1-2 აპრილს თბილისში ვენეციის კომისიის ექსპერტები ჩამოდიან და მათი ვიზიტი ამჯერად უზენაესი სასამართლოს წევრების უვადოდ არჩევის კრიტერიუმებზე მომზადებულ იმ კანონპროექტს ეხება, რომელიც პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
„ოცნების“ ლიდერები წინასწარ აანონსებენ, რომ კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, მაგრამ ყველას არა და ყველას გათვალისწინება არსად არ ხდება.
ოპოზიცია, არასამთავრობოები და ექსპერტები კი აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძის მიერ დაწერილი კანონპროექტი ჩინჩლაძე-მურუსიძის კლანური მმართველობის სასამართლოში უვადოდ დარჩენის საფრთხეს ქმნის, ამიტომ ვენეციის კომისიის ექსპერტებისთვის ამ საფრთხის კარგად ახსნას გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ კომისიას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს კობახიძის ჯგუფზე, რომ კანონპროექტი არ დამტკიცდეს.
ვენეციის კომისიის ექსპერტები 1-2 აპრილს შეხვედრებს გამართავენ „ოცნებასთან“, ოპოზიციასთან, არასამთავრობოებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან. დასკვნას კი დაახლოებით 2 კვირაში დადებენ და სწორედ 2 კვირითაა გადადებული კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებაც.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ 2 კვირის შემდეგ „ოცნება“ ისეთ კანონს მიიღებს, რაც მას ხელს აძლევს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებაზე საუბარი ეს მხოლოდ დემოკრატობანას თამაშია.
„ხელისუფლება მოიქცევა ისე, როგორც კონსტიტუციის მიღებისას - იტყვის, რომ გაითვალისწინებს ნაწილს, იმას, რომელიც კონსტიტუციასთან თანხვედრაშია; რატომ არ იქნებოდა დანარჩენი ნაწილი თანხვედრაში, ამაზე ყურადღებას არ გაამახვილებს და მიიღებს კანონს ისე, როგორც აწყობს...
„ჩვეულებრივი დემოკრატობანას თამაშია, რომელსაც აგერ 30 წელია ვთამაშობთ, მეტი არაფერი. პიარია. საქართველოში ყველა ხელისუფლება ასე იქცეოდა - ვენეციის კომისიას მიმართავდნენ, შემდეგ კი იღებდნენ იმ კანონს, რაც თავად აწყობდათ,“ - ამბობს ძაბირაძე.
ის, რომ „ოცნება“ მხოლოდ ზოგად რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და ამით კანონპროექტის ძირეული გაუმჯობესებას ვერ მივიღებთ, ამის მოლოდინი „ოცნების“ ლიდერებმა უკვე ისედაც შექმნეს.
როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა, ქართულმა მხარემ ვენეციის კომისიასთან ახალ კონსტიტუციაზე ძალიან წარმატებით იმუშავა, ახალი კონსტიტუცია შექმნა და პრობლემა არც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან მიმართებაში იქნება.
„ბოლო სამი დღის განმავლობაში კითხვა ძალიან უცნაურად ისმევა - გაითვალისწინებთ თუ არა ყველა რეკომენდაციას, რაც ძალიან უხერხული კითხვაა, რადგან ასეთი დათქმა თანამედროვე მსოფლიოში არ არსებობს, რადგან ვენეციის კომისია ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რომელიც რეკომენდაციებს გასცემს და პასუხისმგებლიანი სახელმწიფოები რეკომენდაციების დიდ ნაწილს იზიარებენ ხოლმე,“ - აცხადებს მდინარაძე.
მისი თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილს გაითვალისწინებენ.
„რეკომენდაციების დიდ ნაწილი უნდა გავითვალისწინოთ, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც სამართლებრივ ლოგიკასთან იქნება შესაბამისობაში და კონსტიტუციის ჩარჩოებში იქნება მოქცეული. არარელევანტური და არასწორია კითხვა, რომელიც გულისხმობს, გავითვალისწინებთ თუ არა ყველა რეკომენდაციას, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ ხდება“, - განაცხადა მდინარაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსამართლეებთან დაკავშირებით პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტზე სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან, ამიტომ არ ელოდება რაიმე სერიოზულ შენიშვნებს.
