პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის სოციალური მუშაკების საკითხზე მსჯელობდნენ. შეხვედრა, რომელსაც სოცმუშაკები და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ესწრებოდნენ, 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სოციალურ მუშაკთა ხელფასები უნდა გაიზარდოს. კანონმდებლები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს სთხოვდნენ, რომ ეთქვა კონკრეტულად რა დახმარება სჭირდება იმისთვის, რომ სოციალური მუშაკებისთვის ხელფასი გაიზარდოს. დეპუტატები მინისტრის მოადგილეს დაჰპირდნენ, რომ თანხის მოძიებაში დაეხმარებოდნენ.
მინისტრის მოადგილის თქმით, ჯერ სახელფასო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს. ამ განცხადებას დეპუტატების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
პარლამენტში დავით სერგეენკოს ელოდებოდნენ, თუმცა დეპუტატების და სოც, მუშაკების კითხვებს მის ნაცვლად მინისტრის მოადგილე პასუხობს. სოციალურ მუშაკებს დეპუტატებთან კონკრეტული შეკითხვები ჰქონდათ. მათ მთავარ მოთხოვნებზეც ისაუბრეს. მათ შორისაა ხელფასის ზრდა, ტრანსპორტის გამოყოფა და ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდა.
სოციალური მუშაკების თქმით, მათ სამინისტროს პასუხი, რომ გარკვეული ცვლილებების განხორციელება არ შეუძლიათ, გაფიცვის მეხუთე დღეს აღარ აკმაყოფილებთ.
„მეტი რა უნდა თქვას სოც.მუშაკმა. სოციალური მუშაკები იძახიან, რომ ჩვენ გვეშინია, რომ კიდევ არ განმეორდეს ტრაგიკული შემთხვევები. ეს არის წითელი შუქურა ნებისმიერი ადამიანისთვის და არა მარტო ჯანდაცვის სამინისტროსთვის," - განაცხადა სოც. მუშაკმა, მარიამ ბანძავამ.
სოციალური მუშაკებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ კი უპასუხა.
„ჩემზე დიდი გულშემატკივარი საქართველოს პარლამენტში, გავკადნიერდები პარლამენტარებთან და ვიტყვი, რომ მე ვიყავი პირველი, ვინც დაიწყო თქვენზე ზრუნვა, კანონიც შევქმენი, რომელიც სერიოზულ გარანტიებს გაძლევთ. ჩემი მისამართით ასეთი რაღაცის თქმა საყვედურის სახით, მგონი, არ არის სამართლიანი," - განაცხადა სოფო კილაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარემ სოციალურ მუშაკებს განუცხადა, რომ მათ საყვედურს ის პირადად ვერ მიიღებს.
„ვერ მივიღებ თქვენს საყვედურს, ორი წელია, პარლამენტის წევრი ვარ და ამ ორივე წლიდან სოციალური მუშაკების თემატიკაზე ვმუშაობ. კარგი კანონის შექმნას დრო სჭირდება," - განაცხადა სოფო კილაძემ.
ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ამ კუთხით დიდი ჩავარდნა გავქვს და ამ პროფესიის ადამიანების მუშაობის შეფერხება ქვეყანას ზიანს მოუტანს.
„დიდი ჩავარდნა გვაქვს. პლიუს, როდესაც სხვა პროფესიის ადამიანებს ვასაქმებთ, შეფერეხებაა. შანტაჟის განცდა იყო. ადამიანები მე-5 დღეა დგანან კანცელარიასთან, პრობლემაზე ლაპარაკობენ და ჯანდაცვის სამინისტროდან პასუხი გვაქვს, რომ უფლებამოსილებას შეგიჩერებთ.
"გამოვიდეს პრემიერი, გადავხედოთ ბიუჯეტს და გადავანაწილოთ. ძალიან გთხოვთ, ეს კომიტეტიც ნუ იქნება, რომ გამოსვლას დავასრულებთ, მოვალეობას მოვიხდით, წავალთ და ისევ მარტო დარჩებიან,"- განაცხადა „ევროპული საქართველოს" წევრმა, ელენე ხოშტარიამ, რაზეც სოფო კილაძემ მიმართა, რომ საყვედურს ვერ მიიღებს, რასაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა.
„მოდით ყველა გამოსვლა დაიწყეთ, ხალხო, ქალბატონი სოფოს ქებით,"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ოპოზიციის წევრები მთავრობის, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობასა და ბრალეულობაზე საუბრობენ.
„სოციალური სფეროს ის ნაწილი, რომელსაც ობიექტურად აკრიტიკებენ, არის ყველაზე მიტოვებული მთავრობის მიერ. ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა პასუხისმგებელია, დამნაშავეა," - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ სოციალური სააგენტო შესაბამის მოთხოვნებს და რეფორმებს ჩამორჩება.
„საკმაოდ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ჩამორჩენა გვაქვს. სოციალური სააგენტო რეფორმებით ჩამორჩება და ვერ ეწევა მოთხოვნებს," - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ხელფასების ზრდა 2018 წელს დაიგეგმა, დაიგეგმა ეტაპობრივად და იგეგმება 1200 ლარამდე, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას თანახმად, ხელფასი 800 ლარიდან 1200 ლარამდე სოციალურ მუშაკებს 2020 წლის 1 იანვრიდან გაეზრდებათ.
„სამწუხაროდ ჩვენ მოკლებულები ვართ შესაძლებლობას, რომ ამ ეტაპზე ხელფასის ზრდა მოვითხოვოთ, იმიტომ, რომ ისევ საბიუჯეტო ასიგნებებამდე მივდივართ. თუმცა, ვფიქრობთ, რომ მანამდე ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს,"- განაცხადა თამარ ბარკალაიამ.
მისი განმარტებით 2020 წლის 1 იანვრამდე დარჩენილი 8-9 თვის განმავლობაში კონცენტრირებაა საჭირო იმისთვის, რათა ყველაფერი გაკეთდეს სოციალური მუშაკის ტვირთის შესამსუბუქებლად, როგორც საქმიანობის, ისე ტრანსპორტირებისთვის გაწეული ხარჯების მიმართულებით.