“ეს რეგიონისთვის ჯანსაღი პროცესები არ არის და რუსულ გავლენას აძლიერებს”
ტატა შოშიაშვილი
02.04.2019

 "რეგიონისთვის ჯანსაღი პროცესები არ არის და რუსულ გავლენას აძლიერებს - არა იმდენად სამხედროს, რამდენადაც პოლიტიკურს...კარგად არ აისახება თურქეთისა და ამერიკის ურთიერთობაზე. თუმცა, ეს მყისიერი გადაწყვეტილება არ იყო-თურქეთს გაფრთხილება ჰქონდა მიღებული", - ასე შეაფასა "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტმა, ბათუ ქუთელიამ აშშ-ის ხელისუფლების მიერ თურქეთისთვის წაყენებული ულტიმატუმი, რომელიც გულისხმობს, რომ თუ ანკარა არ შეწყვეტს რუსეთისგან ს-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის შესყიდვას, აშშ-ის ხელისუფლება ანკარას სამხედრო შეიარაღებას აღარ მიაწვდის.

საუბარია F-35 ტიპის სამხედრო თვითმფრინავზე, რომლის დეტალები ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა გადაეცა თურქეთისთვის. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თებერვალში განაცხადა, რომ არ აპირებს რუსეთის მიერ შეთავაზებულ ს-400 ტიპის საზენიტო კომპლექსებზე უარის თქმას.

ამავე დროს, სააგენტო "როიტერსის" ერთერთმა წყარომ საუბრისას დასძინა, რომ აშშ და თურქეთი აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რომელიც Patriot-ის უახლესი სისტემის შესყიდვას ეხება.

"რეზონანსთან" საუბრისას ბათუ ქუთელია აცხადებს, რომ აშშ-ის მოქმედება არ იყო მყისიერად მიღებულ გადაწყვეტილებაზე დაფუძნებული და თურქეთი წინასწარ იყო გაფრთხილებული იმის შესახებ, რომ რუსეთის სამხედრო ტექნიკის შესყიდვაზე უარი უნდა ეთქვა.

მისი თქმით, ამერიკა-თურქეთის უართიერთობების დაძაბვა რეგიონისთვის, შესაძლოა, სახიფათო აღმოჩნდეს და ჯანსაღი შედეგების მომტანი არ იქნება:

"ეს საკმაოდ დიდი ხნის ისტორიაა. უკვე რამდენიმე წელია ვითარდება და დაკავშირებულია თურქეთის სურვილთან, რომელიც გულისხმობს რუსეთის ს-400 ტიპის საჰაერო სისტემების შესყიდვას. ამ სისტემების განლაგება თურქეთმა უკვე დაიწყო. ოფიციალური ანკარა ამტკიცებდა, რომ ეს იქნებოდა იზოლირებული სისტემა, ვერც იქნებოდა ინტეგრირებული ნატო-ს სისტემებთან და კონფლიქტში არ მოვიდოდა.

"ამას მწვავე რეაქცია მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რადგან თურქეთს პარალელურად საკმაოდ ძლიერი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მათ შორის F-35-ების პროგრამა, რაზეც პირდაპირ მიუთითა აშშ-მა, რომ ამ გადაწყვეტილების პირობებში თურქეთის მხრიდან F-35 პროგრამას საფრთხე დაემუქრებოდა.

"ჩემი აზრით, ეს რეგიონისთვის ჯანსაღი პროცესები არ არის და რუსულ გავლენას აძლიერებს - არა იმდენად სამხედროს, რამდენადაც პოლიტიკურს. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, კარგად არ აისახება თურქეთისა და ამერიკის ურთიერთობებზე.

"თუმცა, ეს მყისიერი გადაწყვეტილება არ იყო და ამის შესახებ დიდი ხანია მიდიოდა მოლაპარაკება-თურქეთს გაფრთხილება ჰქონდა მიღებული", - აღნიშნა ბათუ ქუთელიამ.

გადრა ამის, პენტაგონმა თურქეთი გააფრთხილა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ანკარა არ შეწყვეტს რუსეთისგან სამხედრო ტექნიკის მიღებას, ამას "სერიოზული შედეგები" მოჰყვება.

"საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტ ბათუ ქუთელიას განმარტებით, საუბარია ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების უფრო მეტად დაძაბვაზე, თუმცა, წინასწარ რაიმეს თქმა ნაადრევია:

"ბუნებრივია, ასეთი ტიპის გამაღიზიანებელ ქმედებას სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა ორმხრივ ურთიერთობაში და ერთერთი პირველი სწორედ ეს იყო. რა თქმა უნდა, ბევრი სხვა კომპონენტია, რომელიც თურქულ-ამერიკულ ურთიერთობას აქამდე შეადგენდა-პოლიტიკიური უსაფრთხოება, ტერორიზმთან ბრძოლა და ა.შ. ამიტომაც, თურქეთის მხრიდან ასეთმა ნაბიჯმა გამოიწვია შესაბამისი გადაწყვეტილებები.

"დამატებით, სხვა კიდევ რა მოჰყვება, ჩემთვის უცნობია, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჯერჯერობით, თურქეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან არ არის არანარი სიგნალი, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ გადაწყვეტილების შეცვლას აპირებენ", - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×