ მიგანიშნებს გარკვეულ ხარვეზებზე, მაგრამ ეს ხარვეზები უნდა გაითავისო და უნდა იფიქრო სამხედრო-საზღვაო ძალების აღდგენაზე. ეს ნატო-სთან თავსებადობის და ნატო-ში გაწევრიანებისათვისაც მნიშვნელოვანი ეტაპია,"- დასძენს მაისაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×