საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები შემოვიდნენ, რომლებიც საქართველოს სანაპიროს დაცვის ორ ხომალდთან, - „დიოსკურიასა" და „ოჩამჩირესთან" ერთად, ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ.
სწავლების მიზანს საქართველოსა და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება წარმოადგენს. ნატო-ს ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 4 აპრილს დატოვებენ.
მეორე საზღვაო შენაერთის შემადგენლობაში შედის: საფლაგმანო ხომალდი HNLMS Evertsen (ნიდერლანდების სამეფო), TCG Yildirim (თურქეთის რესპუბლიკა), BGS DRAZKI (ბულგარეთი) და ROS Regele Ferdinand (რუმინეთი). ნატო-ს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს კომოდორი ბაუდევაინ ბუთსი ხელმძღვანელობს.
ნატო-ს საზღვაო ჯგუფის გემები საქართველოს პარალელურად უკრაინაშიც შევიდნენ. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ნატო განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან. გასულ კვირას ეს თანამშრომლობა ვიხილეთ 2019 წლის ნატო-საქართველოს წვრთნების ფარგლებში.
„ეს გემები მონაწილეობას მიიღებენ საზღვაო წვრთნებში. ვფიქრობ, ამ კვირას ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეათანხმებენ ახალ ზომებს, რათა გავაუმჯობესოთ რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ ცნობიერება და გავზარდოთ ნატო-ს მხრიდან საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის გაწვრთნა და ინფორმაციის გაცვლა," - განაცხადა სტოლტენბერგმა.
კონკრეტულად, რა წვრთნებზეა საუბარი და რა მიზანს წარმოადგენს?
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ეს წვრთები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების კუთხით, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მისი თქმით, ნატო-ს მხრიდან ეს „ფორმალურ ვიზიტს" არ წარმოადგენს.
„შავი ზღვა ყურადღების ცენტრშია, განსაკუთრებით უკრაინის მოვლენების შემდეგ. ამიტომაც, ეს სტუმრობა მხოლოდ ფორმალური ვიზიტი არ გახლავთ, ეს არის ერთობლივი თანამშრომლობის გაღრმავებისაკენ გადადგმული ნაბიჯი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგანაც ჩვენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ასპირანტი ქვეყანა ვართ.
„ეს არის სამხედრო ხომალდები, რომლითაც შეუძლიათ, როგორც სამხედრო ოპერაციებში უშუალოდ მონაწილეობა, ისე სამხედრო კონტიგენტის გადასხმა ნაპირზე, ანუ სამხედრო ძალის ტრანსპორტირება," - აღნიშნა მენაღარიშვილმა.
ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატო-ს წვრთნები არის ერთგვარი ძალის დემონსტრირება რუსეთის წინააღმდეგ, რაც ცივი ომის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.
„ეს წვრთნები ნატო-სა და საქართველოს სამხედრო ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის მიღწევისთვისაა, - იმისათვის, რომ ჩვენ შორის სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობა გაძლიერდეს.
"ამასთანავე, ეს არის ნატო-ს დემონსტრაცია, რომ შავი ზღვა მის შიდა წყლებს წარმოადგენს; ნატო-მ შექმნა მუდმივმოქმედი სამხედრო-საზღვაო ძალების დაჯგუფება, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს და ღონისძიებებს შავი ზღვის აუზის რეგიონში უსაფრთხოების პირობების განსამტკიცებლად.
„ეს არის რუსეთის წინააღმდეგ ძალის დემონსტრაცია. შემოსულია ფრანგული, ბრიტანული, თურქული და ბულგარული ხომალდები. ფაქტობრივად, შავი ზღვის აუზის რეგიონში დაპირისპირება ნატო-სა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დაჯგუფებეს შორის არსებობს, - მიმდინარეობს ცივი ომი," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
ნატო-ს მხრიდან, საქართველოსთან მიმართებაში უფრო მეტად გააქტიურებასა და ამ წვრთნებს, რუსეთის მხრიდან რა შეიძლება მოჰყვეს, - როგორი იქნება კრემლის რეაქცია?
მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი წვრთნების მიმართ რუსეთის რეაქცია ყოველთვის მძიმეა, თუმცა ამან საქართველოზე არანაირი ასახვა არ უნდა ჰპოვოს.
„ის, რომ ჩვენ სამხედრო ხომალდები არ გვყავს, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს გარკვეული როლი საზღვაო ოპერაციებში. ჩვენ ვართ შავი ზღვის სანაპირო ქვეყანა და გვაქვს სანაპირო ინფრასტრუქტურა.
"გარდა ამისა, ჩვენი ტერიტორია არის სივრცე, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესაბამის სტრუქტურებს მოქმედება შეიძლება დასჭირდეთ საჭიროების შემთხვევაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ასევე საჭიროა თანამშრომლობის კუთხით ერთობლივი მოქმედება, როგორც ტაქტიკის დამუშავება, ისე გამოცდილების შეძენა პრაქტიკულ ჭრილში.
„რუსეთის რეაქცია ყოველთვის ნეგატიურია, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია ერთობლივ მზადებასა და საბრძოლო მოქმედების ერთობლივი მონაწილეობაზე. ამ შემთხვევაშიც რუსეთი თავის უკმაყოფილებას გამოხატავს, მაგრამ მას თავისი სტრატეგია და პოლიტიკური ამოცანები აქვს, საქართველოს თავისი. ჩვენ ჩვენი გზით უნდა ვიაროთ," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.