ეკატერინე ბასილაია
03.04.2019

 სათამაშოებში, სამშენებლო-სარემონტო მასალებში, ყვითელ ყვავილსა და ბულიონის კუბებში ტყვიის შემცველობა საგანგაშოდ მაღალია - კვლევას არასამთავრობოების ერთი ჯგუფი აქვეყნებს და, ამ კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ის ადამიანები, რომლებიც ახლად გარემონტებულ სახლებში ცხოვრობენ.

აპრილის ბოლოს ასევე გამოქვეყნდება ოფიციალური მონაცემებიც, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და "იუნისეფის" მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევა ბავშვთა ორგანიზმში ტყვიის შემცველობის საკითხზე.

დიდი ალბათობით, ამ დასკვნის შემდეგ გვეცოდინება, რამდენად საგანგაშოა ვითარება ქვეყანაში.

მანამდე კი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კონტროლის მიმართულებით დიდი ნაბიჯი 2015 წელს გადაიდგა, როდესაც იმ საწვავის მოხმარება აიკრძალა, რომელიც მძიმე მეტალის დიდ რაოდენობას შეიცავდა.

რაც შეეხება არასამთავრობოების კვლევას, მისივე თქმით, რა კვლევებიც ტყვიის შემცველობაზე ტარდება, ეს სწრაფი მეთოდითაა ჩატარებული და ბოლომდე სანდოდ არ შეიძლება, ჩაითვალოს. "ჯერჯერობით არც ერთი კვლევა ტყვიასთან მიმართებაში არ არის რეპრეზენტატიული. ანუ, ეს არ არის იმ მეთოდოლოგიით ჩატარებული, რომლის მიხედვითაც, ჩვენ ვისაუბრებთ, თუ რა ხდება ქვეყანაში ტყვიასთან დაკავშირებით.

"ეს კვლევები, რომლებიც დღეს ჩვენთან, საქართველოში ტარდება, ძირითადად ტარდება სწრაფი მეთოდით, მაგრამ თუ იქ მომატებულია, მერე ის უნდა გადაამოწმოთ ძალიან პრეციზიოზულ აპარატურაზე", - აცხადებს გამყრელიძე.

სხვადასხვა პროდუქციაში სიცოცხლისათვის საშიში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ საუბარი პერიოდულად აქტიურდება, თუმცა საქართველოში არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, რამე მარეგულირებელი ორგანო იმისათვის, რომ ტყვიის შემცველი პროდუქტები გააკონტროლონ.

ამჯერად კვლევა 2019 წლის იანვარ-მარტში მოხალისეობრივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა. კვლევა ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითმა კვლევების ცენტრმა ჩაატარა გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების დაკვეთით და შვედეთის მთავრობისა და ფონდ "ორბელიანი საქართველოს" მხარდაჭერით.

ამ კვლევით დგინდება, რომ ტყვიის შემცველობა ყველაზე მაღალი დაფიქსირდა სამშენებლო და სარემონტო მასალებში და ასევე - სათამაშოებში.

საგანგაშო კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ტყვიის დონე დასაშვებ ზღვარზე 200-ჯერ მაღალია სამშენებლო და სარემონტო მასალებში.

შესაბამისად, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარ სახლებში რემონტი ჩაატარეს.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, სინჯები თბილისის მასშტაბით შერჩეული 17 ოჯახიდან აიღეს, სულ 300-მდე ყოველდღიური მოხმარების საგანი შეისწავლეს და 17 ოჯახიდან 29 ადამიანს ჰქონდა სისხლში ტყვიის შემცველობა, მათ შორის - 19 ბავშვს.

ავტორების თქმით, 268 სინჯიდან 84 იყო სურსათი და წყალი, 77 - სათამაშო, 34 - სამშენებლო-სარემონტო მასალები, 17 - საყოფაცხოვრებო მტვერი, 22 - კოსმეტიკა, 21 - საოჯახო და სამზარეულოს ნივთები, 5 - საყოფაცხოვრებო ქიმია, 3 - ბიჟუტერია და 5 - სხვა.

"ყოველ მეხუთე ნივთში, რომელთანაც შეხება აქვს მოსახლეობას, აღმოჩნდა ტყვიის ჭარბი რაოდენობა. სუნელში, ყვითელ ყვავილში 246-ჯერ მეტი იყო ნორმაზე ტყვიის შემცველობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სურსათის უვნებლობა ჯერ კიდევ ვერ მუშაობს ეფექტურად.

"აღსანიშნავია ცემენტი, სამშენებლო ბლოკი, რომელიც ცემენტისაგან არის დამზადებული, გაჯი, საღებავი, როგორც ინტერიერის კედლის, ისე კარ-ფანჯრის საღებავი. ასევე აღმოჩნდა, კორიანში, რომელიც არის ხელოვნური ქვა", - განაცხადა კვლევის ავტორმა ნოდარ ყანდიაშვილმა.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი გურანდა ავქოფაშვილი ამბობს, რომ შესწავლილი პროდუქცია მრავალფეროვანი იყო, უამრავი რამ შედიოდა მასში, როგორც სამშენებლო მასალა, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთები, ქიმიური საყოფაცხოვრებო საშუალებები, სათამაშოები, საკანცელარიო ნივთები, საოჯახო ნივთები, როგორებიცაა კერამიკული ნაკეთობები თუ საძინებლის ატრიბუტები და უამრავ სინჯში აღმოჩნდა დამაბინძურებელი ტყვია.

მისი თქმით, სარემონტო მასალების გარდა, ტყვიის მაღალი კონცენტრაციით გამოირჩეოდა სათამაშოები.

"სამშენებლო მასალების შემდეგ, მოდის სათამაშოები, რომლითაც ბავშვები თამაშობენ. შემდეგ მოდის საკანცელარიო ნივთები. ტყვია აღმოაჩნდა ისეთ სათამაშოებში, როგორებიც არის: კუბიკ-რუბიკი, ასაწყობ კუბიკებში, ყველაში არა, მხოლოდ ერთი სახეობის კუბიკში, ასევე ერთი სახეობის მეტალის მანქანებში, რომელიც მალაიზიაშია წარმოებული, ასევე ერთ პლასტმასის მანქანაშიც აღმოჩნდა და პაზლებში...

"ასევე იყო სხვადასხვა სუნელში ტყვიის მაღალი შემცველობა და იყო ბულიონის კუბებში. მათი შემცველობა 3,3-ჯერ აჭარბებდა დასაშვებ კონცენტრაციას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ფაქტია", - განაცხადა გურანდა ავქოფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×