ეს რეალიზაციაზე იმოქმედებს და ეკოლოგიური ტრანსპორტის შემოყვანა საერთოდ ჩაკვდება
მარი ჩიტაია
02.04.2019

 ელექტრომობილების მცირეხარჯიანობა უკვე მითად გადაიქცა. ამ კატეგორიის ავტომობილის დამუხტვის საფასური ბენზინისა და გაზის ხარჯს უსწრებს. იმის ნაცვლად, რომ ეკოლოგიის ხელშეწყობა მოხდეს და ტრანსპორტის ეს სფერო წახალისდეს, დატენვის საფასურის შეცვლით პრობლემას ქმნიან. ხალხს ელექტრომობილები ისედაც არ შემოჰყავდა და ახლა მოტივაცია საბოლოოდ დაკარგა.

კომპანია "ი-სფეისის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ელექტრომობილების დატენვის საფასური შეიცვალა. კერძოდ, სწრაფი დამტენის ტარიფის დაანგარიშების პრინციპი ასეთია:

სწრაფი დამტენით სარგებლობის პირველი 20 წუთის განმავლობაში 1 წუთის ღირებულება კვლავ 50 თეთრს შეადგენს; შემდეგი 20 წუთი სარგებლობისას 1 წუთში 35 თეთრის გადახდა მოგიწევთ, ხოლო სწრაფი დამტენით სარგებლობის 41-ე წუთიდან ნებისმიერ დრომდე 1 წუთის ღირებულება 25 თეთრი იქნება.

გამოდის, რომ 1 ელექტრომანქანის მთლიანად დამუხტვა დაახლოებით 12 ლარი ჯდება. საქართველოში ყველაზე პოპულარული ელექტრომობილი "ნისან ლიფი" რომ ავიღოთ, იგი დაახლოებით 110 კმ-ს გადის და მისი ხარჯი ბენზინზე ძვირია. საქმე ისაა, რომ მისი სრულად დამუხტვისთვის სპეციალურ სადგურზე 25 წუთია საჭირო, რაც თითქმის 12 ლარის ხარჯია.

ჰიბრიდული ავტომობილით გადაადგილება, რომელიც არც დამუხტვას საჭიროებს და არც დისკომფორტს ქმნის მოძრაობისას, უფრო იაფი გამოდის. 100 კილომეტრის გავლა "ტოიოტა პრიუსით" 8-9 ლარად სრულებით შესაძლებელია. მცირელიტრაჟიანი "ჰონდა ფიტითაც" კი ბენზინის ხარჯი 100 კმ-ზე 14 ლარს არ აჭარბებს. გაზის აპარატურიანი მანქანით იმავე მონაკვეთის დაფარვა 9 ლარი ჯდება.

იმის ნაცვლად, რომ ეკოლოგიის ხელშეწყობა მოხდეს და ტრანსპორტის ეს სფერო წახალისდეს, ელექტრომობილების დამუხტვის საფასურის გაზრდით პრობლემას ქმნიან. საავტომობილო ბაზრის წახალისებაზე საუბარი ზედმეტია, თუკი ელექტრომობილის დამუხტვა გაზსა და ბენზინზე ძვირი დაჯდება.

ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე დასამუხტი სადგური მუშაობს და მათი მომსახურება მხოლოდ 2018 წლის ბოლომდე იყო უფასო. დღეს მოქმედი სატარიფო პოლიტიკა კი, ცხადია, ელექტრომობილების გაყიდვაზეც უარყოფითად იმოქმედებს.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პრობლემა სახელმწიფომ კერძო სექტორთან თანამშრომლობით უნდა გადაწყვიტოს და ელექტრომობილების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

"პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების" ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ელექტრომობილების დამუხტვის საფასური სხვა საწვავის ხარჯზე დაახლოებით 30%-ით ნაკლები მაინც უნდა იყოს, რის გარეშეც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი ვერ იქნება წახალისებული.

"მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობის დონეზე მოხდეს ხელშეწყობა და ამისთვის სხვადასხვა მექანიზმი არსებობს. ყველა ქვეყანაში ცდილობენ, რომ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი წახალისებული იყოს და ამისთვის ეს სფერო გარკვეული შეღავათითაც სარგებლობს. დაუშვებელია, რომ ელექტრომობილის დამუხტვის საფასური ბენზინისა და გაზის ხარჯს აღემატებოდეს. რაც უფრო ძვირი იქნება იგი, ელექტრომობილის გაყიდვაზეც აისახება, თავისთავად ნაკლები მომხმარებელი ეყოლება.

