(რეზონანსი) ხონის ფსიქიატრიული კლინიკის ექიმებს პაციენტის ცემაში ადანაშაულებენ. 60 წლის ქალი ქუთაისში, „ჰოსპიტალ სერვისში" კრიტიკულ მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ოჯახი ამბობს, რომ ქალს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული. სწორედ ამიტომ, მიუღებელია ფსიქიატრიული კლინიკის ხელმძღვანელი პირების განმარტება, რომ პაციენტმა დაზიანებები კიბეზე დაგორების შედეგად მიიღო.
„ექიმი მეუბნება, რომ შენი და არის მომაკვდავი, შეერთებულია აპარატზე და თუ ჰყავდა ამ ქალს ვინმე არ ვიცოდითო. ავდივართ ზემოთ და ვხედავ სურათს, ჩემი და არის ნაწამები, ნაცემი, დაჭრილი, ხელმოტეხილი, თვალები თითქმის ამოგდებული, ყური მოგლეჯილი და როგორ ფიქრობთ, ამას ვაპატიებ?", - ამბობს პაციენტის და ნინო ბიგვავა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, 60 წლის ქალი ფსიქიატრიულ კლინიკაში ბოლო ორი წელია მკურნალობს.
რამდენიმე დღის წინ ოჯახი მის მოსანახულებლად მივიდა, თუმცა ექიმებმა მათ უთხრეს, რომ ქალს ჰაერის უკმარისობა ჰქონდა და საავადმყოფოში იმყოფებოდა.
მოგვიანებით, ოჯახის წევრების განცხადებით, მათ თავად კლინიკიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მათი ოჯახის წევრი კრიტიკულ ვითარებაში ქუთაისში ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა.
მომხდარზე უკვე დაიწყო გამოძიება.