მარი გოცირიძე
04.04.2019

 "საქართველოს ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით თბილისში 120 000 კვ.მ სავაჭრო ცენტრი აშენდება. მშენებლობას  IG DEVELOPMENT GERGIA ახორციელებს. "საქართველოს ბანკის" მხრიდან სავაჭრო ცენტრის მშენებლობის დაფინანსების მოცულობა 34 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სესხის ნაწილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების (EBRD) ბანკის RSF-ის (საშუალო მოცულობის სესხის თანაფინანსირების საკრედიტო ხაზი) პროგრამის ფარგლებში, ბანკთან თანამშრომლობით გაიცა. შესაბამის სასესხო ხელშეკრულებას "საქართველოს ბანკსა" და IG DEVELOPMENT GERGIA-ს შორის ხელი უკვე მოეწერა.

"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე ვასილ ხოდელის შეფასებით, "საქართველოს ბანკი" ხელს უწყობს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, რაც საბოლოოდ ბიზნესის განვითარების საწინდარია.

მისი თქმით, ახალი სავაჭრო ცენტრი იქნება გამორჩეული პროექტი, რომელიც თბილისს თანამედროვე, ევროპული სტანდარტის უნიკალურ ობიექტს შესძენს.

"საქართველოს ბანკი" ხელს უწყობს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, რათა მხარი დაუჭიროს ბიზნესს, ხელი შეუწყოს მის განვითარებასა და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას. მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ძლიერი ეკონომიკის საწინდარია. ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების (EBRD) ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში მხარს ვუჭერთ თბილისში საკმაოდ მასშტაბური ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობას. გვჯერა, რომ IG DEVELOPMENT GERGIA-სა და "საქართველოს ბანკის" ერთობლივი თანამშრომლობით პროექტი საკმაოდ წარმატებული იქნება. ჩვენ აქამდეც ვთანამშრომლობდით და სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი პროექტი არის ერთ-ერთი გამორჩეული, რომელიც ერთობლივად განგვიხორციელებია. ეს არის ქალაქის შუაგულში უნიკალური ობიექტი, ევროპული სტანდარტის სავაჭრო ცენტრი. ნამდვილად გამორჩეული პროექტია, რომელიც თბილისს თანამედროვე ობიექტს შესძენს და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას," - განაცხადა ვასილ ხოდელმა.

EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა პროექტის პრეზენტაციისას აღნიშნა, რომ ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობით ხელი შეეწყობა კიდევ ერთი ენერგოეფექტური პროექტის განხორციელებას უძრავი ქონების სექტორში.

"ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მოხარულია, რომ ხელს აწერს ერთობლივ პროექტს დიდი ხნის პარტნიორებთან: "საქართველოს ბანკთან" და "აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიასთან". ეს არის თანადაფინანსების მეორე პროექტი "აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიასთან", მაღალი რეპუტაციის მქონე უძრავი ქონების დეველოპერთან ქვეყანაში. 2015 წელს ხელმოწერილი პირველი პროექტის წარმატებულად შესრულების შემდეგ EBRD-იმ გადაწყვიტა, განაგრძოს "აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიას" დაფინანსება "საქართველოს ბანკთან" ერთად და ხელი შეუწყოს კიდევ ერთი ენერგოეფექტური პროექტის განხორციელებას უძრავი ქონების სექტორში," - განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

ახალი სავაჭრო ცენტრი - "სითი მოლი საბურთალო" 120 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული სავაჭრო სივრცე იქნება ქალაქის ცენტრში, ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების კვეთაზე.

"სითი მოლი საბურთალოს" ჯამური საიჯარო ფართი 60 000 კვადრატული მეტრია. სავაჭრო ცენტრში სივრცე გაშლილი და გადანაწილებულია ჰორიზონტალურად ოთხ სართულზე, სადაც განთავსდება ცნობილი საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდების 200-მდე მაღაზია. "სითი მოლი საბურთალოს" სივრცეში მოეწყობა ყველაზე დიდი კინოთეატრი თბილისში, ბოულინგის ცენტრი, მასშტაბური ბავშვთა გასართობი ცენტრი, რესტორანი, სპორტული დარბაზი. ეს იქნება ერთადერთი სავაჭრო ცენტრი ქალაქში, სადაც მომხმარებლებისთვის მოეწყობა ეგრეთ წოდებული "უპსცალე" კუთხე - განსხვავებული, გამორჩეული დიზაინით, პრემიალური ბრენდების მაღაზიებით და 1500 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომით.

IG DEVELOPMENT GERGIA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძის შეფასებით, "სითი მოლი საბურთალო" იმ პროექტთაგანია, რომელიც შეიძენს უდიდეს მნიშვნელობას და სამომავლოდ თბილისის სახედ უნდა იქცეს.

"ჩემთვის მართლა დიდი პატივია, რომ პროექტში "საქართველოს ბანკი" და EBRDმონაწილეობენ. მათი მხარდაჭერით საშუალება მოგვეცა, რომ საქართველოში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ. ეს არის ის შესაძლებლობა, რასაც უმსხვილესი ბანკების მონაწილეობა გვაძლევს. მათი მხარდაჭერის გარეშე ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება რთული იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ "სითი მოლი საბურთალო" ძალიან კარგი პროექტი იქნება საქართველოში თავისი ლოკაციით, მოცულობით, მასშტაბით და ყველა იმ ფუნქციით, რაც პროექტს აქვს. ის ერთ-ერთი მათგანია, რომელიც შეიძენს უდიდეს მნიშვნელობას და სამომავლოდ თბილისის სახედ უნდა იქცეს. ცენტრის მომსახურებით უამრავი ტურისტი და საქართველოს მცხოვრები ისარგებლებს. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ პროექტს გავაკეთებთ ერთად ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და ბიზნესის განვითარებისთვის," - განაცხადა მინდია საბანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×