რეზონანსი
31.03.2019

 სამხედრო ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას თქმით, მონტრეს კონვენციაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია, რადგან რუსეთს, როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყანას, შეუძლია დააყენოს ეს საკითხი, მოიწვიონ საერთაშორისო კონფერენცია, დაიწყონ აქტიური მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით.

ცნობისათვის, რუსი დეპუტატები ითხოვენ მონტრეს კონვენციის შეცვლას, რადგან  მიაჩნიათ, რომ ნატოს სამხედრო გემები „ბოროტად სარგებლობენ“ ამ შეთანხმებით და მათი ხშირი სტუმრობა შავ ზღვაში შესაძლოა გარკვეული ინციდენტებისა და პროვოკაციის მიზეზი გახდეს.

მონტრეს კონვენცია 1936 წლიდან არეგულირებს შავ ზღვაში არაშავიზღვისპირა სახელმწიფოების გემების ყოფნის რეჟიმს. ამ შეთანხმებით, არაშავიზღვისპირა სახელმწიფოების სამხედრო გემებს შავ ზღვაში ყოფნის უფლება მხოლოდ 21 დღით აქვთ.

28 მარტს ნატოს სამმა გემმა - კანადურ ფრეგატმა „ტორონტომ“, ჰოლანდიურმა „ევერტსენმა“ და ესპანურმა ფრეგატმა „სანტა მარიამ“ - გაიარეს ბოსფრის სრუტე და ამჟამად საქართველოსკემ მოემართებიან აქ დაგეგმილ მრავალეროვან სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად. 

პირველი განცხადება მონტრეს შეთანხმების გადახედვის აუცილებლობაზე 30 მარტს ოკუპირებული ყირიმის ე. წ. პარლამენტის წევრმა იური გემპელმა გააკეთა. მისი თქმით, შავ ზღვაში არაშავიზღვისპირა სახელმწიფოთა ქვეყნების სამხედრო გემების ხშირი შემოსვლა დაძაბულობის გამომწვევია. 

გემპელი მიიჩნევს, რომ შავ ზღვაში უცხო ქვეყნის სამხედრო გემის შემოსვლა მხოლოდ ყველა შავიზღვისპირა სახელმწიფოს თანმხმობის შემთხვევაში უნდა იყოს დასაშვები.

„თუ ასე გაგრძელდება, საჭირო გახდება დაისვას საკითხი მონტრეს კონვენციის გადახედვის შესახებ, ნატოს სამხედრო გემების შავ ზღვაში ყოფნის შემცირების თვალსაზრისით“, - განაცხადა გემპელმა.

ამ იდეას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში. დეპუტატმა იური შვიტკინმა მხარიდაუჭირა გემპელის წინადადებას, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ კონვენციის შეცვლის ალბათობა არც ისე დიდია, რადგან კონვენციის მონაწილეთა უმრავლესობა ნატოს წევრია. 

„ამას ნებისმიერ დროს შეიძლება მოყვეს პროვოკაცია - ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრების დარღვევა“, -  ამბობს შვიტკინი.

მონტრეს კონვენციასთან დაკავშირებით გადამწყვეტი სიტყვის უფლება შავი ზღვის აუზის ქვეყნებს აქვთ - რუსეთს, თურქეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, უკრაინას და საქართველოს. ამ 6 სახელმწიფოდან 3 ნატო-ს წევრია და 2 კი - ნატოს წევრობის მსურველი. თუმცა, ვახტანგ მაისაიას აზრით, ამის მიუხედავად, რუსეთს მაინც აქვს სასურველი შედეგის მიღწევის შანსი.

„რუსეთი არის შავი ზღვის  აუზის  წევრი ქვეყანა. მას შეუძლია საკითხი დააყენოს და  ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს გაეროს გენერალური ასამბლეის დონეზე და მოხდეს იგივე  მონტრეს კონვენციის რევიზია  ფაქტიურად შავი ზღვის აუზის წევრი ქვეყნების მიერ. შეიძლება მოხდეს, სავარაუდოდ, შავი ზღვის აუზში სამხედრო გემების  შემოსვლის აკრძალვა. ის, რომ წევრმა ქვეყნება არაწევრი ქვეყნების გემების შემოსვლა საერთოდ აკრძალოს, ასე არა, მაგრამ მაქსიმალურად შეიზღუდოს - სწორედ ეს არის ამ რუსი დეპუტატების ძირითადი ამოცანა“, - აღნიშნა მაისაიამ.

ნინი იკაევა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×