ბოლო მონაცემებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, მსახიობი და კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი 30%-ით ლიდერობს. ხოლო, მეორე ადგილს მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იკავებს, - 16%-ით. რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს, წინასწარი მონაცემებით, იგი ბრძოლას გამოეთიშა. მეორე ტურში კი, რომელიც 21 აპრილს უნდა გაიმართოს, გამარჯვებისთვის სწორედ ეს ორი კანდიდატი იბროლებს.
რამ გამოიწვია მიღებული შედეგი, რას უნდა ველოდოთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და მოსალოდნელი შედეგი საქართველოსთან მიმართებაში რა გავლენას ჰპოვებს. ამ თემებზე „რეზონანსი" ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა.
„რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, რატომ ლიდერობს ზელენსკი, რაშია მისი ფენომენი?
ნიკა ჩიტაძე: ლიდერობს და დიდი ალბათობით გაიმარჯვებს კიდევაც ოპოზიციონერი კანდიდატი. ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი მარცხდება, რაც პირველ რიგში იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინაში არჩევნების ჩატარების დროს დემოკრატიის უფრო მაღალი ხარისხი არსებობს.
რატომ იგებს ზელენსკი? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს; მას არ გააჩნია პოლიტიკური საქმიანობის შესაბამისი გამოცდილება, მაგრამ, ის არის საზოგადო მოღვაწე და დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. გარდა ამისა, პოროშენკომ უკრაინის წინაშე მდგარი ბევრი პრობლემა ვერ გადაჭრა; კერძოდ, მან ვერ დაამარცხა კორუფცია.
ამასთანავე, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ლიდერობს იზელენსკი, არის ის, რომ მას კოლომოისკი უჭერდა მხარს - წინასაარჩევნო კამპანიის დროს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას უწევდა.
„რ": იმ შემთხვევაში თუკი, უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი გახდება, რა შეიცვლება? თუნდაც, საქართველოსთან მიმართებაში ეს შედეგი რა გავლენას ჰპოვებს?
ნ.ჩ: აღნიშნულმა შესაძლოა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები შეცვალოს; ზელენსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ სიმპათიითაა განწყობილი, ამიტომაც, დიდი ალბათობით სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდება.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის სააკაშვილს მოქალაქეობას აღუდგენს. არ არის გამორციხული, რომ სააკაშვილი მაღალ თანამდებობაზეც ვიხილოთ. შედეგად შესაძლოა საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობები გაცივდეს.
როდესაც სააკაშვილი ოდესის გუბერნატორი იყო, იმ დროს არანაირი ოფიციალური ვიზიტი უკრაინიდან საქართველოში და პირიქით, არ ხორციელდებოდა. შემდგომში, როდესაც სააკაშვილი პოროშენკოს ოპოზიციაში გადავიდა და უკრაინა დატოვა, პოროშენკო საქართველოს ვიზიტით ეწვია.
არ არის გამორცხული, რომ კონტაქტები სამთავრობო დონეზე, მნიშვნელოვნად შესუსტდეს, თუმცა ეს უკრაინა-საქართველოს შორის ვაჭრობის დონეს არ დააზიანებს. კერძო კომპანიებს შორის თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება. ორივე მხარის ვალდებულებაა, რომ წინა პლანზე არ დააყენონ ვიწრო პარტიული ინტერესები ან პირადი ამბიციები, არამედ სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობები.
„რ": ზელენსკი, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, რუსეთისთვის რამდენად მისაღებია?
ნ.ჩ: რუსეთისთვის ის მისაღები კანდიდატი არ არის. რუს კანდიდატს უკრაინაში ძალიან მცირე შანსები აქვს. ითვლებოდა, რომ თითქოს ბოიკო შედარებით პრორუსი კანიდატი იყო, რომლის რეიტინგი შედარებით მაღალია უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში, თუმცა მან მხოლოდ 7-8% მიიღო.
ბატონი ზელენსკი პროდასავლური კანდიდატი გახლავთ და იგი უკრაინის კურსს, ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით, გააგრძელებს.
„რ": როგორ ფიქრობთ, ამ მხრივ რამდენად წარმატებული იქნება მისი მოღვაწეობა?
ნ.ჩ: განისაზღვრება იმის მიხედვით რა გუნდს ჩამოაყალიბებს, ვინ იქნება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები. უკრაინისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. თუ კორუფცია უკრაინაში ვერ დამარცხდება, შესაძლოა ზელენსკის რეიტინგიც დაეცეს და ნაკლები შანსი ჰქონდეს შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებში.
აუცილებელია რეფორმატორთა გუნდის ჩამოყალიბება. თვითონ ზელენსკის არ გააჩნია პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილება, მაგრამ თუ მან შეკრიბა ძლიერი გუნდი, შესაძლებელია ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ, უკრაინამ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს.