კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტართა წერილი საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი გაფრთხილებაა 2020 წლის არჩევნების შესახებ
ეკატერინე ბასილაია
04.04.2019

 "ევროპელი პარტნიორები კიდევ ერთხელ აფრთხილებენ ხელისუფლებას, რომ მიუღებელი იქნება, 2020 წლის არჩევნებიც ისეთივე დარღვევებით, ისეთივე სქემით ჩატარდეს, როგორც საპრეზიდენტო არჩევნები იყო. ეს კატასტროფა იქნება.

"რადგანაც ხელისუფლება თავისით არ აპირებს პროპორციულ სისტემაზე 2020 წლისთვის გადასვლას, გააქტიურდა მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. თუ ამ მოწოდებას ნიველირებას გაუკეთებენ, არ მგონია, ეს "ოცნების" იმიჯს წაადგეს," - აცხადებს "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია.

"რეზონანსი": 11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინის. წერილებში საუბარია საპრეზიდენტო არჩევნების დროს არსებულ დარღვევებზე, ასევე, ბახტაძეს ია კერზაიას საქმის გამოძიებას სთხოვენ, მოგერინის კი - "ოცნებაზე" ზეგავლენას, რომ ოპოზიციასთან დიალოგი წარიმართოს და 2020 წელს პროპორციული არჩევნები ჩატარდეს. თან წერილის ავტორები "ოცნების" პარტნიორი "სოციალ-დემოკრატების" ჯგუფის წევრები არიან. რას ნიშნავს ეს კრიტიკა, "ოცნების" მეგობრებიც კი უკმაყოფილონი არიან ხელისუფლების ქცევით?

კორნელი კაკაჩია: პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ ევროპარლამენტში, მემარცხენე სპექტრი იქნება თუ მემარჯვენე, ყველა ჩვენი პარტნიორი დაინტერესებულია იმით, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები სწორად განვითარდეს და ქვეყანა ევროკავშირის სტანდარტებს მიუახლოვდეს.

ისინი ხედავენ იმ გამოწვევებს, რაც დემოკრატიასთან მიმართებით არის, იმ პრობლემებს, რაც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა გამოავლინა და კიდევ ერთხელ აფრთხილებენ ხელისუფლებას, რომ ასეთი სახის არჩევნები 2020 წლისთვის მიუღებელი იქნება.

ქვეყნის ინტერესებიდან და დემოკრატიული განვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მომავალი არჩევნები ჩატარდეს კონსენსუსის საფუძველზე და ყველა პოლიტიკური აქტორისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები შედეგი რომ მივიღოთ, პროპორციული საარჩევნო სისტემის უზრუნველყოფაა საჭირო.

ხელისუფლებას ყველა, ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და ექსპერტები, ეუბნება, რომ პროპორციული სისტემაა საჭირო, თუმცა როგორც დღეს ჩანს, მმართველი ძალა მაინც იმას აწვება, რომ პროპორციული სისტემა 2024 წლამდე გადაიდოს.

წერილის მიზანია, ხელისუფლების წევრები დააფიქროს, რომ მათ ეს კომპრომისული ნაბიჯი გადადგან, რომელიც წაადგება ქვეყნის საერთო ინტერესებს და მისი დემოკრატიზაციის პროცესს. მთელი ამ წერილის სულისკვეთება ესაა, მართლაც მეგობრული წერილია. ახლა უკვე ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, გაიზიარებს თუ არა.

ადვილი არ იქნება, მაგრამ თუ ხელისუფლებას სურს, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ ლეგიტიმაცია მიიღოს, თავის შეხედულებებს აუცილებლად უნდა გადახედოს და კონსენსუსისკენ გადადგას ნაბიჯი.

"რ": როცა "ოცნების" მეგობარი ჯგუფის დეპუტატები ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე დარღვევები იყო, გამოდის, რომ საგარეო ფლანგზე მეგობრებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას?

კ.კ: რა თქმა უნდა. მეგობარიც იმიტომაა, რომ პირველი მან უნდა გითხრას იმ შეცდომების შესახებ, რაც მოხდა. ჩვენ ყველამ ვიცით და თავად "ოცნების" ლიდერებიც აღიარებენ, რომ ბოლო არჩევნები არ იყო სანიმუშო.

იყო სერიოზული დარღვევები, რაზეც ეუთო-ს საბოლოო დასკვნაშიც ეწერა, რომ ეს იყო მიახლოებული იმ მოდელთან და იმ სქემასთან, რასაც ამომრჩევლის მოსყიდვა ჰქვია.

