ელზა პაპოშვილი
02.04.2019

 უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება და მოსამართლეთა შერჩევის წესი - რა დასკვნას მიიღებს ვენეციის კომისია. საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში დებატები კვლავ გრძელდება და ისევ ურთიერთბრალდებების რეჟიმში მიმდინარეობს.

საქართველოს პარლამენტში ვენეციის კომისიის დელეგაცია შეხვედრებს მართავს. ისინი „ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ კანონპროექტს ეცნობიან, რომელმაც უზენაესის მოსამართლეთა არჩევის წესი უნდა დაარეგულიროს. პოზიციების გაცვლის შემდეგ ვენეციის კომისია რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს. ისინი როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზციის წევრებს შეხვდნენ და მათი მსოაზრებები გაიგეს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, მათ ვენეციის კომისიის წევრებს კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნეს. ოპოზიცია ამბობს, რომ მათ ევროპარლამენტარების საქმის კურსში ჩააყენეს და გააგებინეს, რომ ეს კანონპროექტი არის მორგებული პირდაპირ ხელისუფლების პოლიტიკურ დღის წესრიგს, რათა რაც შეიძლება სწრაფად დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო მისთვის სასურველი მოსამართლეებით.

„ჩვენ ვენეციის კომისიას გავაცანით ჩვენი ხედვა, როგორც იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემები არის კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ასევე საპარლამენტო პროცედურასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აქაც ბევრი პრობლემაა. მაგრამ მთავრობა, ანუ "ქართული ოცნება" არ აძლევს ვენეციის კომისიას საერთოდ საკმარის დროს, რომ მათ რაიმე მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში, ეს არის რეალობა," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს დეტალურად გავაცანით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ შემუშავებული კანონპროექტი და ვისაუბრეთ იმ ძირითად პრინციპებზე, რომელსაც კანონპროექტი ეფუძნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განგვიცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ შემუშავებული კანონპროექტი ეფუძნება ევროსაბჭოს ძირითად რეკომენდაციებს და შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან.

„ვისაუბრეთ იმ პრობლემატურ საკითხებზე, რაც შექმნილია უზენაეს სასამართლოში, სასამართლოს გადატვირთულობის თვალსაზრისით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა, როდესაც ასეულობით საქმეა და მათი განხილვა ყოვნდება იმის გამო, რომ არ გვყავს მოსამართლეების ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია უზენაეს სასამართლოში.

"დავსვით საკითხი, რომ ეს არის სერიოზული გამოწვევა და ამისთვის აუცილებელია დროული რეაგირება, ამიტომ, ჩვენ ვენეციის კომისიას ვთხოვეთ, რომ მეორე მოსმენამდე წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრება, რათა ვიმსჯელოთ ამ მოსაზრებებზე, გავითვალისწინოთ და კანონი მივიღოთ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მეორე მოსმენის თარიღად დასახელებულია 19 აპრილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე კი აცხადებს, რომ მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე ცდილობს, ამოიღოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება მისი და კლანის დღის წესრიგს. მისი აზრით, კობახიძის განცხადება, რომ გაზიარებული იქნება ყველა შენიშვნა, რომელიც იქნება გამომდინარე კონსტიტუციის პრინციპებიდან, კომისიის პირდაპირი შეურაცხყოფაა.

„ძალიან მინდა, გავიცნო ის „გენიოსი", ვინც დაწერა ახალი მესიჯი, რომლითაც გვევლინებიან ირაკლი კობახიძე და მისი ამფსონები, რომ გაითვალისწინებენ მხოლოდ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც არ შეეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

"რა თქმა უნდა, ეს მესიჯი გენიალურია, რადგან მან შეურაცხყოფა მიაყენა 40-ზე მეტ ყველაზე გამორჩეულ სამართლის ექსპერტს ევროსაბჭოს ქვეყნებიდან, რომლებიც მივლენილი არიან ვენეციის კომისიაში, ანუ შეურაცხყოფა მიაყენა ვენეციის კომისიას. თითქოს მან შეიძლება, დაწეროს დასკვნა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება. რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ სილის გაწვნა.

"ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ექსპერტული ორგანოსთვის სინამდვილეში ეს მესიჯი არის ერთ-ერთი ბოლო გამოსავალი, რომელსაც იყენებს ირაკლი კობახიძე, რომ გაამართლოს საკუთარი დღის წესრიგი.

"ეს დღის წესრიგი არის ის, რომ ამოიღოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება მისი და კლანის დღის წესრიგს. ამ გზავნილებით ზიანდება ჩვენი სახელმწიფოს რეპუტაცია, ვინაიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უშვებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და ევროპული ორგანიზაცია შეიძლება გამოსცემდეს დასკვნებს, სადაც არ არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე მუხლი", - განაცხადა ანა დოლიძემ.

ამასთან, ანა დოლიძემ უმრავლესობის მიერ მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიისადმი გაგზავნას მარტივი ტაქტიკური სვლა უწოდა.

„ჩვენ ვნახეთ ეს მარტივი ტაქტიკური სვლა კონსტიტუციის ცვლილებების წესის პროცესში. მაშინ დაიწყო ირაკლი კობახიძემ ამ ტაქტიკების გამოყენება და სწორედ მაშინ გასცა დაპირება, რომ გამოიყენებს ვენეციის კომისიის მოსაზრებებს, თუმცა, შერჩევითად.

"კობახიძე ცდილობს, დაიჭიროს ორი კურდღელი, ვითომ მიმართა ძალიან ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას, მაგრამ ამავე დროს, წინასწარ გვეუბნება, რომ აპირებს გაითვალისწინოს მხოლოდ ის მოსაზრებები, რომლებიც შეესაბამება მის და მისი ამფსონების დღის წესრიგს. ამჯერად ეს ტაქტიკური სვლა ჩვენთვის ნაცნობია და ეს მას აღარ გამოუვა", - განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე კი აცხადებს, რომ არასწორი ინტერპრეტაციაა იმის, რაც ამ მოსაზრებებთან დაკავშირებით იყო გამოთქმული. მისი თქმით, გაზიარებული იქნება ყველა შენიშვნა, რომელიც იქნება გამომდინარე კონსტიტუციის პრინციპებიდან.

„მე პირადად, ასე გავიგე ეს, რომ თუ რეკომენდაციები ამ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით შეეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, შესაძლებელია ასეთი სახის რეკომენდაციები არ იყოს გათვალისწინებული. ეს ლოგიკური და ბუნებრივიც არის, რადგან კანონი ვერ იქნება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში. ასეთი რაღაც შეუძლებელია. ვფიქრობ, აქ განსაკუთრებული არაფერი იყო ნათქვამი, უბრალოდ გამოითქვა პოზიცია", - განაცხადა მიქაუტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×