ინგუშური „ომონის" მთელი ბატალიონი - 400-მდე პოლიციელი - მთლიანად დაშალეს და რესპუბლიკის პოლიციის სხვადასხვა რაიონულ განყოფილებებში გადაანაწილეს, 19 „ომონელი" კი საერთოდ დაითხოვეს ძალოვანი სტრუქტურებიდან ფორმულირებით - „ნდობის დაკარგვა". ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ეს ბატალიონი ბრძანებას არ დაემორჩილა და ინგუშეთის დედაქალაქ მაგასის ცენტრში საპროტესტო აქციის დაშლაზე უარი თქვა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ინგუშეთის პრეზიდენტის ყოფილი პრესმდივანი, ადვოკატი კალოი ახილგოვი წერს.:
„ყველაფერი მაშინ მოხდა, როდესაც მათ (ინგუშმა პოლიციელებმა) არ შეასრულეს მომიტინგეთა დაშლასთან დაკავშირებით მიღებული ბრძანება. ამ პოლკის წყალობით მომიტინგეთა შორის მსხვერპლი არ იყო. მათ „როსგვარდიელთა" მნიშვნელოვან ნაწილს არ მისცეს იმ ტერიტორიაზე შესვლის საშუალება, სადაც მომიტინგეები იყვნენ", - დაწერა კალოი ახილგოვმა „ტვიტერზე".
შეგახსენებთ, რომ შეტაკება რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოყვანილ „ომონისა" და „როსგვარდიის" ნაწილებსა და მომიტინგეებს შორის მაგასში 27 მარტს მოხდა, რა დროსაც ადგილობრივი, ინგუში „ომონელები" დანარჩენ ძალოვნებსა და აქციის მონაწილეთა შორის ჩადგნენ და გამშველებლის ფუნქცია შეასრულეს.
რუსულ სანფორმაციო სააგენტო „მედიაზონასთან" საუბრისას ინგუშური „ომონის" ერთერთ თანამშრომელმა აღნიშნა, რომ რეალურად ბატალიონის 375-კაციანი შემადგენლობიდან სამსახურიდან გაუშვეს არა 19, არამედ 17 თანამშრომელი. ამასთან, მისივე თქმით, ინგუშურ „ომონს" აქციის დაშლის ბრძანება არ მიუღია. მათ უბრძანეს არ ჩარეულიყვნენ და ხელი არ შეეშალათ სხვა რეგიონებიდან გადმოსროლილი რუსი სპეცრაზმელებისათვის მოედნის მომიტნგეებისაგან გათავისუფლებაში. თუმცა, როდესაც სიტუაცია უმართავი გახდა და გაჩნდა ორივე მხრიდან მსხვერპლის და მასშტაბური სისხლისღვრის საშიშროება, მაშინ მათ დაზარალებულთა გამოყვანა დაიწყეს და დაპირისპირებულ მხარეებს შორის ჩადგნენ.
„მათი (ინგუში „ომონელების") განთავისუფლების ბრძანება იქიდან იყო მიღებული, სადაც თქვენ ხართ ახლა (მოსკოვიდან). სწორედ ეს პოლიციელები შუაში ჩაუდგნენ მომიტინგეებსა და ჩამოსულ ძალოვანებს, რათა სისხლიღვრა აეცილებინათ თავიდან... სხვათა შორის, ჩვენს პოლიციელებსაც არანაკლები მოხვდათ - სკამებიც, მილებიც და ა.შ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც გამოიყვანეს იქიდან (ჩამოსული „ომინის" თანამშრომლები).
„ახლა კი ამბობენ, რომ თითქოს ჩვენი თანამშრომლები რაღაც ბრძანებას არ დაემორჩილნენ. ან ის „ომონის" თანამშრომლები უნდა გამოეყვანათ იქიდან, რომლების ძირს იწვნენ, შველას ითხოვდნენ და ყვიროდნენ - „გვიშველეთ, გამოგვიყვანეთ აქედან"; ან მომიტინგეები უნდა დაეშალათ.
„ჩვენი თანამშრომლები, შეძლებისდაგვარად, ეცადნენ, ყველაფერი გაეკეთებინათ ისე, რომ სისხლისღვრის გარეშე დამთავრებულიყო დაპირისპირება...
„ჩვენს თანამშრომლებს მისცეს ბრძანება, რომლის თანახმადაც არ უნდა ჩარეულიყვნენ. მაგრამ როგორც კი ამ „ომონის" თანამშრომლების ცემა დაიწყეს, ჩვენებმა მიირბინეს და მათი გამოყვანა დაიწყეს. მათი (ჩამოსული „ომონის" თანამშრომლების) დატოვება იქ არ შეიძლებოდა, უბრალოდ გაიჭყლიტებოდნენ.
„ჩვენები იდგნენ მათსა და მოქალაქეებს შორის. ახლა კი ისე გამოდის, რომ თითქოს აქციის დარბევას უშლიდნენ ხელს. ისინი უსამართლოდ გაათავისუფლეს", -განაცხადა ინგუშმა „ომონელმა" „მეიდაზონასთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ მაგასში ყველაფერი საბოლოოდ მსხვერპლის გარეშე დასრულდა. აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო სტრუქტირებთან შეათანხმეს, რომ 5 დღეში ისევ განაახლებენ საპროტესტო აქციებს.
ცნობისათვის, მოსახლეობა ჩეჩნეთთან საზღვრის შეცვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და რესპუბლიკის ლიდერის, იუნუს-ბეკ ევკუროვის გადაადგომას ითხოვს. ანალოგიური მოთხოვნებით სახალხო მღელვარებები ინგუშეთში შარშან შემოდიმაზეც იყო, თუმცა მაშინ გამოსვლები მშვიდობიანად დასრულდა.