ეკატერინე ბასილაია
01.04.2019

 ეკონომიკის მინისტრი ადასტურებს, რომ ამერიკული იურიდიული ფირმა დაიქირავა იმის გასარკვევად, თუ რა ზარალს მოიტანს, თუკი მამუკა ხაზარაძის ბიზნეს ჯგუფთან ანაკლიის პორტის პროექტზე შეთანხმება გაუქმდება.გიორგი ქობულიას მტკიცებით, ეს უბრალოდ რისკების შეფასებაა და ტყუილია ის, რომ მთავრობას კონსორციუმისთვის ანაკლიის პროექტის ჩამორთმევას გეგმავს.

ექსპერტი გია ხუხაშვილის შეფასებით, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ ხელისუფლებას ეს თავდასხმები რომ არ დაეწყო, შესაძლოა კიდევ ვინმეს დაეჯერებინა, რომ იურიდიული კომპანია რისკების გასაანალიზებლად დაიქირავეს, მაგრამ ე.წ. ფულის გათეთრების საქმიდან დაწყებული, რაც რატომღაც ამდენი ხანია ვერ გამოიძიეს, ყველაფერი კეთდება, ხაზარაძის ჯგუფს მაქსიმალური პრობლემები შეუქმნან, მათ შორის ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ამერიკული კომპანია ალიბისთვის დაიქირავა.

„რატომ მაინცდამაინც ამერიკული კომპანია. იმიტომ რომ, ხელისუფლება ამით გარკვეულწლად ალიბის შექმნას ცდილობს, რომ ჩვენ კი არ გაგვიწყვეტია კონსორციუმთან ხელეკრულება, აგერ ამერიკელებმა გვითხრეს. ამერიკელებს რომ შეახოცონ ხელი კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში.

"ასე რომ, ეს სცენარი ძალიან მარტივად იკითხება და რატომ ჰგონია ხელისუფლებას, რომ ვიღაც ამას ვერ ხვდება. ან იმდენად ჭკვიანად აკეთებენ ყველაფერს, რომ ჩვენ ახლა ყველა მეამიტი თვალებით ვუყურებთ, ეს არ მესმის,"- მიიჩნევს ხუხაშვილი.

ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებლის, მამუკა ხაძარაძის თქმით, ბიზნესში რისკების შეფასება ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა კითხვებს აჩენს ის, თუ რატომ ხდება ეს დღეს და ამ სიტუაციაში.

„ამ პროექტს და საერთოდ, ანაკლიის პორტს აქვს ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა, ამიტომ მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ გავაკეთოთ, ასე ვთქვათ, ის ძალისხმევა, რომელიც ამ პროექტს მიიყვანს გამარჯვებამდე, რამეთუ, შეიძლება ეს მომენტი ჩვენ გაგვექცეს კინკლაობაში, ჩასაფრებულ მდგომარეობაში და ბოლოს აღარავის აღარ დააინტერესებს ორი და სამი წლის მერე ვინ რა კონტრაქტს დებდა იმისათვის, რომ რაღაც იურიდიული დასკვნა მიეღო.

"ბუნებრივია, სახელმწიფოს აქვს უფლება და ალბათ სწორსაც შვებიან, რომ შეისწავლონ ყველა რისკები მათი მხრიდან, ამაში მე რაღაც განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ვხედავ. უბრალოდ, რატომ ხდება ეს დღეს და ამ სიტუაციაში ეს ცოტა კითხვებს იწვევს,"- აცხადებს ხაზარაძე.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთავრობამ მსოფლიოში ცნობილ ამერიკულ იურიდიულ ფირმასთან 15 მარტს ხელშეკრულება გააფორმა და კომპანია White & Case-ს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან სახელმწიფოს სახელით დადებულ კონტრაქტში ცვლილებების მომზადება ევალება. ხელშეკრულების ღირებულება 80 000 აშშ დოლარია.

ხელისუფლების ახალი გადაწყვეტილების შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელმა აშშ-ში „რუსთავი 2"-სგან შეიტყო, სადაც ლევან ახვლედიანი და მამუკა ხაზარაძე შეხვედრებს ამერიკელ პარტნიორებთან მართავენ.

ანაკლიის პორტის მშენებლობაში მამუკა ხაზარაძის ბიზნესჯგუფმა 70 მილიონი დახარჯა. თუ ხელისუფლება ანაკლიის კონსორციუმს ხელშეკრულებას შეუწყვეტს, დავის საგანი, სავარაუდოდ, ზარალის ანუ ამ თანხის ანაზღაურება გახდება.

