ელზა პაპოშვილი
04.04.2019

 ნეპოტიზმი, კორუფცია და ე.წ. “დედოვშინა” ჯარში – ოპოზიცია იზორიას პარლამენტში ერთი საათის განმავლობაში მწვავე კითხვებს უსვამდა. ლევან იზორია საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფარგლებში მივიდა. კითხვები, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა, თავდაცვის უწყებაში კორუფციის ფაქტებს და წვევამდელების გაწვევის სისტემას ეხება, რომელიც ოპოზიციის აზრით,  ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. 

ოპოზიცია ამბობს, რომ თავდაცვის ბიუჯეტი არის საგრძნობლად შემცირებული. შესაბამისად ჩნდება კითხვები, ამ პირობებში რამდენად ხდება განახლება ჩვენი შეიარაღების და ნატო-სთან თავსებადი სტანდარტების დამკვიდრება, როდესაც ამისთვის ბიუჯეტიდან რეალურად სახსრები არ გამოიყოფა. გარდა ამისა მინისტრს მწვავე კითხვები  კორუფციაზეც დაუსვეს.  მათი აზრით, რეალურად სისტემა, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, არ მუშაობს, ამასთანავე, არის ძალიან სერიოზული გამოწვევა რეზერვთან დაკავშირებით და ზოგადად ჩვენი ქვეყნის სამხედრო მზადყოფნა სერიოზული შეშფოთების საგანია. 

ლევან იზორიას  პასუხებს პარლამენტში მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი უსმენდა. შესვენებიდან დაბრუნებულ მინისტრს დეპუტატები ადგილზე აღარ დახვდნენ. 

იზორია საპარლამენტო ოპოზიციას თავდაცვის სამინისტროში იწვევს. მინისტრის თქმით, ის არ მიიღებს ოპონენტების დაუსაბუთებელ კრიტიკას არგუმენტების გარეშე. იზორია ოპოზიციას მოუწოდებს ან დაამტკიცონ ის ბრალდებები, რომელზეც საუბრობენ ან უპასუხისმგებლო განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

„ოპოზიციასთან მუშაობასთან დაკავშირებით მე მზად ვარ, ვთქვი ერთხელ და დღესაც საჯაროდ ვამბობ,  ყველა ეჭვთან დაკავშირებით, ყველა კითხვასთან დაკავშირებით გთხოვთ რომ სანამ გავაკეთებდეთ უპასუხისმგებლო განცხადებას, მობრძანდეთ, მით უფრო დეპუტატები ბრძანებით და ადგილზე ნახოთ აქვს თუ არა ჯარს ხორცი, აცვია თუ არა ჯარს არის თუ არა ნატოს სტანდარტებზე აღჭურვაზე ზრუნვა. დაესწარით წვრთნებს. იქნებ მართლა არის რაღაც რასაც ვერ ვხედავ და დამანახეთ. რასაც მე ვისმენ, ბატონო ოპოზიციონერებო, მე კრიტიკის დიდი დამფასებელი ვარ, არგუმენტია ჩემთვის ყველაზე ძლიერი ძალა. მაგრამ ვამბობ, რომ ეს არგუმენტი უნდა იყოს დასაბუთებული,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა ცალკე გამოყო ოპოზიციის განცხადებები ე.წ. დედოვშინის ფაქტებზე. საუბარია კრწანისის სასწავლო ცენტრში წვევამდელებისთვის ფულის გამოძალვასა და ფიზიკურ ძალადობაზე. იზორიას განცხადებით ოპონენტების მხრიდან სისტემურ დანაშაულზე საუბარი მიუღებელია, რადგან ეს იყო ერთი კონკრეტული შემთხვევა, რომელზეც თავდაცვის უწყებამ მყისიერი რეაგირება მოახდინა,“-განაცხადა ლევან იზორიამ.    

საპარლამენტო ტრიბუნიდან თავდაცვის მინისტრმა ასევე ბინების გაქირავების ოჯახური ბიზნესის შესახებ ისაუბრა. ლევან იზორიამ ოპოზციის იმ ბრალდებებს უპასუხა, რომელიც მის არადეკლარირებულ შემოსავლებს, ძვირადღირებულ ავტომობილებს და სახლების მშენებლობებს უკავშირდება. 

