მარი ჩიტაია
04.04.2019

 ინფლაცია წლიურ მაჩვენებელს გასცდა. ოფიციალური ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადად თამბაქოს გაძვირებამ მოახდინა გავლენა. სპეციალისტები ამ ფაქტორს ნაკლებად ითვალისწინებენ და აღნიშნავენ, რომ ინფლაციაზე უკვე იგრძნობა საპენსიო რეფორმის გავლენა, რაც სამომავლოდ საერთო მაჩვენებლებზე საგრძნობლად იმოქმედებს.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მარტში ინფლაციის დონემ 3,7% შეადგინა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის გაზრდაზე ძირითადი გავლენა იქონია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების გაძვირებამ. ამ ჯგუფში ფასების 1.3-პროცენტიანი მატება იყო, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა შემდეგ საქონელზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (8.2 პროცენტი), ხილი და ყურძენი (5.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.0 პროცენტი).

საგრძნობლად მომატებულია ფასი დასვენების, გართობისა და კულტურის მიმართულებით - 7.7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა მთლიან ინდექსში 0.42 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯგუფში ფასების მატება იყო ტურისტულ მოგზაურობაზე (15.3 პროცენტი).

რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს, მათი ფასი გაიზარდა 4.2 პროცენტით, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. განსაკუთრებით გაძვირებულია თამბაქოს ნაწარმი (8.4 პროცენტი).

"ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტ პაატა შეშელიძის ვარაუდით, შესაძლოა, წლიური ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს არ გადასცდეს, თუმცა სხვადასხვა ფაქტორის გავლენით ინფლაციის ზრდა სამომავლოდაც მოსალოდნელია. ერთ-ერთ ასეთ ფაქტორად ეკონომისტი საპენსიო რეფორმას მიიჩნევს.

"ინფლაციის მაჩვენებლის გაზომვა არ არის ყოველთვის სწორი ინდიკატორი. ჩვენ ვიცით, რომ თამბაქო გაძვირდა, მაგრამ შეიცვალა მოხმარების სეგმენტი და ხალხი იაფფასიან პროდუქტსა და თუთუნზე გადაერთო. ამასთან, არალეგალური პროდუქტი გაჩნდა ბაზარზე, რაც, ცხადია, სტატისტიკის მიღმა დარჩა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია საპენსიო რეფორმის გავლენა, მაგრამ არ სურთ, რომ ეს მომენტი გამოჩნდეს. დამსაქმებლებს გაუჩნდათ დამატებითი ტვირთი და შეეცდებიან, რომ მისი სიმძიმე მომხმარებელზე გადაიტანონ მომსახურებისა და ფასების გაძვირებით. შეიძლება ამას მყისიერი ეფექტი არა აქვს, მაგრამ თანდათან გამოჩნდება.

მიუხედავად ამისა, ინფლაციასთან დაკავშირებით რადიკალურ ცვლილებას არ ველოდები. კურსიც ბევრად უფრო სტაბილურია, ვიდრე გასულ წლებში. სიტუაცია დალაგდება და ინფლაცია ალბათ მიზნობრივ მაჩვენებელს არ გადასცდება, მაგრამ ამისთვის არსებული მონეტარული პოლიტიკა უნდა შენარჩუნდეს," - ამბობს "რეზონანსთან" შეშელიძე.

ინფლაციის ზრდის მიზეზად სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე სამომხმარებლო ბაზარზე იმპორტის გავლენას მიიჩნევს.

"ჩვენი შიდა ბაზარი 70%-ზე მეტით იმპორტულ საქონელზეა დამოკიდებული, რაც პირდაპირ ფასზე ახდენს გავლენას. ერთია, მსოფლიო ბაზარზე როგორ ყალიბდება ფასები და, მეორე მხრივ, როგორია ვალუტის კურსი. შეიძლება უცხოურ ბაზრებზე საქონლის ღირებულება ეცემოდეს (როგორც მოხდა შარშან შაქარსა და ნავთობპროდუქტებზე), მაგრამ ლარი უფასურდებოდეს და პროდუქტი მაინც არ გაიაფდეს ან, პირიქით, გაძვირდეს.

მაგალითად, ჩვენ რომ 2018 წელს 2017 წლის ფასით შეგვეძინა ბუნებრივი აირი, რამდენიმე მილიონი დოლარით მეტის გადახდა მოგვიწევდა. გაძვირდა ნავთობიც და ჩვენ დაახლოებით 160 მლნ დოლარით მეტი გადავიხადეთ იმასთან შედარებით, რამდენის გადახდაც გვიწევდა წინა წლის მოცემულობის შენარჩუნების შემთხვევაში.

იმდენად ფასის მატება კი არ არის საშიში, არამედ ცალკეული კომპონენტების მიხედვით ფასების ასიმეტრიული ცვლილება. ახალგაზრდებისთვის შეიძლება ფასების მატება დაბალი ტემპით ხდებოდეს, მაგრამ პენსიონერებისთვის, რომლებსაც მედიკამენტები სჭირდებათ, ეს ტემპი გაცილებით მაღალია. საშუალო მაჩვენებელი ამ შემთხვევაში ბევრს არაფერს ამბობს, თუმცა მისი გამოყენება შეიძლება ტრენდის, განვითარებისა და ვექტორის დასადგენად," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას არჩვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×