ეკატერინე ბასილაია
29.03.2019

 აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც ანგარიშის მიხედვით ფულის გათეთრება ხდება. ანგარიშში საქართველოში უკანონო შემოსავლების მთავარ წყაროდ საბანკო თაღლითობა და კიბერდანაშაული სახელდება. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო კავკასიაში მდებარეობის გამო დაუცველია ნარკოტრანზიტისგან და 2018 წლის აპრილში 15 მეტრული ტონა ძმარმჟავის ანჰიდრიდი ამოიღეს ფოთის პორტში, რაც ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოდენობაა ნარკოდანაშაულისას.

ამ ანგარიშს, უკვე ერთგვარი ტრადიციისამებრ, ხელისუფლებიდან ბრალდებები და არასამთავრობოებზე თავდასხმა მოჰყვა განცხადებებით, რომ არასამთავრობო სექტორი აშშ-ის არასწორ ინფორმაციას აწვდის და უხერხულობაში აგდებს.

„ოცნების" ლიდერების კრიტიკა გამოიწვია დოკუმენტში არსებულმა ერთმა უზუსტობამ, რომ „2018 წლის ივლისში საქართველომ კანაფის სამედიცინო მიზნით კულტივირება და წარმოება ლეგალური გახადა და მისი პერსონალური მოხმარების დეკრიმინალიზება მოახდინა".

აღსანიშნავია, რომ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის მართლაც იყო ინიცირებული პარლამენტში და თუმცა დიდი ხმაურის შემდეგ კანონპროექტი უკან გაიწვიეს და ახლა ანგარიშში ამ მცირე უზუსტობის გამო „ქართულმა ოცნებამ" არასამთავრობოები დაადანაშაულა ვაშინგტონში არასწორი ინფორმაციების მიწოდების გამო.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტისთვის აღნიშნული ინფორმაციის მიმწოდებელმა სერიოზული უხერხულობა შექმნა და ქართველი არასამთავრობოები ამის გამო სერიოზულ საყვედურს მიიღებენ.

„ფიქრობ, ძალიან სერიოზულ საყვედურს მიიღებენ ადამიანები თუ ქართული ორგანიზაციები, რომლებმაც მთავარი სტრატეგიული პარტნიორები ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს, როცა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხვდება ინფორმაცია, რომ საქართველომ თითქოს, გადაწყვეტილება მიიღო, რომ მარიხუანას კულტივაცია ლეგალურია, - განაცხადა მდინარაძემ.

გია ვოლსკის თქმით, არის საკითხები, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გარკვეულწილად ჩრდილს აყენებს, თუნდაც ის ფაქტი, რომ მარიხუანას კულტივირებაზე მტკიცებით ფორმაშია საუბარი.

თამარ ჩუგოშვილმა თქვა, რომ არ იცის ვინ არის ინფორმაციის მიწოდების წყარო, საელჩო თუ სხვადასხვა ორგანიზაციები, მაგრამ ამ ბოლო დროს მოუხშირა დეპარტამენტმა ფაქტობრივი შეცდომების დაშვებას ანგარიშებში, რაც უბრალოდ არ არის არანაირად სასარგებლო თვითონ იმ საქმისთვის, რომელსაც ერთად ვაკეთებთ.

მაგალითად, წერია ისიც, რომ ფულის გათეთრების ნაწილი არის და წერია ისიც, რომ კულტივაცია არის ლეგალური ქვეყანაში, რაც ასე არ არის და ყველამ კარგად ვიცით, რომ კულტივაცია ნარკოტიკების, მარიხუანის, არ არის ქვეყანაში ლეგალური, ამიტომ, რაღაც ფაქტობრივი შეცდომებიც არის როგორც ჩანს ერთ მხრივ, მაგრამ, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები ქვეყანაში რომ არსებობს, ამაზე ჩვენ ყველაზე მეტი ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტისგან კი არა, შს მინისტრისგან მოვისმინეთ," - განაცხადა ჩუგოშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებზე მორიგ თავდასხმას ბრალდების ადრესატებიც გამოეხმაურნენ.

საია-ს თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ „ოცნების" წევრებს მოუწოდა, როდესაც მთელ სამოქალაქო სექტორზე საუბრობენ, უმჯობესია კონკრეტულად დაასახელონ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ამ საკითხებზე ანგარიში გადაუგზავნა.

„მე ახალი მესიჯბოქსი დავინახე ამ განცხადებაში, რომ რაღაც უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ თურმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები სახელმწიფო დეპარტამენტს, სტრატეგიულ პარტნიორს. წინა კვირაში გვესაუბრებოდნენ, რომ ჩვენ შეცდომაში შეგვყავს, დღეს უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება. უბრალოდ ჩამოყალიბდნენ, კარგად დააზუსტონ და ასე ელაპარაკონ საზოგადოებას, ალბათ, უმჯობესია," - განაცხადა სალაძემ.

ცნობისათვვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მიმოხილულია მსოფლიოს 70 ქვეყანაში შექმნილი ვითარება, მათ შორის საქართველოში.

ანგარიში 2018 წელს მოიცავს და მასში საუბარია საერთაშორისო ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე და ასევე, ფულის გათეთრებასა და ფინანსურ დანაშაულზე.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო კავკასიაში კონტრაბანდის ტრადიციულ მარშრუტზე მდებარეობის გამო მოწყვლადია ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ოპიუმით, ჰეროინით და ჰეროინის დამზადებისთვის გამოყენებადი ქიმიკატებით - ძმარმჟავის ანჰიდრიდით უკანონოდ ვაჭრობენ. მაგალითად დასახელებულია, რომ 2018 წლის აპრილში ფოთის პორტში 15 მეტრული ტონა ძმარმჟავის ანჰიდრიდი გამოავლინეს, რომელიც, სავარაუდოდ, ჩინეთიდან ავღანეთში, ჰეროინის საწარმოებლად გადაჰქონდათ.

ანგარიშში საუბარია, რომ სინთეტიკური და "კლუბური" ნარკოტიკი ყველაზე პოპულარულია საქართველოში, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში.

2018 წლის აპრილში პოლიციამ რეიდი ჩაატარა ორ პოპულარულ ღამის კლუბში, თბილისში. ამ მოვლენებს ათასობით ადამიანის პროტესტი მოჰყვა, რამაც ხელისუფლება აიძულა, შეერბილებინა ნარკოპოლიტიკა", - ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, აშშ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას კრიმინალის, ნარკოდანაშაულისა და ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „საქართველოში არალეგალური შემოსავლის დიდი ნაწილი საბანკო თაღლითობიდან, კიბერდანაშაულიდან და ფულადი სახსრების უკანონოდ მითვისებიდან მომდინარეობს".

სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს სამართარლდამცველმა სტრუქტურებმა ყურადღება უფრო მეტად უნდა გაამახვილონ ორგანიზებულ დანაშაულსა და ფულის გათეთრებას შორის კავშირის დადგენაზე.

„საქართველომ ასევე უნდა გადადგას ნაბიჯები სათამაშო ინდუსტრიაზე ზედამხედველობის კუთხით", - ნათქვამია დოკუმენტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×