უბედური შემთხვევა თუ სისტემური პრობლემა, რომელიც უსაფრთხოების სისტემის არ არსებობამ გამოიწვია. ჭავჭავაძის გამზირზე ორი მუშის გარდაცვალების ფაქტს - შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტორი, მაია მიქაია აფასებს და ამბობს, რომ წინასწარი დაკვირვების შედეგად, მშენებლობაზე შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო.
მაიქაიას თქმით, საქმეზე მიმდინარეობს მოკვლევა, დაწყებულია დოკუმენტაციის გაცნობა და თვითმხილველების გამოკითხვა. მისივე განცხადებით, პირველადი მონაცემებით არ ხდებოდა რისკების შეფასება და საფრთხეების იდენტიფიცირება, რამაც ეს ტრაგედია გამოიწვია.
მიქაია ასევე ეხმაურება კომპანია „ტრანსმშენის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ამ მონაკვეთზე სპეციფიკური სამუშაოების გამო ქვეკონტრაქტორი კომპანია დაიქირავეს და გარდაცვლილი თანამშრომლები დაქირავებულ კომპანიაში მუშაობდნენ. მიქაია ამბობს, რომ ეს ფაქტი „ტრანსმშენს“ არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.
ურთიერთბრალდებები და პასუხისმგებლობების თავიდან აცილების მცდელობა. ესაა პროფკავშირების წარმომადგენლების შეფასებები ჭავჭავაძეზე დატრიალებული უბედური შემთხვევის ფაქტზე. მათი თქმით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, როგორც კომპანია, ასევე სახელმწიფოა, რომელსაც ქვეყანაში სოციალური პოლიტიკა არ გააჩნია და ვერ დააყენა საშველი, რომ შრომის ინსპექციას უფრო მეტი უფლებები მიეცეს და კანონით მკაცრი მოქმედების საშუალება ჰქონდეს.
უბედური შემთხვევა 31 მარტს დღის ბოლოს ყოფილი ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ახალი კლინიკის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მიწა შენობის საძირკველის გამაგრების დროს ჩამოიშალა და ორი მუშა ჩაიყოლა. მერიაში განმარტავენ, რომ კომპანია "ტრანსმშენი," რომელიც ადგილზე სამუშაოებს აწარმოებს, ერთი კვირის წინ შემოწმდა და ყველაფერი წესრიგში იყო.
არსებული ინფორმაციით, მრავალპროფილური საავადმყოფო შენდება. საუბარია ვაკის ყოფილი ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიაზე მშენებლობა ორიოდე თვის წინ დაიწყო და პროექტის მიხედვით, 2021 წელს დასრულდება. არსებული პროექტით, ჭავჭავაძის გამზ. #5- ში სამედიცინო დაწესებულებასთან ერთად ლანდშაფტური პარკი და მუზეუმი მოეწყობა.
კომპანია „ტრანსმშენი,“ რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა, ადგილზე დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება.
„ტრანსმშენის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ მონაკვეთზე სპეციფიკური სამუშაოების გამო ქვეკონტრაქტორი კომპანია დაიქირავეს. მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულების მიხედვით, უსაფრთხოების ნორმები სწორედ აღნიშნულ კომპანიას უნდა უზრუნველეყო. „ტრანსმშენის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი თანამშრომლები დაქირავებულ კომპანიაში მუშაობდნენ.
„კომპანია "ტრანსმშენი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჭავჭავაძის 5-ში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და განმარტავს რომ აღნიშნული ობიექტის კონკრეტულ მონაკვეთზე მიმდინარე სპეციფიკური სამუშაოების გამო კომპანიას დაქირავებული ჰყავდა ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელსაც გააჩნია დიდი და მრავალწლიანი გამოცდილება ამ ტიპის სამუშაოების წარმოებაში და რომელიც გაფორმებული ხელშეკრულებით პასუხისმგებელი იყო ამ სამუშაოების წარმოების დროს სამუშაო მონაკვეთზე დაეცვა უსაფრთხოების ნორმები.
