რეზონანსი
01.04.2019

 პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მთავრობის მიერ დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამას - საკრედიტო-საგარანტიო სქემას აკრიტიკებს.  მისი აზრით, წარმოდგენილი სქემა არ ითვალისწინებს მეწარმეობის მსურველთა იმ კატეგორიას, რომელთა დაფინანსებაც ყველაზე რთული და რისკიანია. 

„მთავარი მესიჯი არის ეს - თუ შემოვა სიცოცხლისუნარიანი წინადადება, ჩვენ დავაფინანსებთ, მაგრამ ვერ შემოდის იმ ხარისხის სიცოცხლისუნარიანი წინადადება, რომელიც კრიტერიუმით დაფინანსებადია. ჩვენ შეგვიძლია ამ მოცემულობაში გავაგრძელოთ ცხოვრება და ვთქვათ, რომ პირნათელი ვართ საბაზრო ეკონომიკის უზენაესი პრინციპების მიმართ და ვიყოთ ამ მოცემულობაში ძალიან დიდხანს, ან გადავდგათ ნაბიჯები იმასთან დაკავშირებით, რომ სიცოცხლისუნარიანი წინადადებების მქონე ადამიანების რაოდენობა გაიზარდოს და საკრედიტო კომპონენტთან მისვლამდე, საგრანტო კომპონენტმაც გარკვეული როლი ითამაშოს ამაში. ეს ყველაზე რთულია, ყველაზე დიდი რისკების შემცველია, ამიტომ არავის უნდა ამას ხელი მოკიდოს. 

მთავრობამ უნდა მოკიდოს ამას ხელი. ამაზე ჩვენ ვსაუბრობდით, მაგრამ ესენი თვეში 20 დღე მივლინებაში არიან, სამწუხაროდ და როდესაც მათ ვუკავშირდებით, ეს პროცესები იწელება. მივლინებაში სიარული ძალიან კარგია, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა ფუნქციონირებად სამინისტროს ტოვებ და იქ არ წყდება ის პროცესი, რომელიც უნდა მიმდინარეობდეს“, - განუცხადა "ბიემს" კაკულიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×