რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან პროვოკაციული და დესტრუქციული ხასიათის ქმედებების ინსპირირებისა და დესტაბილიზაციის კერების შექმნის საფრთხე, "დაეშის" შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობისა და გავლენის კიდევ უფრო შემცირება, ჰიბრიდული საფრთხეებისა და დეზინფორმაციული კამპანიების გაუვნებელყოფა - ესენია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2018 წლის ანგარიშის მნიშვნელოვანი თემები.
ანგარიშის მიხედვით, რუსეთის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებიდან ხდებოდა პროვოკაციული და დესტრუქციული ხასიათის ქმედებების ხელის შეწყობა და სტაბილიზაციის მოშლის მცდელობა.
"2018 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდებოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად მოიპოვებს ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ.
"ხდება ამ პროცესებში ჩართული პირებისა და ე.წ. ორგანიზაციების იდენტიფიცირება. საოკუპაციო ძალის, დე ფაქტო რეჟიმების, მათ მიერ მხარდაჭერილი ე.წ. ორგანიზაციებისა და ცალკეული პირების მიერ განხორციელებულ არაკანონიერ საქმიანობასთან და მის შედეგებთან დაპირისპირება მიმდინარეობს საერთაშორისო მექანიზმებისა და ყველა რელევანტური ბერკეტის საშუალებით.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაწესებული იყო მუდმივი მონიტორინგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დამრღვევ პირთა გამოვლენისა და "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.
აღნიშნული მიმართულებებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 9 საქმეზე.
"საანგარიშო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ძალების მხრიდან განხორციელებული სხვა არაკანონიერი ქმედებების გარდა, შეინიშნებოდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების ფარული ოპერაციების ჩასატარებლად გამოყენების მცდელობა.
აღნიშნული რეგიონებიდან მომდინარეობდა პროვოკაციული და დესტრუქციული ხასიათის ქმედებების ინსპირირებისა და დესტაბილიზაციის კერების შექმნის საფრთხე" - აღნიშნულია ანგარიშში.
ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ამ მხრივ რუსეთის ერთ-ერთ მიმართულებაა პროპაგანდისტული მანქანა და საინფორმაციო ომი.
"ასეთი საქმიანობა, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის სერიოზული გამოწვევაა, განსაკუთრებით სამხედრო რისკების მიმართულებით. ეს შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქვეყანაში პოლიტიკური დესტაბილიზაციის ხელშეწყობისა და მისი შემდგომი განვითარების მიზნით.
"ამ საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება პროპაგანდისტული და საინფორმაციო ფონი შექმნა იქნება ანტიდასავლური ფონის შესაქმნელად, ნატო-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების სამხედრო პოლიტიკური ტიპისა და სხვა ურთიერთობის ჩასაშლელად," - აღნიშნა მაისაიამ.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2018 წელს საქართველოში გავლენის გაძლიერებით დაინტერესებული ქვეყნები საკუთარი მიზნების მისაღწევად აქტიურად იყენებდნენ "ჰიბრიდული ომის" მეთოდებს.
"2018 წელს საქართველოში გავლენის გაძლიერებით დაინტერესებული ქვეყნები საკუთარი მიზნების მისაღწევად აქტიურად იყენებდნენ "ჰიბრიდული ომის" მეთოდებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებდა ვითარების მონიტორინგს და შესაბამის ღონისძიებებს ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების, აღკვეთის, ასევე მათგან მომდინარე უარყოფითი შედეგების შემცირება-განეიტრალების მიმართულებით.
გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად აღკვეთილ იქნა "ჰიბრიდული ომის" ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება," - ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების 2018 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში "დაეშის" გავლენა შემცირებულია, თუმცა "ისლამური სახელმწიფოს" იდეების მხარდამჭერმა პირებმა, შესაძლოა, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერების დავალებით იმოქმედონ.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად საქართველოში მცხოვრებ "დაეშის" შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენა კიდევ უფრო შემცირდა.
"ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითადი მიმართულებაა. 2018 წელს სამსახური აქტიურად ახდენდა საერთაშორისო ტერორიზმის ახალი გამოწვევების გამოვლენას და ინტენსიურად მუშაობდა მათთან გამკლავების გზების გაუმჯობესების მიმართულებით," - ნათქვამია დოკუმენტში.
თადარიგის გენერალი ამირან სალუქვაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიში გამოვლინებაა იმ საფრთხეებისა, რაც რეალურად რუსეთის მხრიდან მოდის.
"კარგია, როდესაც ძალოვანი სტრუქტურები ანგარიშს აბარებენ პარლამენტს, ეს საპარლამენტო მოდელის მონაპოვარია. რამდენადაც შესაძლებელია, ძალოვანი სტრუქტურების სამსახური გამჭვირვალეა.
"ანგარიშში წარმოდგენილია ის საფრთხეები და გამოწვევები, რა მიმართულებითაც სამსახური 2018 წლის განმავლობაში მუშაობდა და რა საფრთხეებიც, ზოგადად, სახელმწიფოს წინაშე არსებობს. ვისურვებდი, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის ამ მიმართულებაზე მეტი კონსტრუქციულობა იყოს, რასაც სახელმწიფოს უსაფრთხოება ჰქვია.
"მთავარია, სამსახურის საქმიანობა სწორად შეფასდეს, განსაკუთრებით საფრთხეების გამოვლენისა და ამის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ. საფრთხეები, რა თქმა უნდა, გამოკვეთილია. პირველი, ეს არის ჩვენ ტერიტორიების ოკუპაცია.
"აქედან არსებული საფრთხეები ჩვენთვის და სხვა მიმართულებები, რითაც სამსახურია დაკავებული, ეს იქნება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა თუ ჰიბრიდული გამოწვევები, რომელიც მეტწილად ისევ რუსეთიდან მოდის.
"ეს არის წინა წლის ანალიზი და ასევე სამომავლოდ სახელმწიფოს რა საფრთხეებთან მოუწევს გამკლავება.
"რაც შეეხება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და სხვა მიმართულებებს, დაზვერვით საქმიანობას, ეს ყველაფერი შედეგებით ფასდება და ისიც უნდა დავინახოთ, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ მშვიდად ვგრძნობთ თავს. ამაში ძალოვანი სტრუქტურებისა და მათ შორის სუს-ის წვლილიც არის. ეს ყოველგვარი შეფერადების გარეშე," - აღნიშნავს სალუქვაძე.
სუს-ის 2018 წლის ანგარიშს დადებითად აფასებს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკმაოდ ეფექტურად მუშაობს სხვა რიგი მიმართულებებით.
"ინფორმაციულია, დატვირთულია თავისი შინაარსით, სხვადასხვა მიმართულების მიხედვით, თუმცა ეს არის მხოლოდ საჯარო ანგარიში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი ნაწილი საიდუმლო ოპერატიულ საქმიანობას უკავშირდება.
"ამიტომ, ცხადია, როდესაც პარლამენტში მოვისმენთ მის, როგორც საჯარო ნაწილს, დახურულ რეჟიმში განვიხილავთ როგორც კომიტეტში, ისე ნდობის ჯგუფის ფორმატში.
"პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტური საქმიანობა ტერორისტული, კონტრდაზვერვითი და ანტიკორუფციული საქმიანობის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი თემები - ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, ტერორიზმთან ბრძოლა და კონტრდაზვერვითი საქმიანობა. აქაც არის მთელი რიგი მიმართულებებით წარმატებები და, შესაბამისად, ძალიან პოზიტიურად შეფასდება," - აცხადებს სესიაშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ანგარიში ძალიან მაღალ პროფესიულ დონეზეა მომზადებული.
"ანგარიში არის ძალიან ინფორმატიული, სადაც ხაზგასმულია და აქცენტები სწორად არის დასმული იმ გამოწვევებზე, რომელიც დგას საქართველოს წინაშე, ამავე დროს, იმ პრევენციულ მექანიზმებზე, რომელიც შეიქმნა სუს-ში. მე ვფიქრობ, რომ ის სამოქმედო გეგმა, რომელიც აქვს სუს-ს, ადეკვატურად პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს," - განაცხადა პრემიერმა.