ელზა პაპოშვილი
04.04.2019

 ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის - ია კერზაიას საქმეზე ევროპარლამენტარების მოთხოვნას, რომ საქმე დროულად და ობიექტურად იყოს გამოძიებული, საქართველოში ეხმაურებიან.

მესამე სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ როდესაც ამ კონკრეტულ საქმეზე ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ძალიან მკაფიო გამოხმაურებაა, ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს.

მათი აზრით, მოთხოვნა სამართალდამცავი ორგანოების დაუყოვნებლივ პასუხსა და რეაგირებას საჭიროებს, თუმცა ამ საქმის მიმართ პროკურატურა რამდენად ადეკვატური იქნება, უცნობია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელაიამ გუშინ პროკურატურას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართა, რაზეც მან ერთხელ უკვე მიიღო უარი, თუმცა ამჯერად სარჩელი გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძის სახელზე შეიტანა.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ მას დაზარალებულის სტატუსი ვერ მიენიჭება, რადგან გამოძიება დასრულებული არ არის და ია კერზაიას გარდაცვალების საქმეში დანაშაული დადგენილი არ აქვთ.

ევროპარლამენტის 11-მა დეპუტატმა კი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ია კერზაიას საქმეზე წერილით მიმართა. წერილში აღნიშნულია, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი პოლიტიკურ ზემოქმედებას განიცდიდა და ამ საქმის სწრაფი და დეტალური გამოძიება უნდა მოხდეს, რათა დადგინდეს ია კერზაიას გარდაცვალების ზუსტი მიზეზები.

ევროპარლამენტარები წერენ, რომ რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ინსულტი დაემართებოდა, მან საჯაროდ განაცხადა და სახალხო დამცველსაც მიმართა, რომ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის - სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩართვის მიზნით ინტენსიურ წნეხს განიცდიდა.

ევროპარლამენტარებს წერილში მოჰყავთ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ანგარიში.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის ნოემბერში ზუგდიდის სკოლაში ჩატარებული შემოწმების ირგვლივ არსებული გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ შემოწმების მექანიზმები პოლიტიკური მიზნებისთვის იყო გამოყენებული.

წერილში მოყვანილია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშიც.

ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო კამპანია აღინიშნა მკაცრი რიტორიკით და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ზრდით, რამაც პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა.

შეშფოთების საგნად, ასევე, დასახელებულია იმავე ანგარიშის ნაწილი, სადაც მმართველი პარტიის მხრიდან ზეგავლენასა და დაშინებაზეა საუბარი.

წერილს ხელს აწერენ: ანა გომესი, მაიკლ მალერი, რებეკა ჰარმსი, ნატალი გრისბექი, ჯული უორდი, ალინ სმითი, ტუნ კელამი, ბარტ სტაესი, ტანია გონსალეს პენია, ხოსე ინაციო ფარია და ჟან ლამბერტი.

ევროპარლამენტარების მოთხოვნას, რომ საქმე დროულად და ობიექტურად იყოს გამოძიებული, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ეხმაურებიან და "რეზონანსთან" აცხადებენ, რომ როდესაც ამ კონკრეტულ საქმეზე ევროპარლამენტის ტრიბუნიდან არის ძალიან მკაფიო გამოხმაურება, ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ ამ ინსპექტირების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ ია კერზაიას გარდაცვალების საქმეში ბევრი სერიოზული ხარვეზი და დარღვევა იყო, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ შესაძლოა, სწორედ პოლიტიკურად მოტივირებული და გარკვეული ანგარიშსწორების ნიშნით დისკრიმინაციული ფორმით გატარებული ინსპექტირება იყო.

"შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ კონკრეტულ საქმეზე ევროპარლამენტის ტრიბუნიდან, ასეთი სერიოზული ინსტიტუციიდან, ასეთი ძალიან მკაფიო გამოხმაურება და პირდაპირი გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ აუცილებელია ამ საქმის დროული, ადეკვატური, სრულყოფილი გამოძიება," - განაცხადა ბენიძემ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული ამბობს, რომ ევროპარლამენტარების მოთხოვნა სამართალდამცავი ორგანოების დაუყოვნებლივ პასუხსა და რეაგირებას საჭიროებს.

"ია კერზაიას საქმე არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელზეც საზოგადოებას ჯერ კიდევ ძალიან სერიოზული კითხვები რჩება.

"როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, როგორც ჩანს, ძალიან მაღალი ინტერესია ამ საქმის მიმართ და, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაუყოვნებლივ პასუხსა და რეაგირებას საჭიროებს.

"პირველ რიგში, ოჯახს უნდა ჰქონდეს ამომწურავი პასუხი, რასთან გვაქვს საქმე, ასევე, საქმეში ჩართვის შესაძლებლობა, სტატუსი საქმესთან დაკავშირებით და საზოგადოებამაც უნდა მიიღოს პასუხი გამოძიების შედეგების შესახებ," - განაცხადა სოფო ვერძეულმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×