მინისტრი შემოსავლის წყაროს განმარტავს. იზორიას თქმით, ის 22 წლიდან დასაქმებულია, აქვს მუდმივი შემოსავალი და ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მაღალ ანაზღაურებასაც იღებდა. გარდა ამისა მინისტრმა ერთ-ერთ მთავარ შემოსავლის წყაროდ ოჯახური ბიზნესი, კერძოდ კი კუთვნილი უძრავი ქონების, სახლების გაქირავება დაასახელა. თავდაცვის მინისტრი არასწორ ინფორმაციას უწოდებს, თითქოს მას კრედიტად 700 ათასი დოლარი ჰქონდა აღებული. 

"რაც შეეხება, ამ დანაზოგებით შედეგად შემდეგ სახლის აშენებას, ეს იყო დაგეგმილი მანამდე და თითქოს მანამდე არაფერ არ გამაჩნდა, ესეც ტყუილია. მქონდა თბილისში და ახლაც მაქვს პრესტიჟულ ადგილზე ბინა, რომელსაც გარკვეული პერიოდი ვაქირავებდი კიდევ. ასე რომ სწორედ ამ დანაზოგებით და ამ შემოსავლით, ავაშენე ის სახლი, რაც აჩვენეს, რომელიც გაქირავებულია და გაქირავების შემდეგ კიდევ ავიღე საკმაოდ სოლიდური კრედიტი და არა ისეთი, როგორიც რუსთავი 2-მა თქვა მტკიცებით ფორმაში, თურმე 700 ათასი დოლარი ამიღია კრედიტად. მაშინ, როდესაც ეს არის145 ათასი დოლარის კრედიტი. მტკიცებით ფორმაში ამტკიცებს ერთ-ერთი ჟურნალისტი. როგორი მოსასმენია თქვენ თვითონ განსაჯეთ. ყველაფერი დეკლარირებულია, ყველაფერი ნამდვილია ციფრებში. რაც შეეხება ჯიპების თემას. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ რაც მე თავდაცვის უწყებაში დავიწყე საქმიანობა, არც ერთი მანქანა, მით უფრო ჯიპი პირადი თუ სამსახურეობრივი თუ რამე სარგებლობისთვის, არ შეგვიძენია,“ - განაცხადა ლევან იზორიამ. 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ქართული ჯარის მიმართ დაწყებულია მიზანმიმართული დისკრედიტაცია. 

"მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიდის ძალიან ხშირად ქართული ჯარის, ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ ხდება მცდელობა იმისა, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ სამხედრო ძალები - ეს არის კამპანიური ხასიათი ქმედებები. ათასი კამპანიაა, ხან ხორცი არ აქვთ ჯარისკაცებს, მერე აღმოჩნდება რომ ტყუილია, მერე ამაზე აღარავინ რეაგირებს და ბოდიშზე საუბარი ზედმეტია კონკრეტული ტელეკომპანიების მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიჯზე ზრუნვა, პირდაპირ გეტყვით, რომ ამ მიმართულებით რაღაც გვაკლია,“ - ამბობს მდინარაძე. 

„ევროპული საქართველოს“  წევრმა ირმა ნადირაშვილმა კი  ლევან იზორიას ურჩია, ან მტკიცებულებები წარმოადგინოს, როცა სხვადასხვა ბრალდებებს ოპოზიციის მიმართ აჟღერებს, თორემ მტკიცებულებების გარეშე მასაც შეუძლია თქვას, რომ იზორია და მისი ოჯახის წევრები სიგარეტის კონტრაბანდაში არიან ჩართული. ირმა ნადირაშვილმა ასევე ჰკითხა მინისტრს თუ, როგორ მოახერხა მან ქართული არმია შევარდნაძისა და საბჭოთა არმიისთვის დაემსგავსებინა.

„როგორ მოახერხეთ, რომ შევარდნაძისა და საბჭოთა არმიის ტრადიციები დააბრუნეთ ქართულ ჯარში. ვგულისხმობ კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ ფაქტს, რომელიც ასევე "რუსთავი 2"-მა გამოააშკარავა, თქვენ რომ არ მოგწონთ, მათ რომ არ გაეკეთებინათ ეს, ალბათ ისევე მიაჩუმათებდით, როგორც სხვა შემთხვევაში ახერხებდით,“ - ამბობს ირმა ნადირაშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×