გარდაცვლილი თანამშრომლები იყვნენ ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახებს ამ უაღრესად დიდ დანაკლისს. გამოვთქვამთ სრულ მზაობას ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ჭავჭავაძეზე დაღუპული ერთ ერთი მუშა 25 დათო აბესაძეა, რომლის მამაც მაღაროელი იყო. მამის სამსახურიდან გათავისუფლების გამო, 4 დაძმის რჩენა დათომ გადაწყვიტა და მანამ ობიექტზე მუშაობა დაიწყო. მისი ახლობლები ყვებიან, რომ გარდაცვლილი ზაფხულში დაოჯახებას აპირებდა და ფული ძალიან სჭირდებოდა, ამიტომაც, ახალგაზრდა დაუზოგავად შრომობდა. რაც შეეხება 44 წლის მამაკაცს, ის 17 წლის ვაჟთან ერთად მუშაობდა მშენებლობაზე და ის სრულიად შემთხვევით გადარჩა, რადგანაც იმ დროს ადგილზე არ იმყოფებოდა.
დამოუკიდებელი პროფკავშირების წევრი სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ ისნპექცია მსგავსი მშენებლობებს ვერ ამოწმებს და ახლა მიიღეს კანონი, რომელიც ძალიან სუსტია და ფაქტობრივად მშენებლობების შემოწმების უფლება არა აქვთ და არც არის ცნობილი, როდის შეიძლება, რომ ამ კუთხით კანონი გამკაცრდეს.
მისივე თქმით, ახლა რაც გვაქვს შექმნილი, ეს არის კანონი, რომელიც ევროკავშირის ხელშეკრულების მიხედვით გვაქვს და ისიც მინიმალურს ვაკეთებთ. თუ ევროპიდან დირექტივები არ არის, არაფერს აკეთებენ და იმასაც რაც შეიძლება ბოლომდე წელავენ. ჯაფარიძე აცხადებს, რომ ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის ხელოვნურად შექმნილი სიტუაცია, რადგანაც ცუდი პოლიტიკა გვაქვს და ეს თავიდან ბოლომდე მთავრობის პრობლემაა.
„ეს პრობლემები მუდმივად გაგრძელდება, რადგანაც ქვეყანაში სოცილური პოლიტიკა არ გვაქვს. თავიდან ბოლომდე დაიწყება ერთმანეთზე გადაბრალება. სახელმწიფომ დაიწყო კომპანიაზე გადაბრალება, კომპანია ქვე კომპანიას აბრალებს, ისინი კიდევ თავად გარდაცვლილი მუშებისკენ იშვერენ ხელს. ბოლო დასკვნა კი ის გამოდის, რომ თავად მუშები უსაფრთხოების ნორმებს არ იცავენ. ეს არის ჩვეულებრივი ნარატივი, შრომის ინსპექციას საკმაოდ შეზღუდული ძალაუფლება აქვს და ის ვერაფერს ვერ აკეთებს. ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
შრომის ინსპექცია უფრო უნდა გავაძლიეროთ და მას მეტი უფლებები მივცეთ. შრომის უფლებებს ინსპექცია ვერ ამოწმებს. 7 საათის განმავლობაში გარდაცვლილი მუშის მეუღლესთან ერთად ვიდექი. არც კომპანიიდან და არც არსაიდან პასუხისმგებელი პირი არ გამოვიდა, ვინც ეტყოდა რა ხდებოდა. ეს ქალბატონი ასე მარტო გაუგებარ სიტუაციაში იყო. ერთი ადამიანი მაინც ყოფილიყო, ვინც რაღაცა პასუხს მაინც გასცემდა. შრომის ინსპექტორებს არა 2020-ში და 2021-ში უნად მიეცეთ უფრ მეტის საშუალება, არამედ ახლავე“, - აცახდებს სოფო ჯაფარიძე.
მისივე თქმით, დაღუპული 44 წლის მამაკაცის 17 წლის ვაჟიც იქ მუშაობდა და შემთხვევით გადარჩა. ჯაფარიძე ამბობს, რომ მუშებს ხელშეკრულება არ ჰქონდათ დადებული და ყოველ დღე, 17 წლის ბავშვი 14 საათი მუშაობდა. მისი აზრით, როცა კომპანია შრომის უფლებებს არ იცავს, უსაფრთხოებას რატომ დაიცავს?
