ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც დიდი ოდენობით ნარკოტიკების გადატანა-გავრცელებისთვის პირი სასჯელის უმკაცრესი ზომით, სიკვდილით დაისჯება, ან სამუდამო პატიმრობა მიესჯება.
კანონი ძალაში 2020 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი 2007 წელს გამოცხადდა, რომელიც დღემდე ძალაშია.
ცვლილება შედის სს კოდექსის 224-ე მუხლის მესამე ნაწილში. დღევანდელი რეგულაციით, კოდექსი ნარკოტიკების გასაღებისთვის სასჯელის ზომად 15-დან 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, გათავისუფლებიდან 3 წლის განმავლობაში თანამდებობის დაკავების უფლების აკრძალვით.
ახალი ცვლილების თანახმად, იკრძალება ასევე ნარკოტიკების გასაღებისთვის დაკავებული პირის ვადამდე გათავისუფლება საპატიმროდან.
კანონპროექტის მიხედვით, სს პასუხისმგებლობას ექვემდებარებიან ის პირებიც, რომლებიც ნარკოტიკული თრობის დროს მართავენ სატრანსპორტო საშუალებას. ამ დანაშაულისთვის სასჯელი ითვალისწინებს 600 000 მანეთის ოდენობით ჯარიმას და ერთი წლით თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვას.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი „დეპუტატი" დიმიტრი დბარია, რომელიც თვლის, რომ კანონის გამკაცრება შეაჩერებს აფხაზეთში ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების პროცესს.
„თავისუფლების აღკვეთასთან, გარკვეული თანამდებობების დაკავების უფლებასთან ან ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, შემოღებული იქნება სასჯელის უმაღლესი ზომა - სამუდამო პატიმრობა და სასჯელის განსაკუთრებული ზომა - სიკვდილით დასჯა", - განაცხადა აგრბამ.
ნარკოტიკების გავრცელებისთვის სასჯელის უმაღლესი ზომის ეფექტურობის მაგალითებად აგრბას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების გამოცდილება მოაქვს. იგი ამბობს, რომ ამ ქვეყნებში პრაქტიკულად აღარ არსებობს ნარკოტიკების არალეგალური მიმოქცევის პრობლემა.
უკვე წლებია, აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობას ნარკომანია „ეროვნული უშიშროების საფრთხედ" აქვს გამოცხადებული. დე ფაქტო რესპუბლიკის ნარკოლოგიური ცენტრის სტატისტიკით, ნარკომომხმარებელთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, ყოველწლიურად 200 ადამიანით, მათი უმეტესობა ახალგაზრდები არიან და მათ შორის არასრულწლოვანებიც, რაც ყველაზე მეტად შემაშფოთებელია.
აფხაზი ნარკოლოგის ირმა ანუას თქმით, ასეთი მძიმე სურათის მიზეზი, სხვადასხვა ფაქტორთან ერთად, კრიმინალური ცხოვრების წესის რომანტიზებაა.
აფხაზეთში ნარკოტიკული ნივთიერებების შოვნა მარტივია და თან, იაფიც, ეს სფერო საერთოდ უკონტროლოა, ამიტომაც უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდისთვის ხდება ნარკოტიკი მარტივად ხელმისაწვდომი.
„ექსპერტთა კლუბის" წევრი ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, აფხაზეთში ნარკომანია მართლაც სერიოზული პრობლემაა, რადგან ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი ნარკომომხმარებელია, თუმცა თვლის, რომ ეს კანონი ვერ იმუშავებს, რადგან აფხაზს სიკვდილით დასჯა რომ მიუსაჯონ, აფხაზეთში ამას დიდი ამბავი მოჰყვება, ხოლო რუსებისთვის სიკვდილით დასჯას თავად რუსეთი არ დაუშვებს.
„საერთაშორისო დასკვნებშიც ოკუპირებული აფხაზეთი რჩება ნარკოტიკებისთვის უკონტროლო ზონად. აფხაზეთში ნარკომანიის მასშტაბი საგანგაშოა. ნარკორეალიზაციის კონტროლი არ არსებობს, ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან შეშფოთებულები, მაგრამ არ მგონია, რომ ვინმეს მიმართ ეს კანონი გამოიყენონ. პირველ რიგში, ნარკოტიკების დიდ რაოდენობის შემოტანაზე ძირთადად იჭერენ რუსებს და ასე ადვილი არ არის რუსეთის მოქალაქეს დახვრეტა მიუსაჯო. არ მგონია, რომ რუსეთის სახელმწიფო ამას დათმობს და მეორე, მოხმარებაზე და გასაღებაზე რუსების შემდეგ იჭერენ აფხაზებს და ცალსახაა ის, რომ აფხაზები აფხაზებს არ დახვრეტენ. უფრო მეტიც, აფხაზეთში კრიმინალ აფხაზებს ციხეშიც კი არ სვამენ საჭირო პერიოდით. აფხაზეთში ერთგვარი დაუწერელი წესია, რომ აფხაზი დიდი ხნით ციხეში არ უნდა ჩასვას და ვინმეს სამუდამო ან უფრო მეტიც, სიკვდილით დასჯა რომ მიუსაჯონ მთელი ნათესაობა წამოუდგება ფეხზე. აფხაზების მიმართ კანონის აღსრულება ძალიან რთული. ამიტომ, ვთვლი, რომ ეს კანონი არ იმუშავებს, ეს უფრო შესაშინებელი მომენტია," - ამბობს ცქიტიშვილი.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონის გამო საერთაშორისო არენაზე განგაში უნდა ატეხოს.
„ზოგადად, მთელი მსოფლიო მიდის სიკვდილით დასჯის გაუქმებისკენ. აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა, მიუხედავად იმისა, რომ იქ ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება, სიკვდილით დასჯის შემოღება უნდა გავაპროტესტოთ. უნდა ვაცნობოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ხდება და ყველანაირი ზეწოლა უნდა მოხდეს, რომ ეს გაუქმდეს," - დასძენს ცქიტიშვილი.