თამარ შუკვანი
29.03.2019

 რუსეთში „ყალბი ამბების" გავრცელებისთვის ცენზურა დაწესდა. 29 მარტს ძალაში შევიდა კანონები, რომლის თანახმადაც, „ყალბი ამბების" გავრცელებისთვის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. მოქალაქეს შესაძლოა 100 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწიოს, ანდა 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯოს.

„ეს არის სიტყვის თავისუფლების აშკარა შეზღუდვა. რუსეთი, ზოგადად, არათავისუფალი ქვეყანაა და ცენზურის დაწესება, - თითქოს ყალბი ამბების გავრცელება და ანტირუსული პროპაგანდა საბჭოთა პერიოდს გვაგონებს.

თუკი რაიმე კრიტიკულ აზრს დააფქსირებდი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ნიშნავდა, რომ ანტისაბჭოთა აგიტაციას ეწეოდი. რუსეთი დღეს იგივე მეთოდით მოქმედებს," - ამის შესახებ „რეზონანსს" ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ განუცხადა.

რუსეთში მოქალაქეებს „ყალბი ამბების" გამოქვეყნებისთვის 100 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ, თანამდებობის პირებს 200 ათასი რუბლის, ხოლო იურიდიულ პირებს კი, - ნახევარი მილიონი რუბლის. იმ შემთხვევაში თუკი ადგილი ექნება დარღვევის გამეორებას, იურიდიული პირებისთვის ჯარიმამ შესაძლოა მილიონნახევარ რუბლს მიაღწიოს.

ამასთანავე, ხელისუფლებისა და სახელმწიფო სიმბოლოების შეურაცხყოფისთვის მოქალაქეები შეიძლება 100 ათასი რუბლითა დაჯარიმდნენ და 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდოთ. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი, ჯარიმა 200 ათას რუბლამდე გაიზრდება.

რამდენად მართებულია მსგავსი ცენზურის შემოღება და საერთაშორისო ასპარეზზე რა გავლენას ჰპოვებს? ამ საკითხთან დაკავშირებით, „რეზონანსი" ანალიტიკოსს, ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა.

მისი თქმით, ეს ცენზურა ადამიანის უფლებების დარღვევევას წარმოადგენს; მისი თქმით, საბჭოთა პერიოდში ვერც საბჭოთა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მსგავსი ცენზურის დამკვირდება და დღეს ვერც რუსეთი შეძლებს სიტყვის თავისუფლების ამკრძალავი ცენზურის ამუშავებას.

„რუსეთი ცდილობს, რომ მოსახლეობას არ მიეწოდებოდეს შესაბამისი ინფორმაცია დასავლეთიდან. ცივი ომის პერიოდში, როდესაც ინტერნეტი ჯერ არ იყო, სხვადასხვა რადიოსაშუალებები მეტ-ნაკლები წარმატებით ავრცელებდნენ ინფორმაციას, რადგან ამ რადიოტალღებს საბჭოთა ხელისუფლება ახშობდა, მაგრამ, სხვადასხვა მედიასაშუალებები ცდილობდნენ, რომ საბჭოთა მოქალაქეებისათვის ობიექტური ინფორმაცია მიეწოდებინათ.

„რუსეთი ცდილობს გარკვეულწილად შეზღუდოს საინფორმაციო საშუალებები, მაგრამ დღეს გაცილებით რთულია ეს. საბჭოთა კავშირმა ვერ მოახერხა და დღეს რუსეთსაც გაუჭირდება მსგავსი რამ - გლობალური ინტერნეტიდან გათიშვის შემთხვევაში, აღკვეთოს იმ ინფორმაციის მიღება რუსეთის მოქალაქეებისათვის, რომელიც კრემლისთვის მიუღებელია. რუსეთს ძალიან გაუჭირდება მსგავსი პოლიტიკის გატარება," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×