ელზა პაპოშვილი
03.04.2019

 დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში შესაძლოა, ახალი დეტალები გამოიკვეთოს. როგორც სახელმწიფო ბრალდება აცხადებს, საქმეში ახალი მოწმე ლ.ნ. არის, რომლის ჩვენებითაც, მსჯავრდებული გ.ბ.-ს მიერ დავით სარალიძის ეპიზოდში დანის გამოყენება დასტურდება.

აღნიშნულს დაცვის მხარე არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მოწმეს ამ ეპიზოდთან მიმართებაში კონკრეტული ჩვენება არ მიუცია. ახალი მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებიდან ჩანს, რომ ლ.ნ.-მ ტაქსიში მსჯავრდებული გ.ბ.-სგან მოისმინა ფარდულში განვითარებული მოვლენების შესახებ.

"თავიდან ფარდულში მიმდინარე მოვლენებზე დაიწყო. გ.ჯ. ფარდულში შეაგდოო, როგორც მე მივხვდი, ის საუბრობდა, როცა ცდილობდა, გ.ჯ. გამოეძვრინა მაგ სიტუაციიდან, მაგრამ შემდგომ თქვა, გამოვეცალეო მაგ ყველაფერს და მერე თქვა, წკაპ, წკაპ დავარტყიო", - განაცხადა მოწმემ თავის ჩვენებაში.

სწორედ აღნიშნულ ჩვენებასა და ასევე სხვა ფაქტებს ეყრდნობა ბრალდების მხარე, როცა აცხადებს, რომ გ.ბ.-მ დავით სარალიძის ეპიზოდში დანა გამოიყენა. დაცვის მხარე კი აღნიშნავს, რომ მოწმე ლ.ნ.-ს ჩვენებიდან ნათელია, რომ გ.ბ. ფარდულიდან გამოსვლის შემდეგ ამბობს ფრაზას "წკაპ, დავარტყი".

ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული ჩვენებით არ დასტურდება, რომ ეს ფრაზა გ.ბ.-მ სარალიძესთან მიმართებაში თქვა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე კი აცხადებს, რომ ბრალდებული ლ.ნ. მიხეილ კალანდიას ხელს აფარებს. მისი თქმით, მოწმე ცდილობს, რომ მკვლელობა მარტო გ.ბ-ს დააბრალოს და კალანდია ამ საქმიდან მშრალად გამოიყვანოს.

"ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოწმემ ამ ახალ გარემოებაზეც ისაუბრა. ვციტირებ ჩვენებიდან: კალანდიამ ეზოში შემოსვლიდან დაახლოებით ერთ წუთში ამოიღო დანა დაკეცილ მდგომარეობაში და მიაწოდა ბარბაქაძეს. ის, როგორც მახსოვს, იყო შავი ფერის, ამის შემდეგ კალანდიამ დაახლოებით 30 წამში ამოიღო დანის ტარი და აჩვენა ბიჭებს.

"დანის ტარს იმიტომ ვამბობ, რომ ტარის ჭრილში მოკეცილი დანის პირი არ შემიმჩნევია, მაგრამ ვერც გამოვრიცხავ, რომ პირი ჰქონდა", - ამბობს ეგრეთ წოდებული მოწმე ლ.ნ. გაბიიიი, მარტო იმაზე ნუ აპელირებ, რომ ბარბაქაძეს შეტენო. კალანდია მეიხსენიე ხოლმე. ეგ ხო შენი დასასრულის გვარია", - წერს ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში.

ხორავას ქუჩის საქმეზე ერთ-ერთი ბარლდებულის, გ.ჯ-ს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანო პირვანდელ ვერსიაზე რჩება და ცდილობს სხვების მიერ ჩადენილი დანაშაული არასრულწლოვან გ.ჯ.-ს გადააბრალოს.

"დასკვნით სიტყვაში ყურადღებას გავამახვილებ იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც საქმეში არსებობს, რომლებიც გამოვიკვლიეთ და რომლებიც ცალსახად ადასტურებს დაცვის მხარის პოზიციას.

"პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ გვქონდა მოლოდინი, რომ საგამოძიებო ორგანო გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამდა, რათა გამოესწორებინა ის უამრავი შეცდომა, რომლებიც გამოძიების დროს დაუშვეს.

"რეალურად დადასტურდა, რომ გამოძიება სწორად და ობიექტურად არ იყო წარმართული. ნაცვლად იმისა, შეცდომები გამოესწორებინათ, საგამოძიებო ორგანო პირვანდელ ვერსიაზე რჩება და ცდილობს, სხვების მიერ ჩადენილი დანაშაული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გადააბრალოს.

"ყველა სამართლებრივი გზით ვიბრძოლებთ და არ დავუშვებთ, რომ სხვა პირების მიერ ჩადენილი დანაშაული არ დაბრალდეს იმ პირს, რომელსაც ეს დანაშაული არ ჩაუდენია", - განაცხადა კაკაბაძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების, გ.ბ.-სა და გ.ჯ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი გ.ჯ. და გ.ბ. არიან მსჯავრდებულები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×