მართალია, ამ კატეგორიის ტრანსპორტის შემოყვანა ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმს ექვემდებარება, მაგრამ მომხმარებელი ითვლის ექსპლუატაციის ხარჯსაც. აქედან გამომდინარე, რეალიზაციაზე უარყოფითად იმოქმედებს. ჩვენ თუ შესაბამის ინფრასტრუქტურას ვერ შევქმნით, ბაზრის წახალისებაზე საუბარი გადაჭარბებულია. ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია, რაღაცნაირად დაეხმაროს კერძო სექტორს, რომ ხარჯი შემსუბუქდეს, მაგალითად, გადასახადი მოუხსნას, მათ შორის დღგ, რითაც ბიზნესს სტიმული მიეცემა.

ელექტრომობილის მთავარი ხიბლი მარტო ის კი არ არის, რომ საწვავი არ სჭირდება, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია და მოქალაქეების ჯანმრთელობაზე დადებითაც მოქმედებს. ყველა მექანიზმი უნდა გამოინახოს, რომ ელექტრომობილის საფასური დიზელისა და ბენზინის ხარჯზე, მინიმუმ, 30%-ით ნაკლები იყოს, თუ გვინდა, რომ ელექტრომობილები რეალურად წავახალისოთ და მომხმარებელს მოტივაცია მივცეთ.

ბენზინისა და დიზელის გამოყენება მოსახლეობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის, ხალხი ავადდება და სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვის მიმართულებით გასაწევი ხარჯიც იზრდება. სხვადასხვა ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც საბოლოოდ ელექტრომობილების რეალიზაციაზეც აისახება და მოსახლეობასაც მეტი მოტივაცია გაუჩნდება," - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" გელა კვაშილავამ.

ავტოდილერები ფიქრობენ, რომ ელექტრომობილების რეალიზაცია მკვეთრად შემცირდება. სატრანსპორტო სფეროს ექსპერტი, დილერი ელგუჯა ჯამაგიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პროპაგანდა არასწორად ესმის. ამ კუთხით ბევრი არაფერი გაკეთებულა და ინფრასტრუქტურაც კი ვერ მოაწესრიგეს.

"მუდმივად არის საუბარი ელექტრომობილების წახალისებაზე, მაგრამ რეალურად არაფერი კეთდება ამისთვის, განბაჟებასთან დაკავშირებით შეღავათს თუ არ გავითვალისწინებთ. მთლიანობაში ეს მომხმარებლის განწყობაზეც აისახება. მუდმივად მესმის ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე საუბარი და მთელი ძალისხმევა წყალში ჩაიყრება, თუკი სახელმწიფო ამ პრობლემის მოსაგვარებლად ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს.

ცოტა უცნაური დამოკიდებულებაა მარჯვენასაჭიანებთან დაკავშირებითაც, მართალია, ელექტრომობილებზე განბაჟების ტარიფი არ ვრცელდება, მაგრამ მარჯვენასაჭიანი ელექტრომობილები მაინც შემოდის, იგივე შემიძლია ვთქვა ჰიბრიდებთან დაკავშირებითაც, სახელმწიფო ამ საკითხს არასწორად მიუდგა.

ასევე, არასწორად ესმით ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პროპაგანდა, რისი ხელშეწყობის მიზნითაც ბევრი არაფერი გაკეთებულა, ინფრასტრუქტურაც კი ვერ განავითარეს. როგორც ვიცით, მთლიანად დამუხტული ავტომობილი 130 კმ-ზე მეტს ვერ გაივლის. ხაშურამდე ან გორამდე თუ ჩააღწევს, რაც მძღოლისთვის უკვე დისკომფორტია. ამიტომ ინფრასტრუქტურას უნდა დაესწრო და ზომები დროულად მიეღოთ.

პრობლემა არის უკვე ხარჯთან დაკავშირებითაც და ეს ფაქტორი გაყიდვაზე გავლენას მოახდენს, მომხმარებელი ინტერესს დაკარგავს. ბაზრის წახალისებაზე თუ ვსაუბრობთ, ცხადია, მიდგომა უნდა შეიცვალოს," - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ჯამაგიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×