ამასთან, მისი თქმით, მმართველი გუნდი გაიზიარებს „ყველა იმ შენიშვნას, რომელიც იქნება გამომდინარე კონსტიტუციის პრინციპებიდან და ზოგადად, ევროსაბჭოს რეკომენდაციებიდან“.
„ამ ჩარჩოებში, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ ყველა შენიშვნას ვენეციის კომისიის მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.
ხელისუფლების ამ რიტორიკის პარალელურად ოპოზიცია ცდილობს საკუთარი შეშფოთება კარგად აუხსნას კომისიის ექსპერტებს.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო 15-მა ოპოზიციურმა პარტიამ ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს განცხადებით მიმართეს, სადაც დეტალურადაა განხილული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი და 10-კაციანი სიასთან დაკავშირებული პროტესტი.
მიმართვაში ჩამოთვლილია კანონპროექტის ხარვეზები, მათ შორისა ის, რომ კანდიდატთა წრე შეზღუდულია მხოლოდ იმ პირებისთვის, ვისაც ჩაბარებული აქვს სამოსამართლეო გამოცდა. ასევე გათვალისწინებული არ არის კეთილსინდისიერების კრიტერიუმი; მეორე ეტაპზე შესაძლებელი კანდიდატთა რაოდენობის თვითნებური შემცირება; პლუს, არ არსებობს გადაწყვეტილების დასაბუთების მოთხოვნა და კენჭისყრა არის ფარული.
წერილში ნათქვამია, რომ თუ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის ის ვარიანტი იქნება მიღებული, რაც „ოცნებამ“ პირველი მოსმენით მიიღო, „საქართველო ათწლეულებით დააკანონებს კლანურ მმართველობას მართლმსაჯულების სისტემაში“ და ხელისუფლების ეს ნაბიჯები „სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქართულ დემოკრატიას და რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის განვითარების პერსპექტივას, რამაც შესაძლოა მწვავე სამოქალაქო პროტესტი გამოიწვიოს“.
მიმართვის ავტორები ვენეციის კომისიის პრეზიდენტს საკუთარ რეკომენდაციების ჩამონათვლასაც უგზავნიან.
ოპოზიციას მიაჩნია, რომ ვენეციის კომისიას შეუძლია „ოცნებაზე“ ზეწოლა მოახდინოს და კობახიძის კაბინეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი საბოლოოდ არ დამტკიცდეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძის თქმით, „გამოცდილება გვაქვს, თუ როგორ გამოიყენა ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, როდესაც ის წერდა კონსტიტუციას და გვახსოვს, რაც მოხდა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით“.
მისივე თქმით, „ოცნება“ სათავისოდ წაიკითხავს დასკვნას და „ეს არის ორი კურდღლის დაჭერის მცდელობა, რომ თან გაიმყარონ ვენეციის კომისიასთან უსუსტესი პოზიცია და თან კომისიიდან მიიღონ მხოლოდ ის შეთავაზებები, რაც თავად აწყობთ“.
ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე თვლის, რომ აქ მარტო იუსტიცის საბჭოს ხელახალი დაკომპლექტება და შერჩევის პრინციპი ვერ გამოასწორებს საქმეს, ამ სისტემას მთლიანად რეორგანიზაცია სჭირდება, რაზეც „ოცნება“ რა თქმა უნდა არ წავა.
„სასამართლო ხელისუფლებისადმი ისეთი ზოგადი მიდგომა უნდა შემუშავდეს, რომელიც ჩვენს არსებულ რეალობას მოერგება და საკმარისი არ არის მარტო ის, რომ ესა თუ ის დებულება შეესაბამება თუ არა დემოკრატიის პრინციპებს. დემოკრატიულობაზე ტესტი კი არ უნდა გაკეთდეს, უნდა გამოვიდეთ იქედან, რეალურად რა ვითარება გვაქვს.
„დღეს შერჩევის პრინციპებში ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი რამაა - ვინ და როგორ უნდა შეაფასოს ამა თუ იმ მოსამართლის კეთილსინდისიერება. ეს არის მოსაფიქრებელი. ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი მოსამართლეების უვადოდ განწესების დროს. დანარჩენი არის თამაში,“ - ამბობს ძაბირაძე.