უკრაინის პრეზიდენტობისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში ზელენსკი და პოროშენკო 21 აპრილს მე-2 ტურში შეეტაკებიან
ეკატერინე ბასილაია
01.04.2019

 41 წლის კომიკოსი და სერიალის გმირი - პრეზიდენტი, შეიძლება უკრაინის პრეზიდენტი რეალურად გახდეს. პირველი ტურის შედეგებით პირველ ადგილზე ვლადიმირ ზელენსკია და 21 აპრილს მეორე ტურში ის მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს შეხვდება, სადაც გადაწყდება ვინ გახდება უკრაინის მომავალი პრეზიდენტი - კომიკოსი თუ "შოკოლადის მეფე".

უკრაინის ცესკომ ხმების 70%-ზე მეტის დათვლის შემდეგ განაცხადა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მოაგროვა და მეორე ტური ოფიციალურად დაინიშნა 21 აპრილს.

პირველი ტურის წინასწარი მონაცემებით ზელენსკის აქვს 30%-ზე ხმა, მეორე ადგილზეა პეტრო პოროშენკო - 16%-ზე მეტია. მესამეზე „ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკოა - 13%-ით. ის არჩევნების წინასწარ შედეგს არ ენდობა და აცხადებს, რომ ცესკო-ს ხელმოწერილ შემაჯამებელ დოკუმენტებს ელოდება.

მოქმედი პრეზიდენტი პოროშენკო აცხადებს, რომ მეორე ტურში მისი კანდიდატურის გასვლა ნიშნავს, რომ უკრაინელმა ხალხმა რუსული სცენარი ჩაშალა, რუსეთს მეორე ტურში მისი ხილვა არ სურდა. ამასთან, პოროშენკომ მთავარი კონკურენტი ზელენსკი უკრაინელ მილიარდერთან, იგორ კოლომოისკისთან კავშირში დაადანაშაულა.

ბრალდებებს ზელენსკის მხრიდან პასუხიც მოჰყვა. ზელენსკიმ პირველ ტურში გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც თქვა, რომ ის არავის მარიონეტი არ არის. ასევე ის მზადაა ვლადიმირ პუტინს შეხვდეს და რუსეთს ანექსირებული ტერიტორიების არამარტო დაბრუნება, არამედ კომპენსაციის გადახდაც მოუწევს. წინასაარჩევნო კამპანიისას ზელენსკის რუსულ კავშირებზე არც თუ ცოტა ითქვა და ამიტომაც მისი მწვავე მიმართვა იმის ერთგვარი განაცხადიც იყო, რომ ის რუსეთთან შემრიგებლური არ იქნება.

ვის რა შანსები აქვს?

ექსპერტების თქმით, დიდი მნიშვნელობა ექნება ვინ გაიმარჯვებს სატელევიზიო დებატებში, რომელიც მეორე ტურის წინ პოროშენკოსა და ზელენსკის შორის აუცილებლად უნდა შედგეს.

ექსპერტების აზრით, ზელენსკის გაუჭირდება, ერთი, რომ ის დებატებში გამოუცდელია, ამიტომაც იყო, რომ პირველი ტურის წინ დებატებზე უარს ამბობდა და გარდა ამისა, ზელენსკიმ უკრაინულზე კარგად რუსული ენა იცის, რაც დებატებში ასევე შეუშლის ხელს.

ანალიტიკოსების თქმით, მნიშვნელოვანია, ვისთან წავა მესამე ადგილზე გასული ტიმოშენკოს ხმები. ზოგადად, უკრაინაში არის ვარაუდი, რომ ტიმოშენკოს საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი დამფინანსებელი იყო ოლიგარქი ვიქტორ კოლომოისკი, რომლის ფავორიტია სწორედ შოუმენი ზელენსკი, ამიტომაც ვარაუდია, რომ ტიმოშენკოს ხმები დიდი ალბათობით ზელენსკის სასარგებლოდ წავა, რაც მის შანსებს აორმაგებს.

თავად ზელენსკი აცხადებს, რომ ის მოკავშირეების გარეშე მოვიდა ამ ადგილამდე და ბრძოლას საკუთარი ძალებით გააგრძელოს.

