მარი ჩიტაია
29.03.2019

 გავლენიანი ლობის საშუალებით სათამაშო ბიზნესი შესაძლოა, კვლავ მკაცრი კონტროლის მიღმა დარჩეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბაზარზე ფულის გათეთრების სქემები რეალურად დადასტურდა, არასამთავრობო სექტორში ნაკლებად აქვთ მოლოდინი, რომ მსგავს ფაქტებზე მთავრობა რეაგირებას მოახდენს. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ 2018 წლის ანგარიშში აღინიშნა, რომ ახალი სამორინე შენდება რუსეთთან საზღვართან, რამაც შესაძლოა უზრუნველყოს ორგანიზებული დანაშაულისგან მიღებული შემოსავლის გათეთრება. ის, რაზედაც ბოლო დრომდე არასამთავრობო ორგანზიაციებსა და ექსპერტებზე დაყრდნობით აქტიურად წერდა "რეზონანსი", საბოლოოდ დასტურდება. თუმცა, ნაკლებად არის მოლოდინი, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხს სათანადო ყურადღება მიექცევა. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ სათამაშო ბიზნესში ფულის გათეთრების რისკი დიდია.

"სათამაშო ბიზნესი და აზარტული თამაშები მთელ მსოფლიოში ითვლება ფულის გათეთრების ერთ-ერთ მნიშვნელოვნად წყაროდ და ამის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა. განსაკუთრებით იმ სიტუაციაში და ისეთ ქვეყნებში, როცა ეს სეგმენტი არ არის რეგულირებული და ფინანსური გამჭვირვალობა არ არსებობს. ასეა ჩვენთანაც, ფინანსთა სამინისტროსაც არა აქვს სათანადოდ წვდომა და არ შეუძლია მიმდინარე ტრანზაქციების დეტალურად დაინახოს. ეს ფულის გათეთრების რისკს ქმნის. ამაზე უცხოური ორგანიზაციები ხშირად მიგვანიშნებდნენ, კეთდებოდა განცხადებები, თუმცა კონკრეტული მაგალიტები არ დასახელებულა. როცა ამ საკითხზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობს, ჩვენი მთავრობის მხრიდან სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს და რეაგირება მოახდინონ", - ამბობს კაპანაძე და დასძენს, რომ ბიზნესს გავლენიანი პირები ლობირებენ, რის გამოც შესაძლოა ეს სფერო რეგულაციების მიღმა დარჩეს.

"ნაკლებად ველი, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, რადგან აზარტულ თამაშებს ჰყავს ლობი როგორც ბიზნესში, ასევე პოლიტიკაში, რომელიც გავლენის მოხდენას ახერხებს. შესაბამისად, ეს სექტორი რეგულაციების მიღმა რჩება. კონკრეტულად ვერავის დავასახელებ, მაგრამ დარგი, რომელიც ქვეყანაში ყველაზე მაღალ შემოსავალს იღებს, ცხადია, გარკვეული ჯგუფების და პირების გავლენითაც სარგებლობს. ფაქტები და მაგალითები გვაქვს, როცა პარლამენტი, პრემიერ-მინისტრი და მინისტრები ხშირად საუბრობდნენ, რომ რეგულაციები უნდა მიეღოთ, მაგრამ შედეგისთვის რეალურად არ მიგვიღწევია. ეს პროცესი ფერხდება იმ ჯგუფების მიერ, რომლებიც ღიად არ ჩანან, მაგრამ ამ სექტორსა და მთელ პოლიტიკაში გავლენებს ფლობენ", - აცხადებს კაპანაძე. 

ფულის გათეთრების სექმაზე საუბრობს ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილიც, რომელსაც აინტერესებს თუ სად მიდის ფული, რომლის გათეთრებაშიც სათამაშო ბიზნესი ამხილეს.

"ჩემი აზრით, საინტერესო აქცენტებია დასმული. განსაკუთრებით საფრთხისშემცველია, როცა საუბარია საბანკო სფეროსა და ფულის გათეთრებაზე. ისეთი ქვეყნები, როგორიც ჩვენ ვართ, ეს პროცესი დამახასიათებელია, რადგან არ გვაქვს შესაბამისი კანონმდებლობა და ამასთან ადმინისტრირება-აღრიცხვა კარგად ვერ ხერხდება. უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პრობლემაა და კომპანიები ფულის წარმომავლობით ნაკლებად ინტერესდებიან. 

გააჩნია იმასაც, სად მიდის და რაში იდება ეს ფული, თუ საუბარია, რომ შავი ფული შეიძლება პოლიტიკაში მოხვდეს ან ისეთ სფეროში, როგორიცაა საბანკო სექტორი, ამ საკითხს სწორად უნდა მიუდგეს როგორც ეროვნული ბანკი, ასევე სახელმწიფო. წარმოებაში თუ იდება საეჭვო წარმომავლობის ფინანსები, არ გამოვრიცხავ, მთავრობა თვალს ხუჭავდეს. 

სავალუტო ფონდის კვლევებითაც დასტურდება, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკაა ქვეყანაში, თითქმის 50%-ს აჭარბებს. არ არის გასაკვირი, რომ ამ დროს შავი ფული ტრიალებდეს, განსაკუთრებით სათამაშო ბიზნესში, რომლის ბრუნვა ბოლო წლებში არნახულ მასშტაბებს აღწევს. საეჭვოა, როცა ქვეყნის ეკონომიკა არის 41 მლრდ ლარი და 11 მლრდ ლარი სათამაშო ბიზნესზე მოდის, შესაბამისი ორგანოები ამ საკითხით, მინიმუმ, უნდა ინტერესდებოდნენ, განსაკუთრებით საქართველოს ტიპის, ღარიბ ქვეყანაში", - ამბობს "რეზონანსთან" ჯანიაშვილი.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მსგავსი ტიპის განცხადების გაკეთება ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფერის კონკრეტული მტკიცებულებები გააჩნიათ და სიტუაცია საგანგაშოა - ასე ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის ანგარიშს.  

"არ გამოვრიცხავ, რომ ეს შორსწასული პროცესია. ამიტომ მოხვდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ქვეყანაში, რომელიც მყიფეა, განვითარებადია, ნაკლებად სტაბილურია, უკანონო შემოსავლებისთვის ყოველთვის კარგი პლაცდარმი არსებობს. ეს პრობლემა ყოველთვის იყო საქართველოში, თუმცა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არასდროს მოხვედრილა. საინტერესოა, რატომ მოხვდა ეხლა - შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ დანაშაულს საქართველოში დღეს სახელმწიფო ჩინოვნიკების მხრიდან ძლიერი ლობი გამოუჩნდა. შესაძლოა, სწორედ ეს ინფორმაცია მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტმა და ამიტომაც გააკეთა ასეთი მკაცრი შეფასება", - აღნიშნავს ცომაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×