თამარ შუკვანი
02.04.2019

 ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ოპოზიციური ლიდერის ხუან გუაიდოს წინააღმდეგ და იმისათვის, რომ პოლიტიკური აქტივობიდან მისი ჩამოშორება საბოლოოდ მოხდეს, უკვე ყოველგვარ მეთოდს იყენებს. საქმე იქამდე მივიდა, რომ შესაძლოა გუაიდოს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხნან. შესაბამისად, მისი დაკავების ბრძანების გაცემაც შესაძლებელი გახდება.

ვენესუელას უზენაესი სასამართლო ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოსთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს. ამისათვის უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციო ასამბლეას მიმართა და მიზეზად გუაიდოს მხრიდან, ქვეყნის დატოვების აკრძალვის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევა დაასახელა.

„საკონსტიტუციო ასამბლეის თავმჯდომარეს შუამდგომლობა გაეგზავნება, რომ ხუან გუაიდოს დეპუტატის იმუნიტეტი მოეხსნას სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის," - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

საკონსტიტუციო ასამბლეა ძირითადად ნიკოლას მადუროს მომხრეებისაგან შედგება და შესაბამისად, ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნება. საბოლოოდ კი, გუადო შესაძლოა დააპატიმრონ კიდევაც.

რამდენად რეალურია, რომ მსგავსი რამ მოხდეს და აშშ-ს რეაქცია როგორი იქნება, -რას გააკეთებს იგი საპასუხოდ?

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამ საკითხის მიმართ აშშ-ს რეაქცია შესაბამისი იქნება, რადგან იმისათვის, რომ ვენესუელაში ხელისუფლება შეიცვალოს, ტრამპის ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს.

„მწვავე შიდა პოლიტიკური დაპირისპირება არსებობს. უმაღლესი სასამართლო პროცესში ჩართულია და შესაბამისად, მას იყენებენ, როგორც ინსტრუმენტს. ასე რომ, ვენესუელაში, სამწუხაროდ, უკვე არაფერის გამორიცხვა არ შეგვიძლია.

„რაც შეეხება აშშ-ს რეაქცია, ის საკმაოდ მწვავე იქნება, რადგან ამერიკამ არაერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლება ვენესუელაში უნდა შეიცვალოს, დღეს არსებული პრეზიდენტი ხელისუფლებას ჩამოშორდეს და ახალი არჩევნები ჩატარდეს იმისათვის, რომ მძიმე ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური კრიზისიდან ხალხის არჩეულმა ლიდერმა ქვეყნის გამოყვანა შეძლოს.

„როდესაც ტრამპი გუაიდოს მეუღლეს თეთრ სახლში შეხვდა, მან ისიც განაცხადა, რომ ჯერჯერობით მიზნის მისაღწევად ყველა შესაძლებლობა მათ განკარგულებაშია და შეიძლება ყველაზე რადიკალური გადაწყვეტილებებიც კი მიიღონ," - აღნიშნავს ის.

მისი თქმით, ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებში რუსეთი უკვე ღიად ჩაერთო და მენაღარიშვილი არ გამორიცხავს ვითარების უკიდურესად დაძაბვას, რაც არც ვენესუელასთვის და არც მთლიანად, რეგიონისთვის კარგად არ დასრულდება.

„იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერება გაიმარჯვებს და ქვეყანა კრიზისიდან გამოსვლას შეძლებს. ამის გაკეთება კი მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუკი ხელისუფლების შეცვლა მშვიდობიანი გზით მოხდება, თუმცა, მოვლენების ყველაზე მძიმე სცენარით განვითარების გამორიცხვა არ შეიძლება.

„როგორც ჩანს, ბატონი მადურო და მისი მომხრეები, რომელთაც უკვე რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ზურგს უმაგრებენ, ბოლომდე ბრძოლისათვის არიან განწყობილნი. ეს კარგს არაფერს უქადის, რა თქმა უნდა, არც კონკრეტულად ვენესუელას და არც მთლიანად რეგიონს," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

ცნობისათვის, კარაკასში რამდენიმე ანტისამთავრობო აქცია გაიმართა, რა დროსაც პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მომიტინგეები ქვეყანაში შექმნილ სურსათის, ელექტროენერგიისა და წყლის დეფიციტს აპროტესტებდნენ. ამასთანავე, ქვეყნის ენერგეტიკაში არსებული მძიმე ვითარების საპასუხოდ, ნიკოლას მადურომ ენერგეტიკის მინისტრი მოხსნა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოს ქვეყნის დატოვება აუკრძალა, თუმცა გუაიდომ 22 თებერვალს ქვეყანა დატოვა და რეგიონის ქვეყნებში ვიზიტით გაემგზავრა. ასევე, 29 მარტს ვენესუელას ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს 15 წლით სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლება აუკრძალოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×