რეზონანსი
30.03.2019

 ლევან მურუსიძის ინტერვიუს გადაცემა „პირველებში“ არასამთავრობო ორგანიზაციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობად აფასებს და ამბობს, რომ თავის დროზე გირგვლიანის საქმეზე მურუსიძემ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც იმ დროს აწყობდა.

„არაერთხელ გაგვივლია, მათ შორის ბატონი მურუსიძის მონაწილეობით, საჯაროდ ეს საკითხი. ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რამდენიმე საათი დავჯდეთ და ბატონი მურუსიძის ნაცვლად გადაწყვეტილებები ვწეროთ და ვაფრიალო აქეთ-იქით. 

„თვითონ ცხადად იცის რა შეეძლო გაეკეთებინა. მას შეეძლო, თუ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა დაეწერა განსხვავებული აზრი; თუ კანონი აბრკოლებდა მის დამოუკიდებლობას, შეეძლო ეს კანონი გაესაჩივრებინა საკონსტიტუციო სასამართლოში და ეთქვა, რომ  ეს კანონი არაკონსიტუციურია. 

„თუ კი თვლიდა, რომ რაიმეს გაკეთება სურდა ამ საქმეზე, ბატონ შალვა შავგულიძეს ჰქონდა დაყენებული შუამდგომლობა, რომ საქმეზე გარკვეული მტკიცებულებები არ იყო სათანადოდ მოპოვებული და გამოკვლეული, რადგანაც არც პირველმა და არც მეორე ინსტანციამ არ მისცა უფლება ბატონ შალვას და დაზარალებულის ოჯახს ამოეღოთ ჩანაწერები, რასაც შესაძლოა გადამწყვეტი მნიშველობა ჰქონოდა საქმეზე სწორი კვალიფიკაციისთვის. ბატონმა მურუსიძემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„ამიტომ ახლა საუბარი იმაზე, რომ გირგვლიანის საქმეში ანგელოზი ვარ და საქმეში გაუთვიცნობიერებელი ადამიანებისთვის თქვა, რომ ეს იყო კანონი და სხვა რა მექნა, არის თვალებში ნაცრის შეყრა, რადგანაც ძალიან ბევრი რამ შეეძლო ექნა. 

„მოსამართლე იმით განსხვავდება კომპიუტერისგან, რომ ადამიანია და აზროვნებს. თუ თვლის, რომ კანონი არასწორია და ხელს უშლის,  შეეძლო მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. მაგრამ მან ეს არ გააკეთა, რადგან მაშინ ასე აწყობდა. 

„პროკურატურას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს ამ საქმეში, მაგრამ თუ ამბობს, რომ გადაწყვეტილება კანონიერია, გამოდის კანონიერი იყო ყველა ის გადაწყვეტილება, რაც მის ქვემოთ მდგომმა ინსტანციებმა მიიღეს. ახლა თავის შეცოდება მისი მხრიდან ნამდვილად უადგილოა“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ცნობისათვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ ლევან მურუსიძე გადაცემა „პირველებში“ გირგვლიანის საქმეზე საუბრა და განაცხადა რომ  პროკურატურის პასუხისმგებლობის მასზე გადმობრალება არასწორია.

„მე შევთავაზე არასამთავრობო სექტორს, დამიწერეთ გადაწყვეტილება, მურუსიძის ადგილას რომ ყოფილიყავით, რომლით დააბრუნებენ  საქმე  ვედა ინსტანციაში. 3 წელი გავიდა და საერთოდ ვერ წერენ“, - განაცხადა მურუსიძემ.

ნათია ფეხშველაშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×