სანდო წყარო კურიერს უყვება, რომ მთავრობა ხაზარაძის ჩამნაცვლებელს უკვე ეძებს და ამ თემაზე მოლაპარაკებები ჩინურ კომპანიასთან აქვს. არაფორმალური მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია ანაკლიის კონსორციუმშიც აქვთ.

იურიდიულ ფირმასთან კონტრაქტის დადებას ადასტურებს ეკონომიკის მინისტრი, თუმცა კონსორციუმის სხვა კომპანიით ჩანაცვლების მცდელობას უარყოფს.

მისივე თქმით, ამ მომენტში არანაირი სხვა ინვესტორები არ განიხილება.

„სხვა კომპანიით კონსორციუმის ჩანაცვლება არ იგეგმება. დიახ, ასეთი კონტრაქტი იყო დადებული და ეს არის აბსოლუტურად ნორმალური პროცესი... დიახ, white &case-სთან იურიდიული ხელშეკრულების ნაწილია იურიდიული რისკების შეფასება იმ შემთხვევაში, თუ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ვერ შეძლებს ბოლოს და ბოლოს კაპიტალის მოზიდვას იმ რაოდენობით, რაც ხელშეკრულების მიხედვით უნდა მოიზიდოს, ან არ შედგება მოლაპარაკება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ამ შემთხვევაში, ჩვენ რა თქმა უნდა, გვაინტერესებს და აბსოლუტურად მისაღებია, რომ ვიცოდეთ, რა არის იურიდიული რისკები," - განაცხადა ქობულიამ.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი კითხვის ნიშნებს ბადებს.

„შედარება არაერთხელ მომიყვანია. წარმოიდგინეთ, რომ ხვალ აქვთ ქორწილი და წინა დღეს ვიღაც გეუბნებათ, რომ თქვენი მომავალი მეუღლე სუტინიორია, ან ნარკობარიგა, ან რაღაც ეგეთი და ამან ხომ შეიძლება ქორწილი ჩაშალოს.

"შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეს ტყუილია და მერე ის ვიღაც გეუბნებათ, რომ მე კი გითხარით, მაგრამ რა კავშირი აქვს ამას თქვენი ქორწილის ჩაშლაში. დაახლოებით ასე იქცევა ხელისუფლება და ჰგონია, რომ მათი საქციელი დამაჯერებელია...

"თავისთავად, ის, რომ ხელისუფლებამ დაიქირავა კონსტალტინგური კომპანია ამ პროექტთან დაკავშირებით, ამაში სკანდალურს ვერაფერს დავინახავდი თუ არა ის ყველაფერი, რაც ხდება ამ ე.წ. ფულის გათეთრების საქმით დაწყებული.

"სრულიად აშკარაა, რომ ეს სს საქმე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ანაკლიის პროექტის თავზე, რაც არ უნდა ილაპარაკონ ხელისუფლებაში, რომ მათ შორის კავშირი არ არის. რატომ არ ხურავენ ამ საქმეს, ესეც ძნელი გამოსაძიებელი იყო?!

"ფაქტია, რომ ეს თემა არის დაკიდული ერთადერთი მიზნით, რომ ხაზარაძის ჯგუფს მაქსიმალური პრობლემები შეუქმნან, მათ შორის ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით. რაც შეხება ამ კომპანიის დაქირავებას, ძალიან დიდია ალბათობა, რომ ეს ყველაფერი შეიძლება სერიოზული დავის თემა გახდეს და რისკები შესაფასებელია. იმიტომ რომ, ხელისუფლებამ ამ მთელი თავდასხმების კასკადით შექმნა იმის საფუძველი, რომ ხაზარაძემ გამოაცხადოს ე.წ. ფორსმაჟორი ხელისუფლების ქმედებების გამო და იქით წაუყენოს პრეტენზიები ხელისუფლებას პროექტის მიზანმიმართულ საბოტირებასთან დაკავშირებით,"- მიიჩნევს ხუხაშვილი.

ხუხაშვილი თვლის, რომ რაღაც ძალიან მძიმე თამაში მიდის.

„უფრო მძიმე და ღრმა თამაში მგონია. ანაკლიის პორტის პროექტმა შეიძინა არა მხოლოდ კომერციული, არამედ პოლიტიკური განზომილება დიდი გლობალურ უსაფრთხოების სისტემების ფორმირების თვალსაზრისით და აქ ეს უკვე სერიოზული ინტერესია.

"თუ კონსორციუმთან ხელშეკრულება გაწყდება, ორი ვარიანტია, ან პროექტი დაკონსერვდება, ან ხელისუფლება აიღებს კონტროლს და ამაში გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესს ხედვას, რასაც თავიდან ვერ ხედავდნენ,"- დასძენს ხუხაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×