მარი ჩიტაია
01.04.2019

 საქართველოში, გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ, პირველი წყალსაცავის მასშტაბური მშენებლობა იწყება. პროექტი იძლევა რეალურ შესაძლებლობას, რომ თეძამი, დღეს ერთი ჩვეულებრივი სოფელი, რამდენიმე წელიწადში ერთ-ერთ თანამედროვე, ნაყოფიერ სოფლად იქცეს და უამრავი მოქალაქის ცხოვრება სასიკეთოდ შეცვალოს. მდინარე თეძამზე აშენდება წყალსაცავი, რომელიც წყლით 10 000 მოქალაქეს მოამარაგებს და შესაძლებელი გახდება 7 000 ჰექტარის მოცულობის მიწის მორწყვა, რომელიც დღეს ფაქტობრივად გამოუყენებელია. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, თეძამის წყალსაცავის პროექტი ისტორიულია, რომლის მიზანი სოფლის გაძლიერებაა. 

"ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან, მე ვიტყოდი ისტორიული პროექტის განხორციელებას. ძლიერი ქართული სოფელი ნიშნავს ძლიერ ქართულ რეგიონებს და ძლიერი რეგიონი ნიშნავს  ძლიერ საქართველოს. ჩვენთვის ქართული სოფლის განვითარება იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ძლიერი საირიგაციო სისტემების მშენებლობა. 

საქართველოში ფაქტობრივად ბოლო 70 წლის განმავლობაში არ აშენებულა ახალი წყალსაცავები. ხშირად ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას არ აქვს პერსპექტივა. მე მიჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება დარგს ჰქონდეს პერსპექტივა, როდესაც საირიგაციო სისტემებიც კი არ არსებობდა საქართველოში?“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, წყლის რესურსების გამოყენება ქვეყნის ეკონომიკურ განვიტარებაზე უდიდეს გავლენას მოახდენს. 

"ეს არის მართლაც უნიკალური პროექტი, რომელიც ახალ სიცოცხლეს შემოიტანს შიდა ქართლში და კონკრეტულად, კასპის რაიონში. საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეებს შორის პირველ ადგილზეა წყალი და წყალთან დაკავშირებული რესურსები. შესაბამისად, წყლის რესურსების გამოყენებას გადამწყვეტი როლი აქვს იმაში, თუ რამდენად წარმატებული იქნება ჩვენი ეკონომიკა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, წყალსაცავის აშენებით იქმნება შესაძლებლობა, რომ სისტემურად და თანამიმდევრულად განხორციელდეს ინფრასტრუქტურული და აგრარული პროექტები, წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორია იქცეს ტურისტულ ზონად, განვითარდეს ტურიზმი.

წყალსაცავით კასპის მუნიციპალიტეტის 22 სოფელი და 9 700 მოქალაქე ისარგებლებს. პროექტში 71 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 500 ადგილობრივი დასაქმდება. ასეთი პროექტი გააუმჯობესებს სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. 

"ჩვენი ეკონომიკის მთავარი პრიორიტეტი სიღარიბის დაძლევაა. ამოსავალი წერტილი ყოველთვის იყო სოფლად წარმოდგენილი ეკონომიკური შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისება იმისათვის, რომ ქართული სოფელი თანამედროვე სოფლად გადავაქციოთ", - აღნიშნა პრემიერმა პროექტის პრეზენტაციისას.

მთავრობის ამბიციური გეგმაა, რომ უახლოესი 6 წლისთვის ქვეყანაში დამატებითი, დაახლოებით, 100 000 ჰექტარი გასარწყავიანდეს, რაც უფრო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის შექმნასთან არის დაკავშირებული.

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის შეფასებით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის შექმნა სოფლის მეურნეობის განვითარების უმნიშვნელოვანესი საფუძველია.

თეძამის წყალსაცავის მშენებლობა გამორჩეული მნიშვნელობის პროექტია და მომავალში მოუწევთ კონსტრუქციულად უფრო რთული პროექტების განხორციელება.

„სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის თვალსაზრისით, განსაკუთრებული დღეა. კასპის მუნიციპალიტეტში ჩვენ ახალი წყალსაცავის მშენებლობას ვიწყებთ.

საქართველოში, ბოლო 50 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში საირიგაციო მნიშვნელობის წყალსაცავი არ აშენებულა.

სახელმწიფომ მიზნად დაისახა და პრიორიტეტად გამოაცხადა სოფლის მეურნეობის განვითარება. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის შექმნა სოფლის მეურნეობის განვითარების უმნიშვნელოვანესი საფუძველია. 

ჩვენ განვახორციელეთ პროექტები, რომლებიც უკავშირდებოდა სარწყავი არხების რეაბილიტაციას. ამ პროექტებში სახელმწიფომ რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. უახლოესი 6 წლისთვის გვაქვს ამბიციური გეგმა - ქვეყანაში დამატებითი, დაახლოებით, 100 000 ჰექტარი გასარწყავიანდება. ეს ეს ყველაფერი დაკავშირებულია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის შექმნასთან, კიდევ უფრო მნიშვნელოვან ინვესტიციებთან, რაც სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია.

სამომავლოდ მოგვიწევს კონსტრუქციულად უფრო რთული პროექტების განხორციელება. მათ შორის, წყალსაცავების მშენებლობა. ამ კუთხით გამორჩეულია თეძამზე წყალსაცავი, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელსაც სამინისტრო განახორციელებს და რომელზეც ვმუშაობდით რამდენიმე წლის განმავლობაში", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

წყალსაცავის მშენებლობა კასპის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მეხილეობის კიდევ უფრო განვითარებას და პროდუქციის რაოდენობას უახლოეს 3 ან 4 წელიწადში გააორმაგებს.

"აგვისტოსა და ივლისის პერიოდში ყველაზე მეტად გვჭირდება წყალი და ამ დროს წყალი მდინარეებში არ გვაქვს, მაგრამ უხვად გვაქვს გაზაფხულზე და შემოდგომაზე. შესაბამისად, თუ ჩვენ ამ წყალს სწორად ვმართავთ, თუ  აშენდება შესაბამისი წყალსაცავები. 

კასპის მუნიციპალიტეტების სოფლები გამორჩეული იყო მეხილეობით. არ შეიძლება არ აღვნიშნო ჩვენი პოლიტიკა, რომელიც უკავშირდება ინტენსიური მაღალი ღირებულების პროდუქციის წარმოებას სოფლის მეურნეობის კუთხით. ვახორციელებთ ახალი ინტენსიური ბაღების გაშენების პროექტს. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ქვეყანაში გაშენებულია, დაახლოებით, 7 000 ჰექტარი ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ბაღები, რაც საქართველოში წარმოებული ხილის პროდუქციის რაოდენობას, უახლოეს 3 ან 4 წელიწადში, გააორმაგებს და ეს ტენდეცია გრძელდება. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროგრამას, ვაგრძელებთ თანადაფინანსებას, მოსახლეობის მხარდაჭერას, რომ მათი საქმიანობა იყოს კეთილდღეობის მომტანი", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 წყალსაცავების პროექტების განხორციელება პრემიერ-მინისტრის მიერ კონტროლზეა აყვანილი. უშუალოდ თეძამის წყალსაცავიდან, სასმელი წყლით 5 სოფელი  მომარაგდება, კაშხალზე მოეწყობა  ჰიდროელექტროსადგური. მშენებლობა მიმდინარე წელს  დაიწყება და 47 თვეში დასრულდება.

სამინისტრო, პარალელურ რეჟიმში, მსოფლიო ბანკთან ერთად სწავლობს და უახლოეს ხანებში განახორციელებს ახაშენის, ილტოს წყალსაცავების მშენებლობას და შესაბამისი საირიგაციო არხების როგორც რეაბილიტაციას, ისე ახალი საირიგაციო სისტემების შექმნას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×