საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ თანამდებობის პირები ძალაუფლებას იყენებენ პირადი სარგებლის მისაღებად
ელზა პაპოშვილი
03.04.2019

 „ჩვენი მოქალაქეების განწყობა, დაახლოებით ისეთია, როგორიც იყო გვიან საბჭოთა კავშირსა და შევარდნაძის პერიოდში. ეს ყველაფერი არ შეუწყობს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარებას. ისინი, ფაქტობრივად, ნიჰილიზმის მდგომარეობაში არიან",- როგორ აფასებენ და რას ნიშნავს 3 აპრილს გამოქვეყნებული სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგები, რომლებიც ასახავს დემოკრატიის მდგომარეობას საქართველოში და მოსახლეობის განწყობას სხვადასხვა ინსტიტუციისა და მოვლენების მიმართ.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ კორუფციის კუთხით ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა. კითხვაზე „ვის უფრო მაღალი შანსი აქვს დასაქმდეს - კანდიდატს შესაბამისი უნარებით თუ მინისტრის ნათესავს ნაკლები უნარებით?", გამოკითხულთა 68,8% თვლის, რომ - მინისტრის ნათესავს.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა - 68,8% თვლის, რომ თანამდებობის პირები ძალაუფლებას იყენებენ პირადი სარგებლის მისაღებად. გამოკითხულთა ასევე დიდ ნაწილს (58,6%) მიაჩნია, რომ თანამდებობის პირები თანხის სანაცვლოდ მფარველობენ ბიზნესს.

საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" (CRRC), „ღია საზოგადოების ფონდისა" და საერთაშორისო ორგანიზაცია - International IDEA-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში. 2018 წლის 16-27 ნოემბერს თბილისსა და რეგიონებში 1786 რესპონდენტი გამოიკითხა.

საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 55% თვლის, რომ საქართველოში არ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც მისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს მოაგვარებს. 10%-ია სრულად კმაყოფილი პოლიტიკური პარტიების საქმიანობით, 46,3% უფრო კმაყოფილია, ვიდრე უკმაყოფილო.

გამოკითხულთა 45,8%-სთვის ხმის მიცემისას უფრო მნიშვნელოვანია პარტიის ლიდერის ვინაობა, 38,5%-სთვის - პარტიის საარჩევნო პროგრამა. ამასთან, მოსახლეობის 66%-ს არასდროს წაუკითხავს პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამა. უმრავლესობა - 60,7% ფიქრობს, რომ არჩევნებში კაცს გამარჯვების მეტი შანსი აქვს, ვიდრე ქალს.

მოსახლეობის 17% ქალიშვილს პოლიტიკაში წასვლას მოუწონებდა. გამოკითხული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ეთანხმება მოსაზრებას, რომ ადამიანები პოლიტიკაში საკუთარი კეთილდღეობისთვის მიდიან.

შრომითი უფლებებიდან ყველაზე ხშირ დარღვევად არასათანადო ანაზღაურება (71%), შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა (64%) და სამუშაო საათების ხანგრძლივობის ნორმების დარღვევა (57%) სახელდება.

საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 3,4%-ია პროფესიულ კავშირებში გაერთიანებული. გამოკითხულთა 41,2% არ მოელის, რომ შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში სასამართლო დაეხმარება. დადებითი მოლოდინი აქვს 38,5%-ს.

CRRC-ს მიერ გამოკითხული მოსახლეობის სულ 9%-ის ძალიან კმაყოფილი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემით, 40,6% უფრო კმაყოფილია, ვიდრე უკმაყოფილო.

გამოკითხვა შეეხებოდა განათლების სფეროსაც. მოსახლეობის 80,1% თვლის, რომ კარგი განათლების მისაღებად აუცილებელი პირობაა კარგი ფინანსური მდგომარეობა. წარმატების მისაღწევად აუცილებელ პირობად კარგ განათლებას ასახელებს გამოკითხულთა 58,9%. მოსახლეობის 31,6% ამბობს, რომ აქვს უმაღლესი განათლება. გამოკითხვის შედეგები აჩვენებს რეგიონულ უთანასწორობას უმაღლესი განათლების მქონეთა რაოდენობის კუთხით.

CRRC-ს მიერ გამოკითხული მოსახლეობის 83,2% სრულად ან ძირითადად ენდობა საქართველოს პატრიარქს, საპატრიარქოს მიმართ ნდობის ხარისხი 52,1%-ია.

მოსახლეობის გამოკითხვის ეს შედეგები საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობის შეფასების დიდი კვლევის ნაწილია და მისი შედეგები გაზაფხულის ბოლოს გამოქვეყნდება.

International IDEA-ს დემოკრატიის მდგომარეობის შეფასების ანგარიში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს მომზადებული; საქართველოში კი ასეთი ანგარიში პირველად მზადდება. ანგარიშზე 15-მდე ავტორი მუშაობს.

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" კვლევას, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირები გავლენებს ბიზნესის მფარველობისთვის იყენებენ, მესამე სექტორი ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ თანამდებობის პირების მხრიდან ბიზნესის მფარველობისთვის გავლენების გამოყენებას სერიოზულ პრობლემად მიიჩნევენ.

მესამე სექტორის წარმომადგენლები კორუფციის მაღალ დონეზე ამახვილებენ ყურადღებას. არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ასევე მიუთითებენ, რომ ქვეყანაში კორუფციის ფაქტების ეფექტურად გამოძიების პრობლემა არსებობს.

„ერთი მხრივ, ჩვენ დავძლიეთ წვრილმანი კორუფციის პრობლემა დიდი ხნის წინ, სამსახურის დაბალ დონეზე ქრთამი მართლაც დღესაც იშვიათია, თუმცა მეორე მხრივ, კორუფციის სხვა გამოვლინებები ჩნდება პრობლემად. ცუდია, რომ ხელისუფლება პრობლემის სიმძიმეს დღემდე არ აღიარებს," - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერმა, ერეკლე ურუშაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ბიზნესის მფარველობისთვის გავლენების გამოყენება დემოკრატიული პროცესის განვითარებას ხელს უშლის.

„ჩვენი მოქალაქეების განწყობა, დაახლოებით ისეთია, როგორიც იყო გვიან საბჭოთა კავშირსა და შევარდნაძის პერიოდში. ეს ყველაფერი არ შეუწყობს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარებას.

"ისინი, ფაქტობრივად, ნიჰილიზმის მდგომარეობაში არიან, ამავე დროს ინვესტირებას ხელს შეუშლის. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად ნატო-სთვის და ევროკავშირისთვის. მდგომარეობა, რომელიც დღეს არის, ყველანაირად მეტყველებს იმაზე, რომ რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვშორდებით ამ იდეალებს," - განაცხადა სახალხო მოძრაობის "შეაჩერე კორუფცია" დამფუძნებელმა, ქეთევან ენუქიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, მნიშვნელოვანია, ხელისუფლება კვლევის შედეგებს დეტალურად გაეცნოს და გაიაზროს, რადგან ადრესატი სწორედ ხელისუფლებაა. მესამე სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ კორუფციის აღქმის მაღალი მაჩვენებელი შემცირდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×