ბინადრობის უფლების მქონე უცხოელების რაოდენობამ 80 000-ს გადააჭარბა. ეს დიდი პრობლემაა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ამიტომ ბინადრობის უფლების მიღების წესი მკაცრდება და კანონპროექტი უკვე მეორე მოსმენით მიღებულია.
დღეს არსებული კანონის მიხედვით, პირზე ბინადრობის ნებართვა გაიცემა არანაკლებ 300 ათასი ლარის ინვესტიციის დაბანდების საფუძველზე, ეს თანხა 300 ათას დოლარამდე იცვლება. კანონპროექტი პარლამენტში უკვე მეორე მოსმენით განიხილეს. თუ ახლა 35 ათას აშშ დოლარად შეფასებული უძრავი ქონების ფლობის შემთხვევაში შეიძლება ბინადრობის მიღება, ცვლილების შემდეგ ეს თანხაც იზრდება არანაკლებ 100 ათას აშშ დოლარამდე.
უცხოელებზე საინვესტიციო, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის და ვ5 კატეგორიის ვიზის გაცემის საფუძველი მკაცრდება. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში უკვე მეორე მოსმენით განიხილება, გოჩა ენუქიძესა და ივლიანე წულაიას ეკუთვნით.
გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, ინვესტორზე თავიდანვე მუდმივი ბინადრობის ნებართვა აღარ გაიცემა, მანამდე ჯერ 5 წლის ვადით საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უნდა მიიღოს. კანონპროექტის ავტორების აზრით, ბინადრობის მოწმობის მისაღებად კანონი საკმაოდ დაბალ თანხობრივ ცენზს აწესებს, რაც დღევანდელი რეალობისა და მიგრაციის დონის გათვალისწინებით რაციონალურ მინიმალურ ზღვარზე დაბალია, რაც, მათი შეფასებით, ხელს უწყობს არა იმდენად ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების (ძირითადად მატერიალურ სიდუხჭირეში მყოფი პირების) მასობრივ მიგრირებას.
კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დეპუტატმა ილია წულაიამ სხდომის მონაწილეებს პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტში შეტანილი ცვლილება გააცნო. კერძოდ, უცხოელს შრომითი ბინადრობის ნებართვის აღება იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ის დასაქმებულია ისეთ კომპანიაში, რომელსაც აქვს არანაკლებ 50 ათასი ლარის ბრუნვა ერთ დასაქმებულ უცხოელზე. ასევე, განისაზღვრება მინიმალური ანაზღაურება თითოეული დასაქმებულისთვის და თუ შეწყდა შრომითი ურთიერთობა, კომპანიამ აუცილებლად, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს იუსტიციის სამინისტროს, რათა გაუქმდეს შრომითი ბინადრობის ნებართვა;
რაც შეეხება მუდმივი ბინადრობის წესს, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელს, რომელსაც 5-წლის განმავლობაში უდასტურდება ყოველწლიური არანაკლებ 120 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ბრუნვა და ამავე დროს შენარჩუნებული აქვს 300 ათასი აშშ დოლარის ინვესტირება, მუდმივი ბინადრობის ნებართვის აღება შეეძლება.
ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია მიიჩნევს, რომ პროცედურულადაც უნდა გამკაცრდეს, ვიდრე თანხობრივად, რასაც რეალური ეფექტი ექნება. 300-ათასიანი ზღვარი უი საკმაოდ მაღალია საქართველოს რეალობის გათვალისწინებით.
"პრაქტიკა, რომ ბინადრობის უფლება გაიცემა კონკრეტული ინვესტიციის შემდეგ, მთელ მსოფლიოში საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული, მათ შორის, დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც, თუმცა თანხა განსხვავებულია. ზოგან 100 000 ევროც საკმარისია, ზოგან კი რამდენიმეჯერ მეტია საჭირო.
300 ათასამდე ზედა ზღვრის აწევა საკმაოდ მკაცრად მეჩვენება. სხვა ცვლილება უფრო ეფექტური იქნებოდა და, ასევე, საჭიროა კარგი ადმინისტრირებაც. მასობრივი ხასიათი ჰქონდა გარკვეული თაღლითობის გზით უცხოელების მიერ ბინადრობის უფლების მოპოვებას ისე, რომ არ აკმაყოფილებდნენ არავითარ კრიტერიუმს. ხდებოდა უძრავი ქონების გადაფორმება ერთი ადამიანიდან მეორეზე მას შემდგომ, რაც ის მოიპოვებდა ბინადრობის უფლებას და ასე დაუსრულებლად.
აქ ჩამოსული ადამიანების დიდი ნაწილი არა ინვესტორი, არამედ, უბრალოდ, ცხოვრების მოსურნეა. გარდა ამისა, ისინი ჩამოდიან უცხოელი ინვესტორის კუთვნილ კომპანიებში დასასაქმებლად. არაერთი ქვეყნიდან შემოდის სამშენებლო კომპანიები, რომელთაც სურთ, თავიანთი მოქალაქეები დაასაქმონ და გადასახადები დამალონ, რადგან ხშირია ამ დროს ნაღდი ფულით ანგარიშსწორება.
წინასწარ შეუძლებელია თქმა, ეს როგორ აისახება საინვესტიციო ბაზარზე, მაგრამ ფაქტია, საქართველოსთვის ძალიან მაღალია 300 000-დოლარიანი ზღვარი," - აღნიშნა "რეზონანსთან" ვახტანგ ჭარაიამ.
თანხობრივი ზღვრის გამკაცრება რომ არასაკმარისია, იზიარებს აკადემიკოსი ავთო სილაგაძეც. ფინანსური ბარიერის გარდა, უნდა არსებობდეს სხვა მოთხოვნებიც, რის გარეშეც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქვეყანაში 180 დღეზე დიდხანს ცხოვრების უფლებას ვერ მიიღებს.
"თანხის გაზრდა გასაგებია, მაგრამ ძალიან ბევრი სხვა საკითხია მნიშვნელოვანი, როცა პირს საქართველოში ცხოვრების უფლება ეძლევა. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ენის ცოდნაა. სახელმწიფო ენის რაღაც დონეზე ცოდნის გარეშე არ შეიძლება, ვინმეს 180 დღეზე მეტი ხნით ცხოვრებისა და, მით უფრო, საქმიანობის უფლებას აძლევდეს ქვეყანა.
მნიშვნელოვანია ფინანსური საკითხების მოგვარება, მაგრამ მხოლოდ ეს არ შეიძლება იყოს განმაპირობებელი, მით უფრო იმ პირობებში, რაც დღეს სამეზობლოსა და, ზოგადად, მსოფლიოშია მიგრანტებისა თუ უსაფრთხოების კუთხით," - აღნიშნა "რეზონანსთან" სილაგაძემ.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების რიცხვი, რომლებსაც ბინადრობის უფლება აქვთ, უფრო და უფრო იზრდება. 2018 წელს მათმა რაოდენობამ 80 000-ს გადააჭარბა.