რეზონანსი
01.04.2019

 (რეზონანსი) პოლიტიკური პლატფორმა „გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ნარკოტესტზე შემოწმება არ გაიარონ.

მისი თქმით, ტესტირებაზე შემოწმების გავლა კანონის შესაბამისად, მხოლოდ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ ხდება და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება მოქალაქე ტესტირებაზე ძალით დაიყოლიონ.

იაგო ხვიჩია მოსახლეობას გაერთიანებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ „გირჩის" მხრიდან დღევანდელი დღე მხოლოდ ამ თემაზე საუბარს დაეთმობა და ისინი კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ამ კანონს.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.

კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, 3 წლის ვადით სხვადასხვა უფლების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

კანონის აღსრულების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორებმა უკვე გაიარეს შესაბამისი გადამზადების კურსი. ამასთან, დეპარტამენტი სრულად აღჭურვილია გერმანული პორტატიული ნარკოტესტირებით, რომლებიც ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებას ნერწყვის საშუალებით ადგენს.

 

 

 

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×