(რეზონანსი) ხონის ფსიქიატრიული თავშესაფრიდან 60 წლის ქალი ავტოქარხნის საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს - ამის შესახებ "ქრონიკასთან" პაციენტის დამ ნინო ბიგვავამ განაცხადა.
მისი მტკიცებით, ქეთინო ბიგვავა საავადმყოფოში 17 მარტს გადაიყვანეს და ამ დრომდე ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.
ბიგვავასთვის უცნობია, რა მოხდა ფსიქიატრიულში და საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. მისი თქმით, დის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გუშინ გაიგო, მანამდე კი ფსიქიატრიულის ადმინისტრაციაში განუმარტეს, რომ ქეთინო ბიგვავა დაეცა და მცირე დაზიანება მიიღო.
საკუთარი და ნინო ბიგვავამ გუშინ ნახა. მისი თქმით, პაციენტს დაზიანებები და სილურჯე თვალის, ყელის, ყურის, ხელის და ფეხის მიდამოებში აღენიშნება. ბიგვავა დარწმუნებულია, რომ მისი და სასტიკად ნაცემია.