"ნებისმიერი ფერმერისთვის მსგავს პროექტში მონაწილეობას დიდი შედეგის მოტანა შეუძლია"
მარი გოცირიძე
05.04.2019

 მთავრობა ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაში ეხმარება. ამისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. პროგრამის მიზანი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსების გზით ხელმისაწვდომობის გაზრდაა. პროგრამას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.

ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის შესყიდვის ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მსურველთა რაოდენობა უპრეცედენტოდ მაღალია. ერთ ბენეფიციარზე სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150 000 ლარს შეადგენს.

ფერმერები, რომლებსაც პროგრამაში მონაწილეობის სურვილი აქვთ, უნდა დარეგისტრირდნენ ფერმერთა რეესტრში. პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარი გამოიყო.

პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, როგორც ფიზიკური პირი, ისე ინდივიდუალური მეწარმე, ან კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირი (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს ან აქციებს.

შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ექსპლუატაციაში არმყოფი და წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლით ადრე.

პროგრამა საპილოტეა. მასში მონაწილეობის მისაღებად განცხადებების მიღება დაიწყო 28 მარტს და 5 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადების მიღების მეორე ეტაპი კი უახლოეს მომავალში დაიწყება. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ მიღებული განაცხადების განხილვა უკვე დაწყებულია.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საგრანტო პროექტის მენეჯერ თორნიკე კაპანაძის ინფორმაციით, ფერმერებისა და მეწარმეების მხრიდან პროგრამაში ჩართვის უპრეცედენტოდ დიდი ინტერესია.

"პროექტის ფარგლებში ბენეფიციარების შერჩევის საკმაოდ შერბილებული კრიტერიუმები შევიმუშავეთ, ამიტომ არის უპრეცედენტოდ მაღალი აქტიურობა. პირს, რომელიც დაკავებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით, რეგისტრირებულია ფერმერთა რეესტრში და აქვს თანამონაწილეობის თანხა, შეუძლია პროექტში მონაწილეობა მიიღოს. ვფიქრობთ, ტექნიკაზე წვდომის უზრუნველსაყოფად საჭიროა მთელი რიგი მიმართულებები, მათ შორის, საგრანტო და თანადაფინანსება. ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ახალი პროგრამის ფარგლებში 50%-იანი გრანტით თანადაფინანსება ექნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას. მაქსიმალური ლიმიტი ამ შემთხვევაში განსაზღვრულია 150 ათასი ლარით. ეს თანხა იქნება გრანტი, რომელსაც ბენეფიციარი ფერმერი მიიღებს.

28 მარტიდან დავიწყეთ განაცხადების მიღება და უკვე შემოსულია 400-ზე მეტი აპლიკაცია, ყოველდღიურად მატულობს მსურველთა რაოდენობა. რაც შეეხება გრანტის მოცულობას, იქიდან გამომდინარე, რომ საშუალო გრანტის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, მინიმალური გრანტის მოცულობა ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული, შესაბამისად, არ ვიცით საშუალო გრანტის სიდიდეც.

ცხადია, ნებისმიერ ასეთ დახმარებას სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს არის ბიძგი განვითარებისთვის, მომავალი წარმატებისა და კეთილდღეობისთვის, რაც მხოლოდ შრომით არ მოდის. მიმაჩნია, რომ ფერმერების მხარდაჭერა ქართული სოფლისა და, ზოგადად, აგრარული სექტორის განვითარებისთვის ძალიან დიდი საქმეა," - განუცხადა "რეზონანსს" თორნიკე კაპანაძემ.

 როგორც პროექტის მენეჯერი აღნიშნავს, სოფლის მეურნეობის პროდუქციის საწარმოებლად და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად ერთ-ერთი მთავარი პირობა მექანიზაციის გაზრდაა. "სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა დღესდღეობით ფერმერებს ნაკლებად აქვთ, ამიტომ შეიქმნა ეს პროექტიც, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი თანამედროვე ტექნიკა შემოვიდეს. ამიტომ ვცდილობთ, რომ ამ მიმართულებით მაქსიმალურად გავაძლიეროთ მექანიზაციის ბაზა. ფერმერს დამატებით არაფერი მოეთხოვება, გარდა იმისა, რომ იყოს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული და რეგისტრირებული პროექტების მართვის სააგენტოს მიერ წარმოებულ ფერმერთა რეესტრში.

აყველაფერი ეს ხელს შეუწყობს მექანიზაციის როლის გაძლიერებას საქართველოში, რათა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის უფრო ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობა გაუჩნდეთ ფერმერებს. პროგრამის დაფარვის არეალია მთელი საქართველო და ყველა რეგიონი თანაბარ პირობებშია, როგორც უკვე აღვნიშნე, აქტიურობა ყველგან მაღალ დონეზეა," - განუცხადა "რეზონანსს" თორნიკე კაპანაძემ.

