აშშ შავ ზღვაში სამხედრო წარმომადგენლობას მკვეთრად ზრდის და რუსეთის შესაკავებლად ემზადება
ტატა შოშიაშვილი
02.04.2019

 ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ესპანეთისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ვაშინგტონში ისაუბრა შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთის ფედერაციის მიერ გამოვლენილი აგრესიის შესახებ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, რობერტ პალადინომ განაცხადა.

პალადინოს თქმით, პომპეოს მიერ გამართულ ორივე შეხვედრაზე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, თეოდორ მელეშკანუსა და მის ესპანელ კოლეგა, ჟოზეფ ბორელთან საუბრის მთავარი თემა შავი ზღვის უსაფრთხოება იყო, განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილეს გასული წლის 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსეთსა და უკრაინას შორის მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით.

"რეზონანსთან" საუბრისას, პოლიტიკურმა ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ შეაფასა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შეხვედრა რუმინეთისა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლებსაც შავ ზღვაში რუსეთის მიერ გამოვლენილი აგრესიის შესახებ ესაუბრა. ექსპერტის განმატებით სხვადასხვა მიზეზების გამო შავი ზღვის რეგიონში გამალებული შეიარაღება მიდის როგორც რუსეთის, ასევე ამერიის შეერთებული შტატები მხრიდან.

"საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებიდან ამერიკის შეერთებული შტატების გამოსვლის შემდეგ, არ არის გამორიცხული, რომ შავი ზღვის რეგიონში გაძლიერდეს სამხედრო ყოფნა და სხვადასხვა სარაკეტო სისტემების განთავსება. კერძოდ, საუბარია რუმინეთისა და ბულგარეთის ტერიტორიაზე.

"აღსანიშნავია, რომ რუსეთმა შეშფოთება გამოთქვა ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფნასთან დაკავშირებით - აშშ-ის სამხედრო ყოფნა შავი ზღვის რეგიონში გაიზარდა 2 000-დან 15 000-მდე რუსეთის საპასუხოდ იყო.

"თავის მხრივ, რუსეთი ზრდის თავის სამხედრო ყოფნას შავი ზღვის რეგიონში -ყირიმში, სადაც რუსი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა გაიზარდა 30 000-მდე, ამიტომაც შავი ზღვის რეგიონში, შეიძლება ითქვას, მიმდინარეობს გამალებული შეიარაღება.

"მაგრამ ეს მხოლოდ შავი ზღვის რეგიონს არ ეხება, საუბარია ბალტიის რეგიონზეც. კერძოდ, პოლონეთისა და ლიეტუვის საზღვართან რუსეთი "ისკანდერის" ტიპის რაკეტები განთავსებას აპირებს, რომელთა მოქმედების რადიუსი ევროპას ფარავს. ამიტომაც საპასუხო ზომებს იღებს აშშ-როგორც ბალტიის რეგიონში, ასევე შავი ზღვის რეგიონში", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება თურქეთის პოზიციაც - საყურადღებოა ის, თუ როგორ შეძლებს ოფიციალური ანკარა მონტრეს კონვენციის შესრულებას, რომელიც შავი ზღვის სრუტეებზე - ბოსფორსა და დარდანელზე კონტროლის ბერკეტების თურქეთის რესპუბლიკისთვის გადაცემას გულისხმობს:

"რუსეთი ფლობს სარაკეტო გემებს როგორც ბალტიის, ასევე შავ ზღვაში, მაგრამ მათ შეუძლიათ მხოლოდ სამჯერ ნაკლები ფრთოსანი რაკეტის განთავსება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განლაგებული გემებთან შედარებით, რომელიც აშშ-მა დროებით შემოიყვანა ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში.

"რუსეთი ფლობს გარკვეულ სარაკეტო გემებსა და კატარღებს, მაგრამ ფრთოსანი რაკეტები ამ კატარღებზე სამჯერ უფრო ნაკლები პოტენციალისაა, ვიდრე აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების დაქვემდებარებაში მყოფი ხომალდი, რომელიც შემოვიდა 2019 წლის დასაწყისში ბალტიისა და შავ ზღვაში.

"აქ საინტერესოა თურქეთის პოზიციაც და ის, თუ რამდენად შეძლებს ანკარა მონტრეს კონვენციის პრინციპების მიხედვით მოქმედებას. აღნიშნული კონვენცია ითვალისწინებს სავაჭრო დანიშნულების გემების უპრობლემო შემოსვლას ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლით, რომელთაც თურქეთი აკონტროლებს.

"ამ შემთხვევაში, საინტერესოა შესაძლებელი იქნება თუ არა ნატო-ს ინტერესებიდან გამომდინარე 21 დღეზე მეტი დაჰყონ სამხედრო გემებმა შავი ზღვის აკვატორიაში, მათ შორის იმ გემება, რომლებიც იქნებიან "ტომაჰავკის" სისტემებით აღჭურვილები.

"წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა იქნება ის, რომ რუსეთს დაახლოებით 100 000-იანი კონტინგენტი ჰყავს შავი ზღვის რეგიონსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. სხვათა შორის, რუსეთსაც შეუძლია, რომ განათავსოს სარაკეტო სისტემები, იმავე, ყირიმში ან აფხაზეთის ტერიტორიაზე. საუბარია კიდეც იმაზე, რომ ს-300 ტიპის ანტისარაკეტო სისტემა რუსეთმა აფხაზეთში განათავსა, მაგრამ ფედერაცია ამას უარყოფს.

ნიკა ჩიტაძემ აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც და არაა გამორიცხული, რომ პომპეოს, მელეშკანუსა და ბორელის შეხვედრაზე ანაკლიის პორტის შესახებაც ყოფილიყო საუბარი.

"ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია იმაში, რომ ანაკლიის პორტი განვითარდეს. აღსანიშნავია, რომ ანაკლიის პორტში ევროკავშირი აპირებს მნიშვნელოვანი თანხების დაბანდებას, საუბარია 300 მლნ ევროზე. მაგრამ აქ საუბარია არა მხოლოდ ანაკლისს პორტის განვითარებაზე, არამედ გზების აღდგენა-მოდერნიზაციაზე.

"ამერიკა, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია იმაში, რომ სამომავლოდ თუნდაც სამხედრო გემებს შეეძლოთ შესვლა ანაკლიის პორტში, რადგან ფოთისა და ბათუმის პორტებში გემებს არ შეუძლიათ შესვლა, რადგან არ არიან ღრმაწყლოვანები, ხოლო ანაკლიის პორტს კი პირიქით, მომავალში შეეძლება მიიღოს ყველანაირი სახეობის, მათ შორის, სამხედრო დანიშნულების გემებიც", - თქვა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×