ექსპერტები ზელენსკის გამოწვევად მიიჩნევენ იმასაც, რომ მას მეორე ტურში ხმების დაცვა გაუჭირდება. რადგან ადმინისტრაციული რესურსი მოქმედი პრეზიდენტის სასარგებლოდ და არის ალბათობა, რომ ზელენსკის მხარდამჭერებმა ხმები ვერ დაიცვან.

მიუხედავად გამოწვევებისა, წინასწარი მოლოდინი ისევ ისაა, რომ საბოლოო გამარჯვების შანსები ისევ ზელენსკის აქვს.

ზელენსკი მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველა გამოკითხვის ლიდერი იყო. მან კამპანია ააწყო სერიალში მის მიერ განსახიერებული გმირის მსგავსად, სადაც ისტორიის მასწავლებელი მოულოდნელად გახდა პრეზიდენტი, პარტიის სახელიც ფილმის სათაურიდან აიღო - „ხალხის მსახური".

ზელენსკის შტაბი ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელებში - მუშაობენ „ფეისბუქისა" და „ინსტაგრამის" აუდიტორიაზე და წინასწარ იყო საუბრები, რომ ზელენსკის მთავარი მხარდამჭერები სწორედ ახალგაზრდები იყვნენ, რასაც ექსპერტების ნაწილი პრობლემადაც მიიჩნევდნენ.

ისინი აცხადებდნენ, რომ ახალგაზრდები ნაკლებად დადიან არჩევნებზე. უცნობია, არჩევნებში მონაწილეებიდან რამდენი პროცენტი იყო ახალგაზრდობა, თუმცა თითქმის 2-ჯერ მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი შოუმენს, ვიდრე მოქმედ პრეზიდენტს.

ზელენსკის წინააღმდეგაც არსებობს კომპრომატები. მაგალითად, მისთვის უარყოფითი ფაქტორია ის, რომ ოლიგარქ ვიქტორ კოლომოისკის პროტეჟეა, რომლის არხზეც მიჰყავს ტელე-შოუ ზელენსკის და სწორედ კოლომოისკის ტელეკომპანია „1+1" აპიარებდა მას მთელი საარჩევნო კამპანიის დროსაც. ასევე, საუბარია იმაზე, რომ ის ბიზნესს ფლობს რუსეთში. პლუს, ცნობილი გახდა, რომ მისმა კომპანიამ ჰონორარი ომის დროს რუსეთიდან აიღო. ასევე მას აქვს 3.8 მილიონ ევროდ ნაყიდი, 15 ოთახიანი ვილა იტალიურ კურორტზე, ცნობილი რუსი ოლიგარქების, ოლეგ დერიპასკას და რომან აბრამოვიჩის ვილების სიახლოვეს. მას ეს ქონება დეკლარაციაში დამალული ჰქონდა.

1-ელ აპრილს უკრაინაში ელოდნენ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც, თუმცა მან უარი თქვა ჩასვლაზე მეორე ტურში პეტრო პოროშენკოს გასვლის გამო. მან ტელეკომპანია „მაქსი ტვ"-ს ეთერში თქვა, რომ მოხარული იქნებოდა მეორე ტურში პოროშენკოს ნაცვლად ტიმოშენკო გასულიყო, ასეთ შემთხვევაში ის კიევში ჩაფრინდებოდა.

ორშაბათს კი „ფეისბუქით" მხარდაჭერა გამოუცხადა ზელენსკის, მას უკრაინის მომავალი პრეზიდენტი უწოდა და მოუწოდა უკრაინელებს, რომ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მხარი მას დაუჭირონ.

საგულისხმოა ის, რომ არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მას სააკაშვილი მოსწონს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი შეიძლება გახდეს სერიოზული კონსულტანტი უკრაინის მომავალი პრეზიდენტისთვის. მისივე თქმით, საქართველოს მცხოვრებნი მადლიერი უნდა იყვნენ სააკაშვილის, რადგან ის ებრძოდა კორუფციას.

რაც შეეხება პეტრო პოროშენკოს, ის ზელენსკის არჩევნებს მხოლოდ საზღვარგარეთის უბნებში უგებს, სადაც მას 40% აქვს. მისი მთავარი უპირატესობა არის პროდასავლურობა, მისი ლოზუნგია ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანება. მას აქვს დიდი შიდა პრობლემები, კორუფციული სკანდალები და დაპირისპირება შინაგან საქმეთა მინისტრთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×