ბენეფიციარებს აქვთ ჯანსაღი ამბიცია, რომ გააფართოონ წარმოება და უფრო ხარისხიანი მოსავალი მიიღონ. სამწუხაროდ, ხარჯის სიდიდის გამო სოფლად მცხოვრებთა გარკვეული ნაწილი საერთოდ უარს ამბობს მიწის დამუშავებაზე. ისინი ფიქრობენ, რომ ახალი ტექნიკის საშუალებით წარმოებას გააფართოვებენ და საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე ადამიანის დასაქმებასაც შეძლებენ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მკვიდრი დიტო ბანკარაშვილი პროექტის ბენეფიციარია. ფერმერი ამბობს, რომ ისედაც საკმაოდ ხელმისაწვდომია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მექანიზაციის სერვისცენტრის მომსახურება. თუმცა ოჯახების დიდი ნაწილის შემოსავალი ვერც ამ ფასებს წვდება. შესაბამისად, როგორც კახელი გლეხი ამბობს, თანადაფინანსების პირობებში საგრძნობლად გამარტივდება ტექნიკაზე წვდომა და მათ საქმიანობასაც ბევრად მეტი ეფექტი ექნება.

"დღეს მიწას მიჯაჭვული გლეხებისთვის ტექნიკის შეძენა მარტივი საქმე არ არის. ოჯახის დანაზოგით ამას ბევრი ვერ გასწვდება, ამიტომ ხალხი იძულებულია, ჩადგეს რიგში და იქირაოს ტექნიკა ან ჰქონდეს საკუთარი, რისი შეძენის საშუალებაც ფერმერს დამოუკიდებლად ვერ ექნება. ზუსტად საჭირო დროს გამოჩნდა ეს პროექტიც და პირველსავე ეტაპზე ჩავერთე. საკმაოდ კარგი პროექტია. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ დიდი ხნის სურვილი ამიხდა.

სიღნაღის რაიონში ძროხების ფერმა მაქვს და ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. ტექნიკის გარეშე ეს წარმოუდგენელია. ახალი ტრაქტორი კი დაგვეხმარება ყველანაირი სამუშაოს შესრულებაში, რაც დაკავშირებულია სოფლის მეურნეობასთან, მიწასთან და პროდუქტების გადატანასთან. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, პროექტის მიმართ საკმაოდ დადებითად ვარ განწყობილი და ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფო მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი პროექტების განხორციელებას. დღეს, როცა ქვეყანას ჯერ კიდევ უჭირს, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, რომ ფერმერისთვის დღეს სერიოზული პრობლემაა საჭირო ტექნიკის ფლობა, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ პროდუქტიც უფრო ხარისხიანი დამზადდეს. საბოლოოდ კი მოსავლის ეფექტიანობაზეც აისახება," - ამბობს ფერმერი.

აყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ზაურ გოგინაშვილი გასული წლების გამოცდილებას იხსენებს და ამბობს, რომ აქამდე ტრაქტორით სარგებლობისთვის რიგში დგომა უწევდა, რის გამოც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ხშირად დროში ჭიანურდებოდა.

ფერმერს იმედი აქვს, რომ ახალი ტექნიკა შრომას უფრო მეტად გაუადვილებს და ვენახის მოვლას უფრო კომფორტულ, მშვიდ გარემოში შეძლებს.

"საკუთარი ტრაქტორი არასდროს მყოლია. დიდი ძალისხმევა მიწევდა, რომ ნაქირავებ ტექნიკას ჩემამდე დროულად მოეღწია. საკითხავია ისიც, რა აზრი აქვს შრომას, თუკი ყველაფერში ფულს გადაიხდი და შეიძლება დანახარჯიც ვერ აინაზღაურო?! ხარჯთან ერთად, მიწის დამუშავება დროშიც იწელებოდა, რადგან არასაკმარისი ტექნიკის გამო კვირაობით რიგში ვიდექი და ამ დროს შეიძლება მოსავალს პრობლემა შექმნოდა. მოხვნას, თესვას, მერე იმ ნათესების მოვლას იმდენი თანხა სჭირდება, იმის საფასურის მოსავალი შეიძლება ვერც მიიღო. ახლა სახელმწიფო დაგვეხმარა და ტრაქტორი ვიყიდეთ.

მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი საქმე გამიკეთეს, ნებისმიერი ფერმერისთვის მსგავს პროექტში მონაწილეობას დიდი შედეგის მოტანა შეუძლია, რადგან მეტი სტიმულია, მეტი საქმე და ახალი იდეა, რაც შეგიძლია, ახალი ტექნიკის საშუალებით წამოიწყო. ცხადია, რომ მეტი ეკონომიის გაწევას მოვახერხებ და საქმე თუ კარგად წამივა, რამდენიმე ადგილობრივსაც დავასაქმებ. ეს არ არის მარტივი საქმე, არის იდეები, რომლის ხორცშესხმა სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია. პროექტი ამ მხრივ დიდ შესაძლებლობას გვაძლევს. გლეხიც უფრო მოტივირებულია, რომ ახალი საქმე წამოიწყოს, გააშენოს ბაღები, მეცხოველეობის ფერმა გააფართოოს და გააკეთოს ყველაფერი, რის საშუალებასაც სოფელი მისცემს. ხალხს საამისოდ უკვე მეტი სტიმული აქვს," - ამბობს "რეზონანსთან" სიღნაღელი ფერმერი.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა განხორციელდება "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×