ზაფხულში, როგორც მიჩვეულები ვიყავით, ეროვნული ვალუტა სტაბილური აღარ იქნება
თამარ მუკბანიანი
05.04.2019

 პირველი კვარტალის დასრულების შემდეგ ლარი ბიუჯეტით განსაზღვრულ საპროგნოზო მაჩვენებელს მიუახლოვდა. გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 2.69-ს მიაღწია. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეროვნულ ვალუტას რამდენიმე მნიშვნელოვანი რყევა ელის და შედეგად კურსი 2.75 ფარგლებში იქნება, მთელი წლის განმავლობაში კი 2.65 მეტად ვერ გამყარდება.

ბოლო მდგომარეობით, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2.69-ზეა. ბოლო წლების გამოცდილება ადასტურებს, რომ მარტის შუა რიცხვებამდე სავალუტო რყევა მუდმივად ხდებოდა, რაც გაუფასურებაში გამოიხატებოდა. 2019 წლის გაზაფხულის პირველმა თვემ კი მეტ-ნაკლები სტაბილურობით ჩაიარა. ასევე, ტრადიციულად, ლარი გაზაფხულიდან გამყარებას იწყებს და საუკეთესო ნიშნულს ზაფხულში აღწევს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს პრაქტიკა წელს შეიცვლება საგარეო ფაქტორების გამო და ლარს რთული მაისი ელის.

საყურადღებოა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი 2,50-ის ნიშნულზე იყო დაგეგმილი. შესაბამისად, კურსი 2,40-სა და 2.60-ს შორის მერყეობდა. აქედან გამომდინარე, წელს ლარი დოლარის მიმართ 2,60-დან 2,80-ის დიაპაზონში იტრიალებს, რადგან 2019 წლის ბიუჯეტი 2,70-ის ნიშნულზეა დაგეგმილი.

"ფინექს 1970"-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ზაფხულში, როგორც მიჩვეულები ვიყავით, ლარი სტაბილური აღარ იქნება.

"ლარს კრიზისული პერიოდი კიდევ ელის. გააჩნია, რა მოხდება 15 აპრილის შემდგომ პერიოდში, რადგან საერთაშორისო ბაზრებზე სერიოზული ძვრებია. ჩინეთმა უკვე დაიწყო ნავთობით ეროვნულ ვალუტაში ვაჭრობა, რასაც მხარი აუბა რამდენიმე ქვეყანამ. რუსეთში, ისტორიულად, ყველაზე მეტი სახელმწიფო ობლიგაციები გამოვიდა, საიდანაც აბსოლუტურად ყველა გაიყიდა. ამიტომ წინ სერიოზული ძვრებია.

ვფიქრობთ, ლარს კიდევ ბევრი კრიზისული პერიოდი აქვს წინ გამომდინარე იქედან, რომ ინფრასტრუქტურული ტენდერები 24 აპრილიდან დაიხურება და ბაზარზე უკვე გამოვა ლარის მასა ამ პროექტების განსახორციელებლად. ამიტომ ზაფხულში, როგორც მიჩვეულები ვიყავით ლარის სტაბილურობას, ასე აღარ იქნება. იქნება რყევა, მაგრამ დიდი არა.

მაისიდან ლარი გადავა უკვე 2.70-2.75-იან ნიშნულში. ამ წელს ლარის ქვედა ზღვარი 2.65 იქნება. ჩვენი ანალიზით, გამყარება მოსალოდნელი არც არის. ფულადი მასა იზრდება, ეროვნულ ბანკს რეზერვები შესავსები აქვს, აქედან გამომდინარე, დოლარზე მოთხოვნა შენარჩუნდება.

საგარეო ფაქტორიდან გამომდინარე კი, როგორ დაიჭერს დოლარი თავს, საბოლოოდ მაისის შემდგომ გამოჩნდება. რუსეთი უკვე ყიდულობს ოქროს და ნავთობზე ვაჭრობა დაიწყო რუბლებში. ასე რომ, დოლარზე მოთხოვნა გამოთავისუფლდა," - ამბობს "რეზონანსთან" შენგელია.

ანალიტიკოსი ნავთობის ფასზეც აკეთებს გათვლას. მისი აზრით, ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გზების ცვალებადობის შედეგად ფასი კიდევ მოიმატებს.

"ამერიკა პირდაპირ ყიდის ახლა თავის ნავთობს ჩინეთზე. პეკინი ოპეკის წევრებისგან აღარ ყიდულობს. ნავთობის ბაზარზე ახალი დიდი გადანაწილება მოხდა და შავი ოქროს ფასი, სავარაუდოდ, 72-დოლარიან ნიშნულს მიაღწევს, თუმცა ხანგრძლივად ვერ შენარჩუნდება. ჯერჯერობით არ იკვეთება, რომ ნედლი ნავთობი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება და 80 დოლარს გადასცდება. ფასის ვარდნისაგან განსხვავებით, ფასის მატება საერთაშორისო ბაზარზე სწრაფადვე აისახება ხოლმე საქართველოზეც," - აცხადებს შენგელია.

ლარის კურსის გაუფასურება საქართველოს უარყოფითი საგადასახდელო ბალანსისა და დაბალი კონკურენტუნარიანობის ფონზე ლოგიკურია. საბანკო სფეროს სპეციალისტი მიხეილ თოქმაზიშვილი ეროვნული ვალუტის ცვლილებას კანონზომიერ პროცესს უწოდებს.

"რამე გამოკვეთილი ტენდენცია ამ ეტაპზე არ შეიძლება არსებობდეს. საქმე ისაა, რომ გამომდინარე იმ უარყოფითი საგადასახდელო ბალანსიდან, რომელიც საქართველოს აქვს, ლარის კურსის გაუფასურება კანონზომიერი პროცესია. მიმდინარე და წინა წლების ტენდენცია გაგრძელდება, თუ რაიმე სტრატეგიული და ძირეული ცვლილება არ მოხდა. ლარი კვალვ მიიღებს დიდ დარტყმებს, რაც გამოწვეული იქნება ქვეყნის დაბალი კონკურენტუნარიანობითა და მაღალი იმპორტით," - აღნიშნა "რეზონანსთან" თოქმაზიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×