ეკატერინე ბასილაია
04.04.2019

 ვანდალიზმი ახალქალაქის სომხურ სამლოცველოში - ადგილობრივების განცხადებით, დაუდგენელი პირებმა სოფელ ბავრის სამლოცველო დაარბიეს. დილით მოსულ მოქალაქეებს ხატები და რელიგიური სიწმინდეები დახეული, დაჭრილი და დამტვრეული დახვდათ.

თვითმხილველების თქმით, რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტს აქამდე ადგილი არ ჰქონია და ეს პირველი შემთხვევაა. მათი განცხადებით, თუ სამლოცველოს დაზიანების ფაქტის დროულად გამოძიება არ მოხდება, შესაძლოა რეგიონში ვითარების დაძაბვა მოჰყვეს. კადრებს დარბეული სამლოცველოდან "ჯეი ნიუსი" ავრცელებს.

„როცა დილით წმიდა ადგილზე მივედით, დავინახეთ, რომ ყველაფერი გატეხილი და მიმოფანტული იყო. უცნობი ადამიანები მოვიდნენ სამლოცველოში, გადაატრიალეს, დაჭრეს, დატეხეს და გააფუჭეს ხატები ვანკი ჩვენი სიწმინდეა. ხალხი აქ სალოცავად დადის, ანთებენ სანთელს და წირავენ ხატებს. უცნობმა ადამიანებმა ჩვენი სიწმინდეები შელახეს! არ ვიცით, რა ვქნათ. უნდა გავაკეთოთ," - ამბობს "ჯეი ნიუსთან" სატელეფონო ინტერვიუში ერთ-ერთი თვითმხილველი.

სამლოცველო მე-13 საუკუნისაა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაა მიჩნეული. სამლოცველოს ვანკის ან ჩგნავორის სახელით იცნობენ. ხულგუმოსა და ბავრის სოფლების მოსახლეობა სამლოცველოში წლებია ლოცულობს.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი ელზა ჯაფაროვის თქმით, ახალქალაქის პოლიციის სამმართველომ ახალქალაქის სოფელ ბავრის სამლოცველოს დაზიანების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დაცული სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას". ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-წლამდე.

მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობისაგან ოფიციალური შეტყობინება შს სამინისტროში არ შემოსულა, თუმცა გამოძიება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

„ეს არის გრიგორიანული სამლოცველო. მოსახლეობიდან ოფიციალურად შეტყობინება არ შემოსულა. ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამლოცველოში მდებარე ჯვარი და ქრისტიანული ნივთები. იყო დაზიანებული, შემდეგ უკვე - ადგილობრივ მედიაში. ამ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე პოლიცია მივიდა ადგილზე, ნახა და დადასტურდა, რომ ნივთები დაზიანებული იყო. პოლიცია რამდენიმე ვერსიას განიხილავს, ეს მექანიკური ზემოქმედებით არის დაზიანებული, შეგნებულად ვინმემ გააკეთა, თუ კედლიდან ჩამოვარდა და დაიმსხვრა. დაიწყო გამოძიება, აღებულია დაზიანებული ნივთები," - ამბობს ელზა ჯაფაროვი.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ნაჩვენებია დამტვრეული ხატებიც და ასევე კედელზე ჩამოკიდებული და დაჭრილი ხატებიც. შეკითხვაზე, დაჭრილ ხატი როგორ შეიძლება შეგნებულად დაზიანებული არ იყოს, ჯაფაროვი ამბობს:

„როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს არის სამლოცველო, სადაც ოჯახებში დაზიანებული ან კუთხეებმომწვარი ქრისტიანული ნივთი მიჰქონდათ ამ სამლოცველოში და ეს საცავივით იყო. თვითონ განადგურება რომ არ უნდოდათ, ალბათ მითითებაც ჰქონდათ მათი სასულიერო პირისგან, ამ სამლოცველოში მიჰქონდათ. ასეთი ნივთები არის უხვად თავმოყრილი. შესაბამისად, სწორედ მაგიტომ ტარდება გამოძიება, ეს ნივთები შეგნებულად ვინმემ დააზიანა თუ იყო დაზიანებული, ან კედლიდან ჩამოვარდნილი ჯვარი თუ ხატი და შემდეგ მიტანილი. ამიტომ გითხარით, რომ გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×