„გამომუშავებაზე მუშაობდნენ და 60 თუ 70 ლარს აძლევდნენ. ერთ მეტრამდე თუ გამოთხრი, რაღაც განსაზღვრული თანხაა დაწესებული, ანუ რაც უფრო სწრაფად გამოთხრი, უფრო მეტი ხელფასი გექნება. მუშები გამოჭერილი ჰყავთ, გეგმა არ არსებობს, არ იციან ვინ სად რა უნდა გააკეთოს.
“ზემოდან ლამაზად აქვთ გაკეთებული, რომ ვითომ შრომის უფლებებია დაცული. რეალურად კი 17 წლის ბავშვი ორი კვირა გადაბმულად მუშაობს და იქ შრომითი ხელშეკრულება არა აქვთ. ვინ დაიჯერებს რომ იქ ხალხს შესვენების უფელბას აძლევდნენ?! ჩვეულებრივი განუკითხაობაა და ხალხი გამოჭერილი ჰყავთ“,-აცახდებს სოფო ჯაფარიძე.
ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში კი "ხიმინჯ სერვის 2"-ის ხელმძღვანელებს კითხავდნენ. ეს კომპანია ასრულებდა სამუშაოებს ჭავჭვაძეზე მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილზე და ორივე გარდაცვლილი სწორედ "ხიმინჯ სერვის 2"-ის თანამშრომელი იყო. შპს „ხიმინჯ სერვის 2-ის“ დირექტორი, ოთარ ცნობილაძე ამბობს, რომ უსაფრთხოების ნორმები მშენებლობაზე დაცული იყო.
„პირველი შემთხვევა იყო ეს, უსაფრთხოება დაცული იყო, ყველაფერი და იყო უბედური შემთხვევა. წუხელაც ვიყავი, ახლაც მივდივარ დაკითხვაზე,“ - ამბობს ცნობილაძე.
როგორც ირკვევა, "ხიმინჯ სერვის 2“ ინსპექტირების წარმომადგენლებმა დღეს დააჯარიმეს იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა გავლილი რეგისტრაცია საფრთხის შემცველ სამუშაოებთან დაკავშირებით. ჯარიმა ათას ლარს შეადგენს.
მომხდარ ტრაგედიას უბედურ შემთხვევას უწოდებს ადვოკატი გიორგი ყიფშიძეც.
„წინასწარი ვერსიით, ეს იყო უბედური შემთხვევა, რა თქმა უნდა, ცალსახად. არსებულმა გამაგრებამ ვერ გაუძლო დაწოლილ მასას მიწისას და მოხდა ასეთი რამ, სამწუხაროდ, უკვე დასრულებულ იმ დღის სამუშაოებზე. ხელშეკრულების მიხედვით, მომუშავე პერსონალზე მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა ევალებოდა "ხიმინჯ სერვის 2"-ს, ამის უარყოფა იქნება ალბათ არასწორი.
“სავალდებულოა, საქართველოში იმ სამუშაოების ჩამტარებელი კომპანიის მიერ რეგისტრაცია, რომელიც შეიცავს ადამიანისთვის სიცოცხლის საფრთხეს და ეს რეგისტრაცია კომპანიას სამწუხაროდ გავლილი არ ჰქონდა. ამ ტიპის უბედური შემთხვევების დროს თუ რაიმე ტიპის დაუდევრობაა, ეს უნდა თქვას ექსპერტიზამ. მხოლოდ ამის შემდეგ, სავარაუდოდ, უკვე პროკურატურა მიიღებს გადაწყვეტილებას - მისცეს ვინმე პასუხისგებაში თუ არ მისცეს, მაგრამ არა მგონია, მთლად ასე ჩაიაროს ამ საქმემ, რომ ვინმე არ იქნეს მიცემული პასუხისგებაში. ეს ცალსახა თავის მოტყუება იქნება, რომ სხვანაირად ვიმსჯელოთ,“ - განაცხადა ადვოკატმა.