ანექსირებულ ყირიმში რუსეთმა, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, სამდღიანი სამხედრო წვრთნები გამართა, სადაც 1 500 მედესანტე და 300 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა. ამასთანავე, მანევრში ფლოტი და ავიაციაც ჩართული იყო.
რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულზე გამართულ სამხედრო წვრთნებსა და უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს შორის, არსებობს თუ არა კავშირი და კონკრეტულად, რა კავშირზე შეიძლება ვისაუბროთ, - ამ მანევრით კრემლს რისი თქმა სურს?
„არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ შესაძლოა ეს რუსეთის მხრიდან გარკვეული მუქარის ტონი ყოფილიყო.
„ეს სწავლება, რადგან დროში უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს ემთხვევა რაღაც პარალელი და კავშირი არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩაივლის ეს საპრეზიდენტო არჩევნები და ვინ გახდება უკრაინის ახალი პრეზიდენტი. ამაზე ბევრი რამაა დამოკიდებული, მათ შორის ის პოლიტიკაც, რასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ დონბასში აწარმოებს.
„უკვე მეხუთე წელია აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე ომი მიმდინარეობს. ასე რომ, ამით უკრაინელების უფრო მეტად შეშინება ნაკლებად გამოუვა. უკრაინაშიც ბევრი ელოდება იმას, თუ ვინ გაიმარჯვებს და როგორ ჩაივლის ეს საპრეზიდენტო არჩევნები," - ამბობს ალადაშვილი.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, რუსეთმა უკრაინას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ანექსირებულ ყირიმში მდგომარეობას მოსკოვი აკონტროლებს.
„რუსეთი, რა თქმა უნდა, ამ ორ მოვლენას შორის კავშირს უარყოფს, მაგრამ აქ კავშირი პირდაპირია და იგი ზედაპირზე დევს. ეს უკრაინულ საზოგადოებაზე ზეწოლის კიდევ ერთი მცდელობაა.
"რუსეთმა ამგვარი უხეში მეთოდით უკრაინას კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ სიტუაციას ყირიმში თავად აკონტროლებს და მისი ინტერესები თუ შეფასებები უნდა იქნეს გათვალისწინებული, მათ შორის პოლიტიკურ პროცესშიც, კონკრეტულად ამ არჩევნების დროს.
„ვითარდება შავი ზღვის რეგიონში დიდი საფრთხის შემცველ მოზაიკის ელემენტებს წარმოადგენს. რუსეთის ეს აქტიურობა მთელ რეგიონში, მნიშვნელოვნად არის განპირობებული იმ ნაბიჯებით, რომელსაც რეგიონი თავისი პერსპექტივის ჩამოყალიბებისა და განსაზღვრის თვალსაზრისით დგამს.
„რუსეთისთვის განსაკუთრებით მტკივნეული და მნიშვნელოვანი უკრაინისა და საქართველოს პერსპექტივაა. იგი იყენებს იმ მეთოდებს, რომლის გამოყენებაც მას შეუძლია. საკითხის განსხვავებული სტრატეგიის დანახვა და პოლიტიკური მეთოდებით მისი რეალიზაცია არ წარმოადგენს რუსულ ტრადიციას. მათი მოქმედება, ეს არის ძალის უხეში გამოყენება," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.