აქედან გამომდინარე, ეს შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ არც მეგობრებს და არც არავის. თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ვერ შეამჩნიეს ჩვენმა პარტნიორებმა, ეს არასწორი შეფასებაა და ამის მაგალითი არის თუნდაც ეს წერილი, სადაც მკაფიოდ ჩანს, რა პრობლემები იყო არჩევნებზე.

რაც მთავარია, პირდაპირი გაფრთხილებაა, რომ ევროპელი პარტნიორებისთვის მიუღებელი იქნება, 2020 წლის არჩევნებიც ასეთივე დარღვევებით, ასეთი სქემით ჩატარდეს. ეს კატასტროფა იქნება, ამან შეიძლება საქართველო უკან დაწიოს ყველა დემოკრატიული სტანდარტისგან, სადაც კი ვართ და შელახოს ქვეყნის იმიჯი.

"რ": თუკი "ოცნება" არ დათანხმდება ოპოზიციას და 2020 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარობას არ გააუქმებს, ეს მეგობარი ჯგუფისთვისაც იმის ნიშანი იქნება, რომ "ოცნება" არ მიდის დემოკრატიულ გზაზე?

კ.კ: ისინი ხედავენ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იქნება წინ გადადგმული კომპრომისული ნაბიჯი, რომელიც ქვეყანაში სიტუაციას დაასტაბილურებს.

ჩვენ არ ვიცით, 2020 წლის არჩევნებში ვინ გაიმარჯვებს, მაგრამ თუნდაც "ქართულმა ოცნებამ" რომ გაიმარჯვოს, შეიძლება დანარჩენი ოპოზიცური ძალებისაგან ლეგიტიმაცია ვერ მიიღოს. შეიძლება მივიღოთ იგივე სურათი, რაც მოხდა სააკაშვილის დროს 2008 წლის არჩევნების შემდეგ, როცა ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა და ქუჩიდან იმართებოდა ყველაფერი. ეს რომ არ განმეორდეს, ამიტომაა საჭირო კონსენსუსი.

თუ მმართველი ძალა მხოლოდ იმაზე იფიქრებს, როგორ გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნის ვადა, მსგავს რამეს არავისთვის მოუტანია შედეგი და არც "ოცნებისთვის" მოიტანს. ამას შეიძლება გაუთვალისწინებელი რაღაცები მოჰყვეს.

ხელისუფლება, რომელსაც ერთპარტიულობისა და ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებისკენ აქვს მიდრეკილება, ძალიან ცუდად ამთავრებს. იგივე გეგმა ჰქონდა სააკაშვილს, მაგრამ ვნახეთ, როგორ დაამთავრა.

"რ": საერთაშორისო მხარდაჭერას დაკარგავს?

კ.კ: რა თქმა უნდა. თუკი ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა და ქუჩაში გავიდა, ეს ქვეყანას და "ოცნებასაც" დააზარალებს. მათ მიმართ დამოკიდებულება სხვანაირი გახდება.

"რ": რა მოლოდინი გაქვთ თქვენ? პროპორციულ არჩევნებზე დათანხმდება "ოცნება", ია კერზაიას საქმეში კი პროკურატურა დაადგენს, რომ პოლიტიკური მოტივაცია იკვეთებოდა წინასაარჩევნოდ მისი სკოლის შემოწმებაში?

კ.კ: რადგანაც ხელისუფლება თავისით არ აპირებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ამიტომ გააქტიურდა მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. თუ ამ მოწოდებას ნიველირებას გაუკეთებენ, არ მგონია, ეს "ოცნების" იმიჯს წაადგეს.

რაც შეეხება კერზაიას საქმეს, ეს ცოტა რთულია. ხელისუფლება უარზეა, ამ საქმეზე პასუხისმგებლობა აიღოს და ამიტომ ძალიან გაჭირდება, რომ გამოძიება ბოლომდე მივიდეს. ხელისუფლების ხედვა ოპოზიციისა და საზოგადოების ხედვისგან ძალიან განსხვავდება.

ნებისმიერმა ხელისუფლებამ, რომელმაც სცადა, საზოგადოების ინტერესების გაუთვალისწინებლობის ხარჯზე გაეხანგრძლივებინა ხელისუფლებაში ყოფნა, კრახით დაამთავრა. ამაზე უნდა დაფიქრდნენ. ხელისუფლებაში მუდმივი არაფერია.

არც ერთი პოლიტიკური პარტია არ არსებობს, ვინც ერთ დღეს არ დამარცხდება და თუ მათ უნდათ, რომ მომავალში გადარჩნენ, როგორც პოლიტიკური ძალა და მათ მიმართ რეპრესიები არ გატარდეს, ქვეყნის მომავალზე იფიქრონ. ყოველთვის საჭიროა საზოგადოების ინტერესის გათვალისწინება, ამ შემთხვევაში ეს არის პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×